Home მნიშვნელოვანი

ორიოდე კვირაა, Facebook-ზე აქტიურად ზიარდება ქალთა ისტორიები. ზოგი გულისამაჩუყებელია, ზოგი მამოტივირებელი, ზოგი ტრაგიკული, ზოგი იმედის მომცემი. უამრავი ქალი საქართველოდან აქ თავის ამბავს ჰყვება.

ყველა ისტორია ერთი გვერდიდან მოდის: “ქალები საქართველოდან”. აღწერაში ვკითხულობთ:

“ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, მისწრაფებებსა და მიღწევებზე, სხვები, ხშირად კი კაცი მწერლები თუ ისტორიკოსები წერდნენ. ქალის ხმის დუბლირებისას, ძალიან ხშირია იმ ნამდვილი და ცოცხალი ამბების დაკარგვა ან დამახინჯება, რაც ქალებს თავს გადახდენიათ, ქალებს აწუხებთ, ქალებისთვის არის უნიკალური. 150 ქალი, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებს საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ეს ისტორიები არ იქნება შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები – უნიკალური, აქამდე უცნობი და უჩინარი. ეს ამბები უხილავი და ჭრელი უმრავლესობის ხმაა.

Pink.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა, ამ ხმებს კიდევ უფრო მეტი ჟღერადობა მისცეს და ვებგვერდზეც გადმოვიტანოთ საქართველოს ქალების ამბები.

თვალი ადევნეთ გვერდს Facebook-ზე: ქალები საქართველოდან | Women from Georgia

თათო მახარაძე, 21 წლის, ბათუმი

“ამპუტაცია ჩემი ოჯახისთვის იყო მოულოდნელი, თორემ მე უკვე ხშირად ვფიქრობდი ამაზე და ვემზადებოდი. 7 წლის განმავლობაში ხელი უფუნქციოდ იყო და ტკივილები ცალკე მაწუხებდა. ფინანსური მდგომარეობა უკვე ისეთი დაგვიდგა, აღარაფერი შეგვეძლო. რაც კი გვქონდა ღირებული, ყველაფერი გაიყიდა და ეს უფრო მაწუხებდა, იმიტომ რომ ჩემ გარდა ორი და და ერთი ძმა მყავს. ამ დროს ყველაფერი ჩემზე იხარჯებოდა. ექიმი, რომელთანაც დავდიოდი, 13 წლიდან მიყურებდა და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან. ერთ-ერთი პროცედურის დროს პირველმა მე ვკითხე, ამპუტაციაზე ფიქრობთ-მეთქი? ძალიან შეცბა. ვწუხვარ, ახლა რომ გეუბნები, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრიაო. გვერდით დამიჯდა და მეუბნება, მამაშენს როგორ ვუთხრათ ეს ამბავიო. დავამშვიდე, რომ მამიკოსთან მე მოვაგვარებდი.

23 თებერვალს ამპუტაცია ბათუმში გამიკეთდა.

მე მინდოდა ეს ოპერაცია, რადგან ვთვლიდი, რომ ხსნას, შვებას, მოსვენებას მომიტანდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. საავადმყოფოში მეგონა, რომ უკვე შევეგუე კიდევაც ჩემს ახალ სხეულს. სახლში დაბრუნებისას კი ინსტიქტურად გავიხედე სახლის შესასვლელში მდგარი სარკისაკენ. პირველი განცდა იყო, რომ იქ აღარასოდეს მომინდებოდა ჩახედვა. ეს მომენტი იყო ძალიან რთული და დიდი შინაგანი გარდატეხა ჩემში. ამპუტირებულ ხელზე, სარკეში ჩახედვასა და ამის გასაჯაროებაზე უფრო მძიმე კი, შემდგომი პერიოდი აღმოჩნდა და იმის განცდა, რომ აღარც სტუდენტი ვარ, რადგან გაუგებრობა მოხდა და მკურნალობის პერიოდში სტუდენტური სტატუსი შემიწყვიტა უნივერსიტეტმა, აღარც მოსწავლე და თითქოს აღარავინ ვარ.

