მოგწყინდათ ბანალური სანაპიროები ყვითელი, თეთრი და შავი ქვიშებით, ან/და ქვებით? მაშინ დროა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს, მწვანე სანაპიროს ეწვიოთ.

Papakolea Beach, პაპაკოლეას სანაპირო, ჰავაის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარეობს, მის უკიდურეს სამხრეთ წერტილში (South point), მაჰანას ყურეში. მას სხვანაირად მწვანე სანაპიროსაც ეძახიან, რადგან შორიდან თუ გავხედავთ, ხასხასა მწვანე ფერი აქვს. ხოლო თუ ქვიშას ავიღებთ და ხელისგულზე დავხედავთ, შევამჩნევთ რომ ქვიშას უამრავი მწვანე კრისტალი აქვს შერეული. ეს კრისტალები ვულკანური მინერალი – ქრიზოლითია. ადგილობრივი მოსახლეობა ქრიზოლითს ჰავაის ბრილიანტს ეძახის. სინამდვილეში ეს ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელიც სამკაულებშიც გამოიყენება. სანაპირო ნახევრად ძვირფასი ქვებისგან, კარგად ჟღერს, არა?

აქ ოდესღაც ვულკანი ბობოქრობდა, ახლა კი გაციებული ვულკანური ლავისგან შექმნილი ბაზალტის კლდეებით წრიულად და თითქმის მთლიანადაა შემოფარგლული პატარა ყურე, ულამაზესი სანაპიროთი.  ოკეანის მიმოქცევის, ქარის და წვიმის  შედეგად გაქვავებული ლავა, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ქრიზოლითი, ეროზიას განიცდის, იშლება და  ქრიზოლითის კრისტალები გამოირეცხება, შემდეგ კი ზვირთცემა კრისტალებს ქვიშად აქცევს.

 

სანაპიროზე მოხვედრა მხოლოდ ფეხით ან მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი,  დაახლოებით ხუთკილომეტრიანი გზა კი ბაზალრის კლდეებზეც გადის. სანაპიროზე მოსახვედრად გზის ბოლო მონაკვეთზე კლდეებზე დაშვება მაინც მოგიწევთ.

გაქვავებული ლავის ფენები

აქ არც მაშველია, არც კვების, გასართობი და დასასვენებელი ობიექტები, მხოლოდ ველური ბუნება. თუ ოკეანის სანაპიროზე მთელი დღის გატარებას გადაწყვეტთ, ყველაფრის თან წაღება მოგიწევთ, მათ შორის დასალევი წყლისაც.

ჰავაის სხვა სანაპიროებისაგან განხსვავებით, სადაც ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, ეს სანაპირო მხოლოდ იმ ტურისტებს იზიდავს, ვისაც არაორდინარული ბუნება, ულამაზესი ხედები და ახალ-ახალი და საინტერესო თავგადასავლები იტაცებს.