Home დასვენება

ალბათ, გიოცნებია იმაზე, რომ ერთ დღეს ჩანთას ჩაალაგებ და სამოგზაუროდ აბსოლუტურად უცხო, გადაკარგულ ადგილას წახვალ. მოსწყდები ყველა საზრუნავს და თავით გადაეშვები თავგადასავლებში.

მოგზაურობისთვის რამდენიმე აუცილებელი პუნქტია დასაგეგმი და გასათვალისწინებელი.

თუ შენ ფიქრობ გრძელვადიან (2 კვირაზე მეტი ვადით) მოგზაურობაზე, მაშინ აუცილებლად წაიკითხე ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები.

ვიზა

პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაარკვიო გჭირდება თუ არა ვიზა იმ ქვეყნისთვის (ქვეყნებისთვის), რომელიც გინდა მოინახულო.

ამ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია მიმართო კონკრეტული ქვეყნის საელჩოს ან/და საკონსულოს საქართველოს ტერიტორიაზე, ან უბრალოდ გუგლის საშუალებით ნახო ჩამონათვალი თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ბედნიერება უვიზოდ ესტუმრონ შენ მიერ არჩეულ ქვეყანას.

VISA

კვლევა

შემდეგი ეტაპია კვლევა. აუცილებლად დაუთმე რამდენიმე დღე იმ ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, რომელიც გინდა მოინახულო. შეამოწმე, არის თუ არა კარგი პერიოდი ქვეყნის მოსანახულებლად მაშინ, როდესაც შენ ჩახვალ იქ (ზოგიერთ ქვეყანაში ამინდის მკვეთრი ცვალებადობის გამო ტურისტული სეზონები წელიწადში სულ ორ-ოთხ თვეს გულისხმობს). გაარკვიე ვალუტის კურსი, შეამოწმე კრიმინალური სტატისტიკა ფორუმებზე, აუცილებლად მოძებნე “must-visit” ადგილები ქვეყნის მასშტაბით.

არ დაგავიწყდეს ყველა რჩევა დაიმახსოვრო, რომელსაც სხვა მოგზაურები წერენ ინტერნეტ ფორუმებსა და საკუთარ ბლოგებზე, ძალიან გამოგადგება მოგზურობისას.

ბიუჯეტი

მას შემდეგ რაც სანახავ ადგილებს ჩამოწერ, აუცილებლად დაალაგე მოგზაურობის ბიუჯეტი.

არ დაგავიწყდეს, რომ ცხოვრების, ჭამის და ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა მოგინდეს სუვენირების ყიდვა, ასევე ადგილობრივი ღირშესანიშნაობების ნახვაც ზოგან ფასიანია.

ამასთანავე, ამ ბიუჯეტის გარდა დათვალე რა დაგიჯდება ფრენა იქით და უკან, ამას დაამატე გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც აუცილებლად აღმოგაჩნდება.

ბიუჯეტი პ.ს

გირჩევ რომ შენი ბიუჯეტის ნახევარი Cash-ის სახით თან იქონიო თან და მხოლოდ ნახევარი წაიღო ბარათზე. საქართველოს საბანკო სისტემა არც ისე კარგად მუშაობს და ამასთანავე ფულის განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალია!

სპეციალური აქსესუარები

გრძელვადიანი მოგზაურობისას აუცილებელია, ძვირფასი (ღირებული) ნივთები სულ თან გქონდეს მათი დაკარგვის ან/და მოპარვის თავიდან აცილების მიზნით.

გირჩევ, აუცილებლად შეიძინო წელის ჩანთა, ან მკერდზე მჭიდროდ მისამაგრებელი მოგზაურის ჩანთა, რომელიც დაიცავს შენს ფულს, ბარათებსა და დოკუმენტებს მოპარვისაგან.

თუ თან გექნება ფოტოაპარატი და სხვა ძვირფასი ტექნიკა, მაშინ გირჩევ მცირე (10ლიტრიანი) სპორტული ზურგჩანთის შეძენას. ასეთი ზურგჩანთა კომფორტულიცაა და ყველგან შეძლებ მის ტარებას.

ძირითადი ბარგი

გამოცდილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩემოდნიანი მოგზურები უფრო მეტ სირთულესა და დისკომფორტს აწყდებიან, ვიდრე ლაშქრობის ზურგჩანთით მოგზაურები.

