Home მნიშვნელოვანი

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი მიენიჭა, თუმცა, საოჯახო საქმე დღესაც მის პირველ მოვალეობად რჩება.

სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, სარეცხის დარეცხვა-გაუთოება და ა.შ ქალს აკისრია. ბევრი ამას იმით ხსნის, რომ რადგან მამაკაცი მუშაობს, ქალი კი მთელი დღე სახლშია, ბუნებრივია, საოჯახო საქმეები მან უნდა შეასრულოს. არ ვიცი, გინახავს თუ არა, საბჭოთა პერიოდში სპეციალური ბროშურაც კი არსებობდა, სადაც აღწერილი იყო, როგორ უნდა დახვდეს ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს:

ის და ბავშვებიც სუფთად და ლამაზად გამოწყობილნი უნდა იყვნენ. რადგან ქმარი დაღლილია, ჭამისას მასთან ლაპარაკი აკრძალულია. როცა მამაკაცი ივახშმებს და გაზეთის კითხვას შეუდგება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მასთან საუბრის წამოწყება.

მართალია, დღეს ეს ბროშურა კომიკურად გამოიყურება და ბევრს გაეცინება ან პირიქით აღშფოთდება, მაგრამ ამ რეალობისგან დიდად შორს არ ვართ.

3

მაშინაც კი, როცა ოჯახში ორივე სქესის ადამიანი თანაბრადაა დასაქმებული, საოჯახო საქმეები მაინც ქალს მიეწერება. უფრო მეტიც: როცა მამაკაცი არ მუშაობს, ქალი კი დაღლილ-დაქანცული სახლში ბრუნდება, კაცს, ქალისგან განსხვავებით, სულაც არ ევალება დაახვედროს მას გაშლილი სუფრა  და დალაგებული სახლი. შესაძლოა, არსებობდნენ ისეთი ქმრები, ვინც განსხვავებულად იქცევა, თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. თან ასეთი ქმედება ქმრის მხრიდან საზოგადოებაში ფასდება ან როგორც ფასდაუდებელი: “რა მაგარი ქმარი ყავს, საკუთარი თეფში და ჩანგალი გარეცხა” ან როგორც მიუღებელი: “ქალის საქმეს რატომ აკეთებს, ცოლი ხომ ჰყავს?”

ქართველ მამაკაცებს ბავშვობიდანვე ასე ზრდიან, მათთვის ოჯახური ხელსაქმის სწავლება სირცხვილია (“გოგო ხომ არ არის, რაში სჭირდება ჭურჭლის რეცხვა?”), შედეგად კი ვიღებთ უსუსურ ადამიანებს, რომლებსაც არ ძალუძთ დამოუკიდებლად ცხოვრება, არ ძალუძთ ისეთი მარტივი რამის გაკეთება როგორიცაა საკუთარი წინდების გარეცხვა თუ ბარგის ჩალაგება და ყოველთვის ჭირდებათ დამხმარე. დამხმარის როლს ასრულებს დედა/ცოლი/და/ მეგობარი გოგო. დამხმარის სქესი აუცილებლად მდედრობითია. ქალს ბავშვობიდანვე “მსახურების” ოსტატობას აუფლებენ. მათ ხომ მზარეულის, მრეცხავის, დამლაგებლის, ბავშვის მომვლელ-აღმზრდელის და სხვა ფუქნციები უნდა შეასრულონ, აბა ისე როგორ გათხოვდებიან? ქმარს მიხედვა ჭირდება. ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი სცენაა, დედა/ბებია განწირული ხმით რომ კივის “დაანებე თავი, ეს კაცის საქმე არ არის”, როცა მისი პატარა ბიჭი შვილი/შვილიშვილი ინტერესის გამო ჭურჭლის დარეცხვის ან საჭმლის მომზადების პროცესში ჩართვას ითხოვს.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანი, მიუხედავად სქესისა, ფლობს ყველა ამ ხელსაქმეს: მას არ გაუჭირდება დამოუკიდებლად ცხოვრება. ადამიანი, რომელმაც არ იცის ან ეზარება მარტივი საოჯახო საქმეები, ყოველთვის მოსამსახურის ყოლის იმედად რჩება. ამდენად, ასეთი აღზრდა კაცს უსუსურ ადამიანად აყალიბებს, რომელიც ყოველ კვირას დედას უგზავნის ჭუჭყიან სარეცხს (თუ ცოლი, მეგობარი გოგო არ ყავს ჯერ), ქალს კი – მსახურად.

იგივე მეორდება მაშინ, როდესაც ერთად მცხოვრები ადამიანები მშობლები ხდებიან: ბავშვის გაზრდასა და აღზრდაზე პასუხისმგებლობა უმეტესად დედას ეკისრება. ჩვენი „წეს-ჩვეულებების“ მიხედვით, მთავარი ხომ ისაა, კაცმა ოჯახში ფული შემოიტანოს: ბავშვის კვება, დაბანა, პამპერსების გამოცვლა, მისთვის ღამეების თენება და კიდევ უამრავი რამ – ქალის საქმეა. რამდენი ახლადგამოჩეკილი მამაა შენ გარშემო, ბავშვის ხანდახან ხელში დაჭერა და 10 წუთით მიხედვა რომ ჰგონია „მამობრივი ვალის“ მოხდა. აღზრდაში მამის როლის საკითხი კიდევ სხვა, ვრცელი თემაა და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

womans-work

სულ მაოცებს, როგორ ახერხებენ ცოლები რთული სამუშაო დღის მერე სახლში “ტრიალს”, ან ხშირ შემთხვევაში, როგორ არ უჩნდებათ კაცებს საყვარელი ადამიანის დახმარების სურვილი. თუ ადამიანი ეთანხმება თანასწორუფლებიანობის იდეას, რატომ არ იწყებს ამ იდეის საკუთარ სახლში განხორციელებას? რატომ არ უნდა იყოს ოჯახის წევრებს ან ერთ სახლში მცხოვრებ ადამიანებს შორის თანაბრად განაწილებული “საოჯახო საქმესთან” დაკავშირებული უფლება-მოვალეობები? დღეს ხომ აღარ გვიწევს გამოქვაბულებში ცხოვრება. არის რაღაცები, რაც პირადი ჰიგიენასავითაა – ზრდასრულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს: ლოგინის მილაგება, საკუთარი თეფშის გარეცხვა, საჭმლის დამოუკიდებლად მომზადება (ელემენტარულის) თუ საკუთარი ოთახის მოწესრიგება.

თუ მაინცადამაინც სამეფო დინასტიის წარმომადგენელი არ ხარ და მთელი ცხოვრების მანძილზე გარანტირებული არ გაქვს მსახურების სერვისი, ალბათ, ღირს მარტივი რაღაცების კეთება დამოუკიდებლად ისწავლო, ასე ხომ ბევრად მარტივი იქნება არამარტო შენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც შენთან ერთად მოუწევს ცხოვრება. სულაც არაა სასირცხვილო საოჯახო საქმის დანაწილება სტერეოტიპული გენდერული როლებისგან განსხვავებულად და იმაზე შეთანხმება, ვინ დარეცხავს ჭურჭელს.


წაიკითხე მეტი ამ თემაზე: ქართული რეალობა: ოჯახში საქმის განაწილება.

შემოგვიერთდი Facebook-ზე დახურულ ჯგუფში და გაუზიარე შენი მოსაზრება Pink-ის ავტორებს: Pink Club. 

შენ რას იტყვი?