Screen Shot 2013-10-22 at 4.21.31 PM

საქართველოში შემოდგომა ქორწილის სეზონია და თუ შენი მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი თხოვდება და გთხოვა, მისი მეჯვარე იყო, ეს სტატია აუცილებლად გამოგადგება. პირველ რიგში, რა საჭიროა ქორწილში მეჯვარე და საერთოდ, საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს?!

მეჯვარის ინსტიტუტის წარმოშობას ხელი შეუწყო რომანულმა ტრადიციამ, რომლის თანახმადაც ქორწილისთვის საჭირო იყო 10 მოწმე, რომლებიც პატარძლის და სიძის მსგავსად იქნებოდნენ ჩაცმული. ეს ბნელი ძალების დაბნევის მიზნით კეთდებოდა, რათა მათ ვერ გაერკვიათ ვინ იყო პატარძალი და არ მოეტაცათ ის. ზოგიერთ ქვეყანაში ეს წესი მე-20 საუკუნეშიც მოქმედებდა.

Bridesmaids

ეს ფოტო გადაღებულია 1929 წელს, დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ ქორწილში, სადაც მეჯვარეებს და გამორჩეულად, საპატიო მეჯვარეს პატარძალივით აცვია.

საქართველოშიც ანალოგიური ინსტიტუტი არსებობდა, რასაც ხელისმომკიდეობა ერქვა, თუმცა მას მეტი დატვირთვა ჰქონდა. ხელისმომკიდე უნდა ყოფილიყო მამაკაცი, რომელიც სიძის გარდაცვალების ან უბედური შემთხვევის დროს ახალშექმნილ ოჯახს მატერიალურად და მორალურად გვერდით დაუდგებოდა.

თანამედროვე მეჯვარე, შეიძლება ითქვას, ქართული და ევროპული ტრადიციების შერწყმით მივიღეთ. სიძესაც და პატარძალსაც საკუთარი მეჯვარეები ჰყავთ. მეჯვარე ქორწილში საჭირო პირია, არ აქვს მნიშვნელობა ქორწილი საეკლესიო წესების დაცვით ტარდება, სამოქალაქო, თუ ორივე ერთად.

ამ სტატიაში გეტყვი, რა უნდა და არ უნდა გააკეთო, როცა მეჯვარე ხარ. უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრე, რომ მეჯვარეობა დიდი პატივია, ასე რომ ღირსეულად უნდა მოიქცე. გაითვალისწინე, ქვემოთ მოყვანილი რჩევები და საუკეთესო მეჯვარის სტატუსი გარანტირებული გაქვს:

1. დაეხმარე ქორწილის ორგანიზებაში

bridesmaid-helping-bride

ხშირად გვგონია, რომ ვიცით სხვებს რა უნდათ. ზოგჯერ ასეცაა, უფრო ხშირად კი – არა. ასე რომ, ჰკითხე პატარძალს რაში სჭირდება შენი დახმარება და ნუ დაელოდები ქორწილის მოახლოებას. ხშირად ბევრი საკითხი ქორწილამდე დიდი ხნით ადრე არის მოსაგვარებელი, დასაგეგმი და მოსამზადებელი, მაგალითად, ცეკვა. ხშირად, ქორწილის ცეკვას სიძე-პატარძალთან ერთად მეჯვარეებიც დგამენ და ამას ერთი, თუნდაც ორი კვირა ნამდვილად არ ეყოფა. ამას გარდა, მთელი რიგი ორგანიზაციული საკითხებია გადასაწყვეტი, როგორიცაა კაბა, გაფორმება, ტორტი, მუსიკა, სიმღერის არჩევა პირველი ცეკვისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია საპატარძლო კაბის შერჩევა, ამიტომ მეჯვარის დახმარება აუცილებელია. შეიძლება მოსაწონი კაბის შერჩევას რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს და მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული მოგიხდეთ, მაგრამ შენ არ იწუწუნო და შეეცადე, არ დაიძაბო.