მართალია, ზურგჩანთაში საღამოს კაბას და ქუსლებიან ფეხსაცმელს შეულახავად ვერ ჩადებ, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ გრძელვადიან მოგზაურობაში პრიორიტეტები სულ სხვაა.

ძირითადი ბარგის შერჩევა უნდა მოახდინო სეზონის (ამინდის) და მოსანახულებელი ადგილების შესაბამისად.

არ უნდა დაგავიწყდეს ერთი წყვილი თბილი ტანსაცმელი!

ერთი დახურული ფეხსაცმელი, ერთი სანდალის ტიპის ფეხსაცმელი და შლოპანცი.

ამასთანავე გაითვალისწინე, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ღირშესანიშნაობების სანახავად მოტიტვლებული სხეულით არ უშვებენ, შესაბამისად ან დიდი თავშალი უნდა იქონიო თან, ან სეზონის შესაბამისი კომფორტული ტანსაცმელი, რომლითაც ძირითად მარშრუტებს დაფარავ.

მოგზაური

აფთიაქი

მიუხედავად იმისა, თუ რომელ კონტინენტზე მიდიხარ და რა ქვეყანა გაქვს სანახავი, აუცილებელია მცირე აფთიაქის „შექმნა“.

არ დაგავიწყდეს: ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალება, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი, სადეზინფექციო საშუალება და ლეიკოპლასტირი. ამასთანავე გირჩევ ალერგიის წამალიც წაიღო თან, მიუხედევად იმისა ხარ თუ არა ალერგიული, ახალ ადგილებში ახლებული ალერგენები შეიძლება შეგხვდეს, რაც შენს ორგანიზმს შესაძლოა სულ არ ეპიტნავოს.

პირადი ჰიგიენა

ნუ დაგავიწყდება, რომ პირადი ჰიგიენა მოგზაურობის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია. სადაც უნდა მიდიოდე, იქნება ეს განვითარებული ქვეყანა თუ მესამე მსოფლიოს ქვეყანა, აუცილებლად დაგჭირდება პირადი ჰიგიენის მინიმალური ნაკრები: შამპუნი, თხევადი საპონი, პირის ღრუს მოვლის საშუალებები, დეოდორანტი და სველი ხელსახოცი.

გირჩევ ამ ჩამონათვალთან ერთად ხელის სწრაფი მადეზინფიცირებელი ჟელეც წაიღო, ძალიან სასარგებლო და კარგი რამეა მოგზაურობისას, როდესაც ხელის დაბანის შანსი ყველგან და ყოველთვის არ არსებობს.

პირადი ჰიგიენა პ.ს

უმჯობესი იქნება, თუ თავის მოვლის საშუალებებს პატარა შეფუთვებით წაიღებ და არა ლიტრიანი ბოთლებით. ეს დაგიზოგავს ადგილს და ბარგის ზომასაც შეგიმცირებს.

სპეც ეკიპირება

თუ მოგზაურობის დროს კემპინგი გაქვს გეგმაში, მაშინ წინასწარ უნდა მოიკვლიო ინფორმაცია ამის შესახებაც. რამდენად არის შესაძლებელი აღჭურვილობის დაქირავება ადგილზე, რა ფასები აქვს ამ ყველაფერს და თუ მოცემული პირობები არ გაწყობს, მაშინ წასვლამდე იზრუნო შენს აღჭურვილობაზე.

აცრები

არსებობს ქვეყნები, სადაც მოგზაურებს აუცილებლად სთხოვენ კონკრეტული აცრების გაკეთებას.

ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო გუგლში, ხოლო შემდეგ ეწვიო იმუნიზაციის ცენტრს თბილისში და იქ გაიკეთო ყველა საჭირო აცრა.

არსებობს აცრების სტანდარტული „პაკეტი“, რომლის გარეშე მოგზაურობაც ზოგიერთ კონტინენტზე დაუშვებელია!

ამ პუნქტების შესრულების შემდეგ შენ მხოლოდ ერთი რამ გრჩება – აიღო ბილეთი, მოიკიდო ზურგჩანთა და საკუთარ თავს ბედნიერი, თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა უსურვო.

წინ თავგადასავლებისკენ, ეს ხომ ასეთი ადვილია!

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge

შენ რას იტყვი?