ასე მგონია, როდესაც რაიმე არ მომწონს და ამის შესახებ დავწერ, მერე ნაწერს ვინმე წაიკითხავს, ჩვენს თავებს დავინახავთ და მეორედ იგივეს ადგილი არ ექნება.

 

ყველამ კარგად იცით, რომ ორი დღის უკან 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე იყო. ამ დღეს ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს კაფე-ბარები და რესტორნები.  ყველა ცდილობს გაერთოს, დრო გაატაროს და თითქმის ყველა ერთნაირად წუწუნებს, რომ ყველა დღე კაცებისაა და დიდი ამბავი ერთი დღე გვცენ პატივიო, მაგრამ ეეეჰ, სადღაა ნამდვილი კაცებიო.

სწორედ ამიტომ, რომ “ნამდვილი კაცები არ არსებობენ”, მხოლოდ გოგონებმა გადავწყვიტეთ წასვლა სადმე “სვეცკ ზავიძენიაში”, ხოდა წავედით კიდეც. ცოტა ადრე მომიწია მისვლა, დრო არ დავკარგე,  მოვიამრჯვე მენიუ, მოვიმარაგე სასმელი, მოვუკიდე სიგარეტს და რესტორანში შემომსვლელების თვალიერება დავიწყე.

ძალიან ლამაზი და სუსტი გოგონა შემოვიდა, ხელში უზარმაზარი ტორტი ეჭირა, მლავზე პარკით რაღაც ქონდა დაკიდებული და სიმწრის ოფლი სდიოდა, ამ დროს უკან ვიღაც ბიჭი შემოყვა, რომელიც გოგოს ეუბნება, დადე ეგ ტორტი და გამოდი ღვინო გაქვს შემოსატანიო – თვითონ ალბათ ერთ ადგილს იფხანდა. ესეც ქალთა დღე. ეს გოგოც ბატივით გაყვა უკან და რამდენიმე წამში ღვინის ბოცით დაბრუნდა. უცებ ვიფიქრე, სხვაგან მოვხვდი მეთქი.

ამ სცენის ყურებაში ჩემი სიგარეტი ისე ჩაიფერფლა, მოწევა ვერ მოვასწარი, ხოდა კიდევ მოვუკიდე ახალ ღერს, ამასობაში ჩემი დაქალი შემოქოთქოთდა და იძახის: “ო, ეს დეგენერატი ტაქსის მძღოლი, მაგან არც ქალთა დღე არ იცის და არც არაფერი”, – ისე ქოთქოთებდა სიტყვა ვერ ჩავაკვეხე. ბოლოს ვიფიქრე, ბევრი გამოართვა და იმიტომ წივის თქო და არაფერი არ ვკითხე. მერე მომიბრუნდა: “გოგო, წარმოგიდგენია?! ზედ წყლის გუბესთან გამიჩერა მანქანა და რომ ვუთხარი, ცოტა გაწიე მეთქი, მითხრა: მიდი, მიდი, არაუშავს, კაცებს მაინც შეაბამ ამ კაბაში და მე ნუღარ მაწვალებო”.   სიცილი წამსკდა და მაშინაც გავიფიქრე, ეტყობა კიდევ სხვაგან ვარ და დღეს ქალთა დღე არ არის თქო.

სანამ ჩემი დაქალი კაბას იწმენდდა, მე კიდევ ერთი სანახაობის მოწმე გავხდი. ბიჭები შემოვიდნენ და მიმტანს სთხოვეს, ათი ადამიანი ვართ და მაგიდა მოგვიმზადეო, მიმტანმა აუხსნა, რომ დგილი არ აქვს. ბევრი მცდელობის შემდეგაც ვერაფერი შეასმინა ბიჭებს, ბოლოს ეს ტიპი მომიბრუნდა და მეუბნება, დაგვითმე მაგიდა, დაბადების დღე აქვს ჩვენს ძმას და და სხვაგან ადგილი ვერ ვიშოვეთო. ცოტა გაკირვებულმა ვუთხარი, “რა ჩემი პრობლემაა, მეც ძლივს ვნახე ეგ ადგილითქო”. ნეტა არ მეთქვა. მომიბრუნდა და “რა გოგოო? მე შენ ადამიანურად გთხოვე და როგორ მიპასუხეო”! მეგონა მცემდა. როგორღაც დააშოშმინეს, მე ხმა არ გამიცია.

ამაზე გამწარებულმა ბევრი დავლიე და კიდევ უფრო ბევრი ვიცეკვე. იცით როგორი 8 მარტი დავინახე? 8 მარტი…

  • სადაც, ცეკვავდნენ  ქალები გადაღლილი სახეებით.
  • სადაც, ქალები იხდიდნენ საკუთარ ნაშოვნ ბოლო კაპიკებს და ტაქსის ფული აღარ რჩებოდათ სახლშჲ წასასვლელად.
  • სადაც, სვამდნენ ყველა ტრადიციულ სადღეგრძელოს, გარდა მეორე ნახევრისა.შემდეგ ისევ ქალურ ბედნიერებას უსურვებდნენ ერთმანეთს.
  • სადაც, ვერ ნახავდით ქალს, რომელიც ქალურად ძალიან მოვლილი იყო.

ძალიან, დავითრგუნე და გავიფიქრე , რომ სისულელეა ყველანაირი ტრადიცია და მითუმეტეს სისულელეა ცხოვრება პატარა პერიფერიაში, სადაც ჩემს სიგარეტის მოწევას რესტორანში, ჯერ კიდევ ბევრი კომენტარები მოყვება და ამბობენ, რომ მე ძალიან თავისუფლად ვცხოვრებ. ასეთ შემთხვავაშჲ მგონია, რომ ჩვენგან თავისუფლებამდე ცა და დედამიწასავით შორია მანძილი.

მომეჩვენა, რომ ამდენივე მანძილით ვართ შორს ქალები კაცებისაგან და პირიქით.