2. გაუწიე მორალური და ემოციური დახმარება

wedding dress shoping

ემოციური დახმარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მოსაწვევების დაგზავნაში დახმარება, ან იმის განაწილება, ვინ სად უნდა დაჯდეს. წინასწარ დაფიქრდი, როგორ მდგომარეობაშია შენი მეგობარი, იცოდე, ის გადაღლილი და დაძაბულია. სანამ საკუთარ აზრს გამოთქვამ, გაითვალისწინე, რას გრძნობს და რა უნდა პატარძალს. იმის მიუხედავად თავად რას გრძნობ და გინდა, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს მისი „დიდი დღეა“. როცა მეჯვარეობას თანხმდები, საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობას შეუმსუბუქო და გაულამაზო ეს დღე.

გაითვალისწინე, რა რთულია იყო პატარძალი: საქორწინო მოგზაურობის დაგეგმვა, სტუმრების დაპატიჟება, მომავალი დედამთილის „გამოცდილი რჩევების“ მოსმენა, ამინდის პროგნოზის გათვალისწინება ქორწილის დღისთვის, ფოტო-ვიდეო გადაღების ორგანიზება და უამრავი სხვა დეტალი. ამიტომ იყავი მომთმენი და გამგები.

საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის მისი მოსმენა და დამშვიდება. დაარწმუნე პატარძალი, რომ ყველაფერი წესრიგშია და ისე მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.

3. მეჯვარის ჩაცმულობას სჭირდება დიპლომატია

bridesmaids dresses

მეჯვარის ჩაცმულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისედაც ცხადია. შენ ხომ პატარძლის შემდეგ ყველაზე ხშირად მოექცევი ყურადღების ცენტრში, ამიტომ პატარძალზე ცუდად ნამდვილად არ უნდა გამოიყურებოდე. სასურველია, არ ჩაიცვა შავი და თეთრი ტანსაცმელი, დანარჩენში თავისუფალი ხარ, თუ პატარძალი არ ჩაერევა. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ასეც ხდება და პატარძალი მხოლოდ სტილს კარნახობს, რომ მეჯვარეების ჩაცმულობა ქორწილის ტონებს შეეფერებოდეს და თუ რამდენიმე მეჯვარე ჰყავს, ურჩევნია, მათი ჩაცმულობა ძალიან არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ შეგიძლია ამ შემთხვევაში გავლენა მოახდინო პატარძალზე და სხვა მეჯვარეებზე, რომ აირჩიონ კაბა რომელიც შენ მოგწონს? წინასწარ მოძებნე კაბა და შემდეგ ბმული გაუგზავნე მათ. უმჯობესია რამე მაცდური წინადადებაც მიაწერო „ეს კაბა 100 დოლარზე ნაკლები ღირს და შიფინგიც უფასოა“, ან „ამ საიტზე 50%-იანი ფასდაკლება აქვთ“.

თუ მსგავს ტაქტიკას მეორე მეჯვარეც იყენებს და კაბა არ მოგეწონება, თავის დაძვრენაც შეგიძლია, უბრალოდ აღნიშნე: „ზუსტად მივხვდი როგორ კაბაზე ამბობ, ასეთი კაბა ახლა ყველა ქორწილში აცვიათ“. დამტკიცებულია, რომ არც ერთ პატარძალს არ უნდა მისი ქორწილი სხვისას ჰგავდეს.

იმედია, ძალიან არ გავამუქე სიტუაცია. სინამდვილეში, ერთად მოფიქრებული კაბა ისეთი შეიძლება გამოვიდეს, რომ ყველას მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

4. დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი

img-65002

არსებობს ოქროს წესი ყველა მეჯვარისთვის: თუ არ გაქვს სათქმელი რამე კარგი, ნურაფერს იტყვი.

ეს ნიშნავს, რომ ნეგატიურად არ უნდა ისაუბრო სიძეზე, სხვა მეჯვარეებზე, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებზე. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა კაბის ასარჩევად მიჰყვები პატარძალს. კრიტიკულ შენიშვნებს სჯობს შენი მოსაზრებები გამყარებული იყოს ობიექტური ფაქტებით, რომ ეს სტილი (ფერი, ჭრილი, სამკაული) არის წელს მოდური, რომ მეორე კაბა უფრო კარგად გამოკვეთს ფორმებს, ან საქორწილო ვარცხნილობას, მან რომ აარჩია, ცოტა სხვანაირი კაბა მოუხდება, ან ამ კაბაში ცეკვა უფრო მოსახერხებელი იქნება.

