Home მნიშვნელოვანი

megan_fox

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა:

სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ 13%-ში არის ქალთა და კაცთა გმირების რაოდენობა თანაბარი, ან მდედრობითი პერსონაჟების რიცხვი მამაკაცთა რაოდენობას აღემატება.

ამასთან, ქალთა მხოლოდ 30% არის 40 წელზე უფროსი, მაშინ როცა მამაკაც პერსონაჟებში ეს რიცხვი 55% უდრის.

transformers

ქალები, რომელთაც ბედნიერება ხვდათ წილად მომხვდარიყვნენ კადრში, ხშირ შემთხვევაში მეორეხარისხოვან, კაცის გვერდის “დამამშვენებლის” როლს ასრულებენ. 2007-2012 წლების ტოპ-500 ფილმში ქალი პერსონაჟების თითქმის მესამედს სექსუალური ჩაცმულობა აქვს, ან ნახევრად შიშველია. მამაკაცებიდან კი მხოლოდ 9.4% ჩნდება ეკრანზე ნახევრად შიშველი. 2013 წლის ტოპ-100 ფილმში კაცი გმირების დიდ ნაწილს სამსახურთან დაკავშირებული მიზნები აქვს (75%), ქალი გმირების მიზნები კი უფრო მეტად პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული (52%). ქალი პერსონაჟები ასევე იშვიათად გვევლინებიან ლიდერის როლში.

ოსკარზე ნომინირებული “ვოლ სტრიტის მგელი” კარგ მაგალითად გამოდგება: ქალები აქ ან ცოლების როლში არიან, ან საყვარლების. დამოუკიდებლად ისინი არ წარმოადგენენ ღირებულ პერსონაჟებს. ინტერნეტში ამ ფილმის ტრეილერის პაროდიაც კი გაჩნდა, სადაც მთავარ გმირებად ქალები გვევლინებიან.

კინოინდუსტრიაში გენდერულ უთანასწორობაზე მსახიობებიც ჩივიან: ოსკაროსანმა ქეით ბლანშეტმა ოსკარის დაჯილდოების ბოლო ცერემონიაზე ჰოლივუდი ქალებისადმი დისკრიმინაციულ მიდგომაში დაადანაშაულა  და მოუწოდა გადამღებ სტუდიებს უფრო მეტი ფილმი შექმნან ქალების შესახებ და მათი მონაწილეობით.

იცით თუ არა, რომ ოსკარების დაჯილდოების 86-წლიან ისტორიაში ნომინაციაზე “საუკეთესო რეჟისორი” ქალი მხოლოდ 4-ჯერ იყო წარდგენილი და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა? 2013 წელს ოსკარის სხვადასხვა ნომინაციაში მთლიანობაში 140 მამაკაცი იყო წარდგენილი და მხოლოდ 35 ქალი. ამასთან, არც ერთი ქალი არ იყო წარდგენილი საუკეთესო რეჟისურის, სცენარის, მუსიკის ნომინაციაზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ოსკარის ჟიურის წევრთა 77% მამაკაცია.

ერთი სიტყვით, გენდერული უთანასწორობა ისეთივე პრობლემაა კადრში, როგორც მის მიღმა.

შენ რას იტყვი?