Home მნიშვნელოვანი

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა.

ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული გავხდი მეთქვა მისთვის – ვიცი, რომ დრო არ გაქვთ, შეწყვიტეთ რეკვა და მიხედეთ საქმეს :) ვიცი, რომ ის ახლა უკრაინის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებზე მუშაობს, ამიტომ მადლობას ვუხდი მას იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს.

და ბოლოს, მადლობას გიხდით ყველას ქალთა სიმამაცის საერთაშორისო დაჯილდოებაზე მობრძანებისთვის. წელს მეექვსედ ვესწრები ამ ღონისძიებას და ვაღიარებ, ის ჩემი წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია, რადგან ყოველთვის, როცა აქედან მივდივარ, ვგრძნობ როგორ მოქმედებს ამ ქალების ისტორიები ჩემს საკუთარ ცხოვრებაზე.

ისინი გვასწავლიან, რომ თუ ქალს შეუძლია შეებრძოლოს, დაამარცხოს წინააღმდეგობა და ტაჯიკეთის საარჩევნო ყუთში მოახვედროს საკუთარი სახელი; თუ მას შეუძლია დაამსხვრიოს მინის სახურავი და მხარი დაუჭიროს თანასწორობას და ტოლერანტობას საქართველოში; თუ მას შეუძლია მოიაროს ყველა კარი, პოლიციის განყოფილება, სასამართლო ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად საუდის არაბეთში; თუ ამ ქალებს ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ჩვენც შეგვიძლია შევაგროვოთ მათი სიმამაცის მცირე ნაწილი და შევძლოთ: ვებრძოლოთ დისკრიმინაციას სამსახურებში, ვებრძოლოთ სექსუალურ ძალადობას, დავუპირისპირდეთ პატარა უსამართლობებს, რომლებსაც ყოველ დღე ვაწყდებით.

როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა, ზიმბაბველმა ბეატრის მტეტვამ განაცხადა საკუთარი გამოცდილების შესახებ თავის ქვეყანაში:

“ეს უნდა გაკეთდეს. ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს. რატომ არ უნდა იყო ეს ვიღაც შენ?”

ეს ტექსტი ამონარიდია ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას სიტყვიდან 2014 წლის ქალთა სიმამაცის საერთაშორისო დაჯილდოებაზე. და სწორად შენიშნეთ: ცერემონიალზე დაჯილდოვდა ქალი საქართველოდან, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი – საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. ის არის პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა და ვიმედოვნებ, არა უკანასკნელი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსუდანი უმცირესობაა უმცირესობაში: ის არის ქალი, რომელიც ძირითადად მამაკაცებით დაკომპლექტებულ რელიგიურ სფეროში მოღვაწეობს და წარმოადგენს რელიგიურ უმცირესობას საქართველოში. ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძის მოღვაწეობა დაკავშირებულია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლასა და საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვასთან. სწორედ საკუთარი სქესის გამო, ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ქართულ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, ანგრევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებს ქალის როლის შესახებ. ის გამოდის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ; მას ეკუთვნის ტოლერანტობის და თანასწორობის დამკვიდრების არა ერთი ინიციატივა, მათ შორის რელიგიური უმცირესობების თავისუფლების დაცვა. ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე რელიგიური საზოგადოების პირველი წევრი იყო, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოხატა ქართული LGBT საზოგადოების მიმართ.

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შესახებ:

სექსუალური ორიენტაცია პროპაგანდის შედეგად არ “გადადის”, მაგრამ რაც ნამდვილად პროპაგანდით შეიძლება შევითვისოთ და მისი ნაწილი გავხდეთ არის სხვისა სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება …

“დავიცვათ ჩვენი შვილები ამორალობისაგან!!!”

დავიცვათ ჩვენი შვილები განსხვავებულის ზიზღისაგან…
დავიცვათ ჩვენი შვილები შიშისაგან…
დავიცვათ ჩვენი შვილები ისეთი ღმერთის რწმენისაგან, რომელსაც ვიღაცეები ეჯავრება….
დავიცვათ ჩვენი შვილები ისეთი ღმერთის რწმენისაგან, რომელსაც ჩემი დაცვა სჭირდება სხვისა განადგურების ხარჯზე…
არ შევაჩვიოთ ჩვენი შვილები სიყვარულის ღმერთის სახელით სხვისა დამცირებისა და შევიწროებას…

მორალი არ შემოიფარგლება ჩვენი საწოლით… მორალი ეხება ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას, პატივისცემას, სიყვარულს… აი, ამათი არ არსებობაა ჩემთვის ამორალობა….

“დავიცვათ ჩვენი შვილები ამორალობისაგან!!!”

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე უკვე რამდენიმე წელია ბლოგს აწარმოებს, რომლის კითხვითაც ისე გავერთე, სტატია გადამავიწყდა და გული დამწყდა აქამდე რომ არ ვიცოდი ამ საოცარი ქალის შესახებ.

ქართველი ეპისკოპოსის გარდა, წელს პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ ქალები: ავღანეთიდან, ფიჯიდან, გვატემალადან, ინდოეთიდან, მალიდან, საუდის არაბეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან და ზიმბაბვედან.

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აქტიურად ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც:

I HAVE A DREAM!!!!

ერთი აუხდენელი ოცნება მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, იქნებ, ამ სამყაროში დამთავრდეს ძლიერის, დიდის, უტიფრის, ბნელის, უსამართლოს, შეიარაღებულის, გაზპრომიანის ძალმომრეობა სუსტზე, პატარაზე, უიარაღო და უნავთობოზე….

კიდევ ერთი ოცნებაც მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სხვა ძლიერები, მდიდრები, შეიარაღებულები და მეტ-ნაკლებად სამართლიანები აღარ შეუშინდებიან და ხმააკანკალებული მუქარით არ შემოიფარგლებიან ზემოხსენებული უსამაართლო და ძლიერის წინაშე.

ისეც ხდება, რომ მოულოდნელად, შეიძლება, ასეთი უტოპიური ოცნებებიც სრულდება.

ჩვენც გვაქვს ოცნება:

  • გვინდა, ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აღარ იყოს უმცირესობა უმცირესობაში;
  • გვინდა, რაც შეიძლება მეტ ქართველ ქალს გავაცნოთ და შევაყვაროთ ეს საოცარი ქალი;
  • გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ყველაფერში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია;
  • გვინდა, აღარ არსებობდეს ქალების დისკრიმინაცია; გვინდა ყველა ქალს და მათ შორის შენც გქონდეს ბედნიერების უფლება!
3 კომენტარი to this post
  1. ბედნიერების უფლება არავის არ აქვს წართმეული, ბედნიერი თვითონ უნდა გახადო საკუთარი თავი, ნებისმიერი პროპაგანდა კი ნამდვილად უშლის ხელს ადამიანის აზროვნებას და თავისუფლებას. ვინც როგორია უნდა იყოს და იყოს ბედნიერი, სხვას არ უნდა უჭედოს ყურები.

შენ რას იტყვი?