tato3ერთ-ერთ დღეს, ბულვარში სეირნობისას ჩემთვის შესაფერისი ველოსიპედი დავინახე. ჩემი ძმა მომეხმარა დაჯდომაში. ვეუბნები, „ხელი გამიშვი“ და თურმე ამ დროს მე უკვე დამოუკიდებლად ვატარებ. საოცარი იყო იმის განცდა, რომ მე რაღაცის კეთება ისევ შემიძლია! მერე, როცა ეს ველოსიპედი უკან მივუყვანე პატრონს, მითხრა, რომ ძალიან ვეცოდები და თუ გავივლიდი ხოლმე მასთან, უფულოდაც მათხოვებდა. ჩემთვის ეს იმდენად არასასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ სურვილი გამიქრა მასთან კიდევ მისვლის. ორი კვირის მერე ისევ მივედი იქ და სხვასთან ვიკითხე, საჩემო ველოსიპედი თუ ჰქონდა. ამ ბიჭმა მომინახა ერთ-ერთი, რომელიც გავატარე. პირველ დღეს ჩვეულებრივად ვიქირავე. ვხედავდი, რომ სხვებზე აღარც აქირავებდა ამ ველოსიპედს. მე მენდობოდა, ქალაქშიც მატანდა და თან ხელის მუხრუჭი მარცხენა მხარეს გადმოაწყო ჩემთვის, ფეხისაც დამიყენა. ეს ჟესტები ჩემთვის ძალიან დადებითი იყო, გასაოცარიც კი. შემხვდა ადამიანი, რომელიც სიკეთეს ისე აკეთებს, რომ არ კოპლექსდები და არც უარის თქმის სურვილი გიჩნდება. მოკლედ, ძალიან დავმეგობრდით.

სწავლა უნივერსიტეტში მაინც გავაგრძელე.
სწავლის გაგრძელების სურვილი დამიბრუნდა იმიტომ, რომ აღარ მინდა რაც მე გამოვიარე, სხვებმაც განიცადონ. აღარ მინდა ჩემი დისშვილები და ძმისშვილები ხედავდნენ, მაგალითად, როგორ კვდებიან მათ გვერდით ბავშვები. აღარ მინდა რომელიმე დიაგნოზი საშიში იყოს საქართველოში.
ასე გადავწყვიტე, რომ ჩემი დიდი გატაცება – კულინარია – ჰობად დავტოვო და ამ პრობლემებზე ვიმუშაო!”

მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი

მაკა ქებურია

მაკა ქებურია

„2015 წლის 23 ნოემბერს ორი ტყუპი გოგო შემეძინა. 1 წლის თავზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატში, იაპონიაში ვაპირებ ვიასპარეზო. კარატე ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს საშუალება, სერიოზულად დავკავებულიყავი ამ სპორტით. რა გოგოს საქმეაო, მეუბნებოდნენ. სერიოზული ვარჯიში კიო კუშინ კარატეში, მოგვიანებით, 2006 წელს დავიწყე და ერთ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოვიპოვე. ამის შემდეგ არაერთგზის გავხდი ეროვნული ჩემპიონი. მოგვიანებით ევროპის ჩემპიონატში ორჯერ ვიასპარეზე და ორგზის გავხდი ევროპის ჩემპიონი. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვგეგმავ. ოჯახს და ბავშვების გაჩენას არ შევუშინებივარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს სპორტულ კარიერას მივატოვებდი. მიუხედავად იმისა, რომ კარიერისა და ოჯახის შეთავსება ურთულესია ქალისთვის, როცა ორი ჩვილი გყავს – ბავშვებს უნდა მოუარო, თავის დროზე გამოკვებო, სადილიც უნდა გაამზადო. ჩემი რეჟიმი შევიმუშავე და მას მივყვები: როცა ბავშვებს ძინავთ, მაშინ ვვარჯიშობ. დღეში 5 საათი მიწევს ვარჯიში. ამ სპორტში ბევრი ქალი იმიტომ არ არის, რომ კიო კუშინი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რთულია ქალებისთვის ოჯახის საქმესთან შეთავსება. მე ვიცნობ ქალს, რომელიც მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო, ძალიან კარგი შედეგები ქონდა, მაგრამ ოჯახის სანაცვლოდ მოუწია სპორტისთვის თავის დანებება. მე მჯერა, რომ თუ მიზანი მექნება, ყველანაირ მიზეზს გვერდით გადავდებ და კიდევ ბერვჯერ მოვიპოვებ გამარჯვებას. მიხარია, რომ ამაში ქმარიც ხელს მიწყობს. გულდასაწყვეტი ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფინანსები სპორტსმენის საერთაშორისო ასპარეზზე გასამგზავრებლად, მით უფრო კიო კუშინის მიმდევარი ქალის დასაფინანსებლად. იმედი მაქვს, რომ იაპონიაში ჩემი ასპარეზი მგზავრობის ხარჯების უქონლობის გამო არ გადაიდება და საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას ვაჩუქებ“.

