რამდენიმე კვირის წინ, ზღვაზე წასასვლელად ვემზადებოდი და, რა თქმა უნდა, თბილისი მოლსაც ვესტუმრე, რომლის საინფორმაციო ცენტრშიც ჩემი მეგობარი მუშაობს. იქვე ფერადი ზოლები შევნიშნე, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სამაჯურებია ბავშვებისთვის, სადაც ბავშვის სახელი, გვარი და მშობლის ტელეფონის ნომერი შეგიძლია დაწერო და პატარას დააბნიო ხელზე. თუ მოლის თანამშრომელი ეულად მდგომ დაბნეულ არასრულწლოვანს აღმოაჩენს, საინფორმაციო ცენტრში მიიყვანს, საიდანაც მოხდება მშობელთან დაკავშირება და პრობლემის მოგვარება.

იდეა ძალიან მომწონს და ვისურვებდი, რომ ბევრგან დაენერგათ მსგავსი წესი, მაგრამ არის ადგილები, სადაც მსგავსი კონტროლის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მაგალითად – თბილისის ბაზრობა, რომელსაც, ალბათ, არასდროს არაფერი ეშველება…

Lost And Found

“- ქალები ისეთი უყურადღებონი ხართ, რომ სულ კარგავთ ბავშვებს…” – იყო რეპლიკა ჩემი მეგობრის მხრიდან; რასაც, ჩემი კომენტარი მოჰყვა, რომ სტატისტიკურად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ხშირად დადიან საყიდლებზე და აგრეთვე, დედებს უფრო ხშირად მიჰყავთ ბავშვები, ვიდრე მამებს. ამიტომაც, უფრო თვალშისაცემია ის ფაქტები, როცა ქალები ეძებენ შვილებს. ერთი სიტყვით, გავუბათილე ჰიპოთეზა.

ფაქტი ფაქტად რჩება და შოპინგის დროს ისე ვერთობით ყველა, რომ ჩვენი ნაშიერების შესახებ იშვიათად გვახსენდება. მეც ხშირად დავვიწყებივარ დედაჩემს. მაშინ ასე გავრცელებული არ იყო მობილური ტელეფონები. ახლა დარეკავ და ეგაა. თუ ანგარიშზე არ გაქვს, მაგრამ შეგიძლია ინტერნეტით სარგებლობა, მაშინ არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემს GPS – ის საშუალებით მოძებნო, სად არის შენი შვილი.

ანდროიდისთვის

მაგალითად, სპეციალურად დედებისათვის შექმნილი – დედა დათვი – Mama Bear. ოღონდ, იმისთვის, რომ ეს აპი გამოგადგეს, აუცილებელია ორივეს გქონდეთ სმარტფონზე იგივე პროგრამა დაყენებული. დედა დათვი შერწყმულია სოციალურ მედიასთან და უფრო მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე GPS-ით შვილის ადგილმდებარეობის განსაზღვრაა; ასე მაგალითად – შეგიძლია აკრძალულ ფრაზებში მიუთითო ის სიტყვები, რომლებიც არ გსურს შენმა შვილმა გამოიყენოს. როდესაც რომელიმე მათგანი მოხვდება არასრულწლოვანის სოციალური მედიის გვერდებზე ნებისმიერი სახით, მოგდის შეტყობინება. მაგრამ, იცოდე, რომ ბავშვიც ხედავს ამ პროგრამას და ერთხელაც, მობეზრდება შენი ზედამხედველობა და მარტივად, GPS-ს გამორთავს, ან, უბრალოდ, აპლიკაციას წაშლის და მონიტორინგიც იქვე დასულდება.

მაგრამ, რა უნდა ჰქნა, როცა შვილი პატარაა ან მას არ აქვს ტელეფონი?

Lost Sheep

IOS-ისთვის

ალბათ, არ გაგიკვირდბა, თუ გეტყვი, რომ არსებობს აპლიკაცია აიფონისათვის – დაკარგული ბავშვები – Lost Kidz , რომელიც, იმედია, მალე ანდროიდებისათვისაც გახდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული პროგრამა იძლევა საშუალებას, სხვა მშობლებს, რომელთაც იგივე აპლიკაცია აქვთ  დაყენებული და ახლო-მახლოს იმყოფებიან, გაეგზავნოთ შესაბამისი ინფორმაცია დაკარგული ბავშვის სურათთან ერთად. რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ საშუალებას, მით უფრო მარტივად მოიძებნება პატარა.

კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებ შენს გამოცდილებას – დაგკარგვია თუ არა ბავშვი შოპინგისას, ან ხალხმრავალ ადგილებში და შემდგომ როგორ გიპოვია? ან მოგვიყევი – პატარაობისას თუ დაჰკარგვიხარ მშობლებს. :)