Home მნიშვნელოვანი

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის როყიო სიტყვებისა არ იყოს “კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში”. დღე არ გავა, რომ საშინელმა კრიმინალურმა მოვლენამ არ შეძრას მოსახლეობა. “დაუთოება”, ძარცვა და სადარბაზოებში დახვედრა… შებინდებულზე ქუჩაში გასვლის გვეშინია. თუმცა ყველაზე შემზარავი მოვლენები, რაც ბოლო ხანებში ვითარდება სწორედ ყოფილი ცოლების თავზე ტრიალებს. უკვე სათვალავიც ამერია მერამდენე ახალგაზრდა, ლამაზი სიცოცხლით და ენერგიით სავსე ქალი შეიწირა ყოფილმა ქმარმა, შეყვარებულმა, პარტნიორმა და ა.შ.

ყოველი მეოთხე ქალი ძალადობის მსხვერპლია

ყოველი მეოთხე ქალი ძალადობის მსხვერპლია

საზოგადოება

რას აკეთებს საზოგადოება მაშინ, როდესაც მორიგი მსხვერპლი დაკრძალულიც არ არის? სოციალურ ქსელებში ასეთი კომენტარები ვრცელდება:

“გამოიყვანა წყობიდან!”

“თავი მოაკვლევინა”

“კაცია და ვეღარ მოითმინა”

“ეტყობა ბოზი იყო და მოკლა!”

“რა იცი, იქნებ ღირსი იყო?”

გასაკვირი ის არის, რომ ზოგიერთი კომენტარის ავტორი ქალია.

არსებობს საზოგადოება, რომელიც  ამართლებს მკვლელ მამაკაცს. არსებობს საზოგადოება, რომელიც დუმილით ხვდება შურისძიების მიზნით ქალების მასობრივი ხოცვის ფაქტებს.

ჩემთვის  ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერებაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ქალური სოლიდარობა.

იმის მაგივრად, რომ გავაპროტესტოთ, იმის მაგივრად, რომ დანაშაულის პრევენცია მოვითხოვოთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებს:

ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს, აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არცერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ, განსაკუთრებით, როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფორმით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი გარემოებაა შესასწავლი.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი გადაცემა “არჩევანში” აცხადებს:

საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. ამას აჩვენებს ის ციფრები, რომელიც დათვლილია სხვადასხვა მეთოდით. ერთადერთი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა – ქმრები კლავენ ცოლებს, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა.

stop-violence-against-women-kick

სახელმწიფო

ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ იცავს ქალთა უფლებებს ოჯახური კონფლიქტის დროს. დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა საპატრულო პოლიციის არასათანადო რეაგირებას. მაკა წივწივაძეს პოლიციაში არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ყოფილი მეუღლე მას მოკვლით ემუქრებოდა. მკვლელობის დილას ის მშობლებმა მიაცილეს სამსახურში. ასეთი ქმედებით შვილის სიცოცხლის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ფატალური შედეგი თავიდან ვერ აიცილეს.

საქართველოში ქალთა უფლებები დაცული არ არის. დამნაშავეები სამაგალითოდ არ ისჯებიან და უფლებადამცველის ან/და იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებები კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს სიტუაციას.

teach your sons to respect women

ეკლესია

ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქო და ეკლესია, რომელიც თავს ვალდებულად თვლის, მოაწყოს უზარმაზარი საპროტესტო აქციები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს. პატრიარქოს წარმომადგენელი აუცილებლად გამოვა ტელევიზიით ანტიდისკრიმინაციული კანონის თუ კაზანტიპის ფესტივალის შესახებ თავისი დადებითი ან უარყოფითი აზრის დასაფიქსირებლად. სამწუხაროდ ქალების მასობრივმა ხოცვამ, თვითმკვლელობამდე მიყვანამ და ჩაქოლვამ ვერ მიიქცია მათი ყურადღება. არანაირი განცხადება ან მოწოდება ამ თემასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა, გარდა იმისა რომ პატრიარქმა მოუწოდა ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ.

ასე მგონია, რომ ამ ქვეყანაში ქალები ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული. დროა შევცვალოთ ცნობიერება, შევაჩეროთ ქალთა მკვლელობები.

რა მოვიმოქმედოთ?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფომ ამ თემას ყურადღება უნდა მიაქციოს და დაიცვას ქალების უსაფრთხოება და უფლებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევუერთდებით და მხარს დავუჭერთ ყველა აქტივობას, რაც ქალებზე ძალადობის თემასთან დაკავშირებით გაიმართება.

თუმცა, ამასთან ერთად, საჭიროა სიღრმისეული და ფართო საინფორმაციო კამპანიების ჩატარება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. Pink.ge-ც ენთუზიაზმით ერთვება ამ პროცესში. ჩვენ მზად ვართ, მივცეთ ღია პლატფორმა ყველა ადამიანს, აზრის გამოსახატად. გამოგვიგზავნეთ სტატია, ფოტო ან ვიდეო მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრებები, პროტესტი და პრობლემის გადაჭრის გზები. 

მასალები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ იმეილით – editor@pink.ge ან facebook-ის მესიჯის საშუალებით. თუ თქვენს პირად ბლოგზე გაქვთ სტატია გამოქვეყნებული, გამოგვიგზავნეთ ბმული. ასევე მოგვწერეთ თქვენი იდეები, როგორ შეიძლება უკეთ ჩავერთოთ პროცესში და გამოვიყენოთ ფართო აუდიტორია პრობლემის გადაჭრის გზების საძიებლად.

დუმილი თანამონაწილეობაა!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?