რედაქციის შენიშვნა: ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ონლაინ კამპანიის მეშვეობით შეგროვდა მგზავრობის ხარჯების დასაფარი თანხა და მაკა 23 ნოემბერს საასპარეზოდ მიემგზავრება.

გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი

guli

გული ხურცილავა

„მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთნამეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა. იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო.

გზაში გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა კაცს ისეთი ქალი შეყვარებია, რომლის ცოლად მოყვანასაც ვერ შეძლებდა. ამ კაცის ოჯახი დიდი ხანია ეძებდა პატარა გოგოს, რომელსაც შერთავდნენ და იმ ქალთან დააცილებდნენ. არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ და ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. გზაში რომ მივდიოდი, რამდენჯერმე დავაპირე გაქცევა, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მე ხო მისი არც სახელი და არც გვარი ვიცოდი?! ჩემს მშობლებს დაემუქრნენ, თუ არ მიმათხოვებდნენ, სახელს გამიფუჭებდნენ. მამა დასთანხმდა. მე ვინ მეკითხებოდა რამეს, მხიარული, ბავშვური ვიყავი და ამბობდნენ, გადაიტანსო. არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა, ლეილა დამარქვეს, ჩემი ქმრის დის საპატივცემულოდ. მე კიდევ გული უფრო მომწონდა. ჩემს ქმარს იმ ქალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გაბოროტებული ბრუნდებოდა სახლში და მემუქრებოდა. მე მადანაშაულებდა, რომ მისი სიყვარულის საქმეც უიღბლოდ წავიდა. სახლშიც ვერ ვბრუნდებოდი, მშობლემა მითხრეს, სახელს ნუ შეარცხვენ ჩვენსასო. დავრჩი, ასე, მარტო ჩემს დარდებთან. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა, სიმღერა გავიგონე. სისხლი მომაწვა გულზე. მაგრამ არ ვუპასუხე. მომერიდა, მაშინ ხომ უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი და ოთხი შვილი მყავდა…
მხოლოდ მაშინ, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, გავბედე და წამოვედი. 39 წლის ვიყავი და მარტომ დავიწყე ცხოვრება თავიდან. დავივიწყე ლეილა და გავხდი ისევ გული. მაგრამ ვერცერთი ჩემი ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. სიმღერა მინდოდა, სწავლა მინდოდა მუსიკალურში… არ გამომივიდა. ჩემს ოცნებებს დღიურებში ვწერ. ორი სქელტანიანი რვეული მაქვს სავსე ჩემი ლექსებით, დარდებით, წუხილებით და მოგონებებით. დრო რომ დაბრუნდეს, მაშინ იმ დღეს, იმ ბიჭმა რომ ჩამომაკითხა, უკანმოუხედავად გავყვებოდი.“


© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტორები: მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

შენ რას იტყვი?