ეს წესი მისი მომავალი ნათესავების დახასიათებისასაც მოქმედებს. თავი შეიკავე ზედმეტი ეპითეტებისგან.

5. მხარი დაუჭირე პატარძალს, როცა მას ეს სჭირდება

796295_97578290

შენ პატარძლის საუკეთესო მეგობარი ხარ და ამიტომაც გთხოვა მეჯვარეობა, თუმცა შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ იცვლებიან ადამიანები წინასაქორწინო მზადებისას.

გააკეთე რაღაც სახალისო მისთვის, მოიფიქრე ისეთი გასართობი რომ შენც და პატარძალიც განიტვირთოთ და ცოტა დაისვენოთ: იქნება ეს მანიკურის გასაკეთებლად წასვლა, კინოს ან მუზეუმის სტუმრობა, სპა ან სპორტდარბაზი, თუ ერთი-ორი დღით ტელეფონების გამორთვა და დაძაბულობას გარიდება. ქალაქიდან გასვლა შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს, რადგან შენი მეგობარი გადატვირთვას და ძველი დროის გახსენებას შეძლებს, თან გაახსენებ, რომ შენ ის ადამიანი ხარ, რომელსაც შეუძლია, ყველაფერში ენდოს.

6. წვეულების მოწყობისას ჰკითხე აზრი პატარძალს

Kellys Bridal Shower - 059

ბოლო დროს პოპულარული ხდება ქორწილის წინ „მარტოხელების საღამოს“ გამართვა, როგორც გოგონებში ისე ბიჭებშიც. თუ შენ აპირებ პატარძალს მსგავსი წვეულება მოუწყო, აჯობებს, წინასწარ ჰკითხო როგორ წარმოუდგენია ან რა ურჩევნია, რათა უსიამოვნებები თავიდან აირიდო და ტყუილად არ მოგიწიოს წვალება.

7. სალონში გამოცხადდით დროულად

CH1

თუ პატარძალი და მეჯვარეები ერთსა და იმავე სალონში ხართ ჩაწერილი, აუცილებელია დროულად მიხვიდეთ, რომ ქორწილზე არ დაიგვიანოთ. თქმა არ უნდა, რომ სალონი, ვარცხნილობა, მანიკური და მაკიაჟი წინასწარ უნდა შეარჩიოთ და დაჯავშნოთ. ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუ ამ დღეს ნაკლებად ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და ნაცნობ და გამოცდილ სტილისტთან მიხვალთ. ყურადღება მიაქციე რომ როცა პატარძალი მაკიაჟს იკეთებს, ვარცხნილობას სხვა მეჯვარე უნდა იკეთებდეს. ასე დროსაც დაზოგავთ და ყველაფრის უკეთ ორგანიზებასაც შეძლებ.

8. წინასწარ გაითვალისწინე ხარჯები

royal wedding

მეჯვარეობა ძვირი სიამოვნებაა, როგორც სიძის ასევე პატარძლის მეჯვარეებისთვის. მეჯვარის კაბა, ფეხსაცმელი, სამკაულები, თაიგული, საჩუქარი და მაკიაჟი შენი გადასახდელი იქნება. თაიგული აუცილებლად პატარძალთან შეთანხმებულად უნდა შეარჩიო, რომ მის კაბასთან იყოს შეხამებული. რაც შეეხება მაკიაჟის თანხას, აქ დამკვიდრებული ტრადიცია არ არსებობს. შესაძლოა, პატარძალმა თავად გადაიხადოს საკუთარი და მეჯვარის მაკიაჟის საფასური, თუმცა შესაძლოა ყველას დამოუკიდებლად მოუხდეს საკუთარი მაკიაჟის დაფინანსება. ისე, უმჯობესია, თუ ამ საკითხს წინასწარ გაარკვევ და სალონში მომზადებული მიხვალ. სხვა ხარჯები და პრობლემები, როგორც პატარძლის მეჯვარეს, არ შეგექმნება.

ეს ფილმები შეგიძლია გამოიყენო როგორც ტუტორიალი, როგორი მეჯვარე უნდა ან არ უნდა იყო:

1. Bridesmaids

2. 27 dresses

3. Bachelorette

4. My Best Friend’s Wedding

გაიღიმე და იყავი თავაზიანი. დროის მხიარულად გატარებას და თაიგულის დაჭერას გისურვებთ ;)