დღეისთვის ძალიან აქტუალურია შავი ზღვისპირა აჭარის უმშვენიერესი ქალაქი ბათუმი. პრინციპში ყველა კურორტს ძალიან უხდება: კარგი არქიტექტურა, კარგი კაფეები, დაწესებულებები, რომანტიული ქუჩები და მითუმეტეს, თუ ამ კომპლექტს ბუნებრივად ზღვაც მოჰყვება. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ნებისმიერი კურორტის მთავარი საიდუმლო, რომელიც ასე იზიდავს დამსვენებლებს.

უკვე მეორე წელია რაც ბათუმის აქტიური დამსვენებელი ვარ, მანამდე მის მიმდებარე კურორტებს ვსტუმრობდი და იქ ხშირად ჩავდიოდი, თუმცა როგორც ასეთი – არ დამისვენია.

აქ ყველანაირ დამსვენებელს შეუძლია გართობა და სწორედ ეს მხიბლავს. მე “გოგოშკურ რეჟიმში” ვისვენებდი, ვეწეოდი აქტიურ ღამის ცხოვრებას, დავდიოდი ისეთ კაფეებში, რომლებიც ოდნავ მაინც მომაგონებდნენ პარიზს ან რომელიმე ოცნების ქალაქს (ამაზე მოგვიანებით დაწვრილებით გიამბობთ). ყველაზე მეტად ჩემთვის სასიამოვნო მომენტი,ზღვიდან ახალი ამოსული შეზლონგზე წამოწოლა, მზის და ტალღების ცქერა და ჩემი საყვარელი პლეილისტის მოსმენა იყო (რატომღაც არ გაგიკვირდებათ :D). ხშირად დავდიოდი ბულვარში, მთელი ბულვარი მოვიარე და თითქმის სარფამდეც ჩავედი ეს ყველაფერი სულ ფეხით, ვნახე ის რაც შარშან გამოვტოვე ან წელს გაიხსნა, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები ერთმანეთს შეერწყა და გამოვიდა სასიამოვნო დასვენება.

კაფეები:

1.”Привет из Батума”

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვცდილობდი ისეთ კაფეებში ან ისეთ ადგილებში მევლო, რომლებიც მაგონებდნენ ჩემი ოცნების ქალაქებს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ კაფე “Привет из Батума” გახლავთ. იგი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ძალიან წააგავს პარიზის მონტპარნასის ტიპის კაფეს, მოდილიანის და პიკასოს დროს, ძველი ნახატები, აქსესუარები, რეტრო სიტუაცია/მუსიკა, შოკმანჟე, პიცა – აი რა არის ნამდვილი ნეტარება. მოკლედ, თუ ამ  კაფეში ნამყოფი არ ხართ, დიდი სიამოვნებით გაგიწევდით რეკომენდაციას და გეტყოდით, რომ ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.

პ.ს პიცა დიდად არ მომეწონა, მაგრამ დესერტები ნამდვილად კარგი იყო.

 

2. Avalon

ზემოთ ვახსენე პიცა არ მომეწონა თქო, ძალიან მიყვარს პიცა და ბათუმში სამჯერ ვჭამე, თუმცა მხოლოდ ერთ მათგანს შევაქებ. ეს იყო “Avalon”. იგი მდებარეობდა პირდაპირ ჩემი სახლის წინ, ანუ თეატრთან. გარდა პიცისა იყო სხვა იტალიური კერძები, მაგალითად “სპაგეტი”, ოდნავ მაღალი ფასები თუმცა უგემრიელესი პიცა და სასიამოვნო გარემო.

3. ტყუპები

თუ გინდათ სასიამოვნო ხედით დატკბეთ, ბულვარში შეკრებილ ხალხს უყუროთ და ცივ ყავას შეექციოთ ნაყინის თანხლებით, “ტყუპები” -ს ბოლო სართული ამისთვის საუკეთესო ადგილია. ხშირად იქ ვჯდებოდი და ხალხის მოსაწყენ რიტმულ სიარულს ვადევნებდი თვალყურს.

საბოლოო ჯამში, ბათუმი ძალიან რომანტიკული ადგილია. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვისაც ჯერ არ დაგისვენიათ, ან დაისვენეთ და ამ ადგილებში არ იყავით, ვფიქრობ საინტერესო რჩევებია.

