საქართველო იმდენად ლამაზი ქვეყანაა რომ დასანანია ის არ შემოიარო და არ ნახო.

მოგზაურობა, დამეთანხმებით ალბათ, ერთი ორად სასიამოვნოა როდესაც გვერდით ძვირფასი ადამიანი გახლავს.

Pink.ge-ზე ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე საინტერესო სტატიებს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაატაროთ სასიამოვნო დრო თქვენს პარტნიორთან ერთად, ბუნების რომელი საოცრებები მოინახულოთ და რა შეიძლება დაგჭირდეთ ამისათვის.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმერეთში არსებულ მიწისქვეშა საოცრებებზე და იურიული პერიოდის გადმონაშთებზე – დიახ, არ შემცდარხართ, დღევანდელი თემაა სათაფლია  და პრომეთეს მღვიმე.

ტურისტული ცენტრი ყუმისთავი

სათაფლიის მღვიმეების კომპლექსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ზღვის დონიდან  360 მეტრზე მდებაროებს. ამ ადგილის დათვალიერებისას თქვენ უმალვე შეიგრძნობთ პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების სტილსა და წარსულში განვითარებული მოვლენებს სიმძაფრეს.

სათაფლიაში ასევე შეძლებთ დაათვალიეროთ დინოზავრების ნაკვალევი, რომელიც ათეულობით მილიონ წელს ითვლის. თქვენ და თქვენს პარტნიორს სეირნობისას გექნებათ საუკეთესო სიტუაცია იმისათვის, რომ ისაუბროთ მომავალზე, რადგან წარსულის შეგრძნება ძალიან ძლიერია ამ ადგილას.

სათაფლია ქუთაისიდან 6 კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ ღამის გასათევად თქვენ შეგიძლიათ ქუთაისში მდებარე სასტუმროები ან სულაც წყალტუბოს ბალნეოლოგუირი კურორტი აირჩიოთ (თუმცა თუ კემპინგს ანიჭებთ უპირატესობას, ამის შესაძლებლობაც არის მიმდებარედ).

სათაფლია

სათაფლიის ტერიტორიაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგცემთ მთელი დღე გაატაროთ ბუნების წიაღში- ისეირნოთ ულამაზეს ადგილებში , დაისვენოთ და წაიხემსოთ კიდეც იქვე არსებულ კაფეტერიაში .

სათაფლიის მონახულების შემდგომ გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ აწ უკვე განახლებულ და თანამედროვე სტილში გაკეთებულ პრომეთეს მღვიმეს.

ეს მღვიმე თბილისდან 240 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ ყუმისთავში გახლავთ, ქუთაისიდან კი მხოლოდ 20 კილომეტრითაა მოშორებული (შესაბამისად ისევ არის შესაძლებლობა ღამე კომფორტულ გარემოში გაათიოთ).

პრომეთეს მღვიმე

მინდა გითხრათ რომ ეს ადგილი საკმაოდ რომანტიული და ფრიად საინტერესოა.

მღვიმე სულ 1300 მეტრი სიგრძის ბილიკით გახლავთ აღჭურვილი, თუმცა მერწმუნეთ მისი გავლისას ვერც დაღლასა თუ მოწყენას იგრძნობთ და ვერც გარშემო არსებული სილამაზის ცქერით გაძღებით.

პრომეთეს მღვიმეში არსებული სტალაქტიტები, სატალგმიტები თუ ფარდები ულამაზესად არის განათებული სხვადასხვა ფრად, ეს გარემოს ერთი ორად შთამბეჭდავს ხდის. მღვიმეში არსებული მუსიკა კი რომანტიულობის შეგრძნებას  გაგიმძაფრებთ.

არაფერი ჯობია ასეთ ადგილას მუსიკისა და ლამაზი განათების თანხლებით პარტნიორთან ერთად ბოდიალს.

მღვიმის მონახულება დილის 11:00დან 16:00 საათამდეა შესაძლებელი. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ მღვიმეებში საკმაოდ დაბალია ტემპერატურა და აუცილებელია შესაფერისად ჩაიცვათ. გიდები გვირჩევენ სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გამოყენებას პრომეთეს მღვიმის სტუმრობისას, მით უმეტეს რომ იქ სულ მალე ახალი სანახაობა – მღვიმეებში ნავით შესვლა ამუშავდება.

სათაფლია

საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ და უმჯობესია თუ ამას პარტნიორთან ერთად გააკეთებთ, რამეთუ ყოველი წუთი გატარებული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულად – ძალიან სასიამოვნო მოგონებად იქცევა და საუკეთესოა განტვირთვისათვის.