როგორ გავატაროთ ახალი წელი ისე, რომ არ დაგვავიწყდეს არასდროს? მე, პირადად, ბევრი ცხოვრებისეული ისტორია მაქვს მოსაყოლი ამასთან დაკავშირებით: მოსაწყენი საღამოთი დაწყებული საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნით დამთავრებული, მაგრამ თავს არ შეგაწყენ, ეს სხვა თემაა… დღეს არა.

არ მიყვარს ეს დღესასწაული, მაგრამ, რატომღაც მინდა, ეს ახალი წელი საუკეთესო იყოს. ეს რამდენიმე დღეა, ვფიქრობ, როგორ ვაქციო 31 დეკემბრის ღამე ჯადოსნურად. თუ ჩვენი ვარდისფერი ფიფქიასთვის ჯერ არაფერი გითხოვია, სასწრაფოდ სთხოვე და დაიწყე მზადება მის დასახვედრად. რა იცი, იქნებ ის ჩემთან კი არა, შენთან მოდის!

მე ფიფქიაც მოვიკითხე უკვე და მცირედი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდეც მივედი, რომ არსებობს რამდენიმე კარგი ვარიაცია იმისდა მიხედვით, თუ ვისთან ერთად ატარებ ამ დღესასწაულს. ყველაზე ხშირი მაინც ოჯახი, ბებია-ბაბუა, დედ-მამა, და ძმა და შინაური ცხოველია ერთი მაგიდის გარშემო, ოთახის კუთხეში ტრადიციული ფუნჩულა ნაძვის ხით. მაგრამ ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით! მე ეს სცენარი არ მაკმაყოფილებს! წელს არა.

მოდი, ამ წელიწადს სხვანაირად იყოს ყველაფერი!

თუ ორნი ხართ

გყავს მეორე ნახევარი? მაშინ შენთვის საუკეთესო ვარიანტი ორ კაცზე გაწყობილი, რომანტიკულად გაფორმებული ვახშამია სანთლების ფონზე. ასეთი კონსერვატიულობა (ან ბანალურობაც კი) არ გიზიდავს? მაშინ ლამაზი ქუჩა, სასმელის ბოთლი და 2 ბოკალიც სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის.

თუ უფრო ღრმად გინდა შეტოპო, ვარდის ფურცლებით გაფორმებულ საწოლზეც ნუ იტყვი უარს, ანდა, სულაც, ამ რამდენიმე ვარიანტის კომბინირებაც არ იქნებოდა ცუდი. კარგი სექსი ნამდვილად არასდროსაა ბანალური, თან ფეიერვერკსაც თუ დაამთხვევთ, განსაკუთრებით.

ოღონდ დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ღამის 12-ზე მეკვლე არ შემოგიღებთ კარს, სხვა მხრივ კი…

თუ მარტო ხარ

არ გაყვს მეორე ნახევარი? მაგიდის ქვეშ შეძრომა, სურვილების დაწვა და მერე ჭვარტლიანი შამპანურის სმა კარგა ხანია, არ ამართლებს. ჯობს, ამ ყველაფერს შეეშვა და მეგობრებთან ერთად დაგეგმო რამე კარგი ღონისძიება.

აი მე, მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი, სამეგობროს მცირე კოსტიუმირებულ კარნავალზე მივდივარ და არაფრის დიდებით არ ვამხელ, რას ვიცვამ. კარგი მუსიკა, საყვარელი ადამიანები, გართობა და ბევრი, ბევრი მხიარულება. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი (ცხადია, თუ კარგ სექსს არ ჩავთვლით)? ამ ვარიანტს, არც დიდი ფინანსები ესაჭიროება და არც დიდი შეძლება. მთავარია მონდომება და ბევრი ქაღალდი – ფიფქებისთვის (არ იცი, როგორ გამოჭრა ქაღალდის ფიფქი? ჰკლიკე).

ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა, ყველაზე კარგი ახალი წელი ბორდელში მაქვს გატარებულიო. ნუ, თუ მამრი ხარ, ესეც შეიძლება, რავიცი.

მოკლედ, ვარიანტების ძირითადი ფაბულები შენ წინაშეა. შეგიძლია, შეარჩიო, გადაასხვაფერო, მოამატო, მოაკლო და, რაც მთავარია, აუცილებლად გაგვიზიარო.

ახალ წლამდე კიდევ შემოგთავაზებთ რამდენმე უფრო კონკრეტულ პოსტს. მანამდე კი გახსოვდეს, ნამდვილ, ჭეშმარიტ pink-გოგონას ყველაფერი გამოუვა, თუ მოინდომებს.

ვისთან ერთად ატარებ ახალი წლის ღამეს?

  • ოჯახის წევრებთან ერთად (40%, 6 Votes)
  • მეორე ნახევართან (20%, 3 Votes)
  • მეგობრების წრეში (20%, 3 Votes)
  • ჯერ არ ვიცი (13%, 2 Votes)
  • ოჯახში ვხვდები და მერე მეგობრებთან მივდივარ (7%, 1 Votes)
  • მარტო (0%, 0 Votes)
  • სხვა (მოგვწერე კომენტარებში) (0%, 0 Votes)

გამოკითხვას უპასუხა: 15 მომხმარებელმა

Loading ... Loading ...