თუმცა დადებითს ყოველთვის თავისი უარყოფითიც მოჰყვება, რა თქმა უნდა ყველაფერი ისე კარგად არ არის და ყველა კაფე თუ ადგილი იდეალური არ არის ნებისმიერ კურორტზე, მათ შორის ბათუმში. 3 ტოპ კაფე/რესტორანთან ერთად გთავაზობთ 3 ყველაზე უარესს კაფე/რესტორანს, რათა არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდეთ, ეწვიოთ იმ კვების ობიექტებს და ადგილებს რომლებიც კარგია და არ ეწვიოთ იმ ადგილებს, სადაც ან გარემოთი, ან საკვებით ან მომსახურეობით დარჩებით ზედმეტად უკმაყოფილო.

1.”სანაპირო”

პირველ ადგილს “ყველაზე უარესთა” სიაში რესტორანი “სანაპირო” იკავებს. ამ რესტორანს წელს არ ვეწვიე, რადგან ნამდვილად არ მინდოდა კიდევ ერთხელ საჭმელს მოვეწამლე. შარშან იმ მიზეზით წავედი, რომ მიყვარს ზღვაში რესტორნები, ან ორიგინალური ადგილები. ხალხის უმეტესობა კი ამ რესტორანს მხოლოდ “ნანუკას შოუს” პიარის გამო სტუმრობს ხოლმე. მათი ლოგიკა უბრალოდ მარტივია: “აბა პრეზიდენტს ცუდს ხომ არ აჭმევდაო?”

შარშან ვეწვიე ამ რესტორანს. როგორც კი დავჯექი ფეხებში უცნაური რამ ვიგრძენი. თურმე კატა ყოფილა და იმედია გასაგებია, თუ რატომ არის ეს ნაკლი, როცა სერიოზულ რესტორნობაზე გაქვს პრეტენზია. შემდეგ ვითხოვეთ ერთჯერადი ხელსახოცი და მის მისაღებად, ისიც მცირედი რაოდენობით 20 წუთი ლოდინი მოგვიწია, ეს ყველაფერი ასატანი გახდებოდა (რატომ უნდა გამხდარიყო, მაგრამ მაინც) თუ საჭმელი მაინც არ მომწამლავდა და სერიოზულ პრობლემებს არ შემიქმნიდა. მოკლედ არ ეწვიოთ ამ რესტორანს, არანაკლებ ადგილას მდებარეობენ სხვა რესტორნები, უფრო გემრიელი საჭმლით და კარგი მომსახურეობით.

2.”ძველი გემი”

მეორე “საპატიო” ადგილს, ცუდი რესტორნების სიაში რესტორანი “ძველი გემი” იკავებს. მართალია ორიგინალური დიზაინისაა, კარგი ხედი აქვს ზღვასთან, თუმცა მთავარი რაც არ მომეწონა სწორედაც, რომ საკვები იყო. მომსახურეობაზე არ მაქვს იმდენად პრეტენზია, თუმცა მზარეულები პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნიან.

3. თურქული რესტორნები/კაფეები/ბარები

მესამე ადგილზე დიდხანს ვიფიქრე რომელი დამეყენებინა,ვინაიდან და რადგანაც თურქული არცერთი რესტორანი, ბარი თუ კაფე არ მომეწონა, გადავწყვიტე ერთად მომეყარა თავი და მეთქვა, რომ თურქული აბსოლუტურად არც ტანსაცმლის ბრენდების მაღაზიები არ ვარგა. ყველაფერი ძვირია და ზედმეტად უხარისხო, თურქები თუ კულინარიაში და მსგავსს საკითხებში ასე მოიკოჭლებდნენ არ მეგონა.

თუ არ გინდათ დასვენება ჩაგეშალოთ, გარუჯვას, ზღვას და კარგ კაფე-ბარებს და რესტორნებს არ მოაკლდეთ. უბრალოდ დრო არ დაკარგოთ მსგავსს ადგილებში ვიზიტით და წინასწარ დაგეგმეთ და გაითვალისწინეთ რა გსურთ. ყველაფრის ნახვა და შეფასება საჭიროა საკუთარი თვალით, თუმცა როცა დასასვენებლად ხარ, ამის დრო არ არის და ხშირ შემთხვევაში უმჯობესია სხვის რჩევებს ენდო.

მოკლედ სულ ეს იყო, სხვა დროს ვეცდები კვების ობიექტების და მსგავს ადგილებთან ერთად, სხვა უფრო საინტერესო ადგილებიც შემოგთავაზოთ და სხვადასხვა კურორტების შესახებ მოგითხროთ.