ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.

თქვენც შეგიძლიათ, არ დამიჯეროთ, თუმცა ვინ იცის, იქნებ უჩემოდაც კი გსმენიათ ამდაგვარი ფაქტების შესახებ – როგორც შემდგომში გავარკვიე, თურმე მსგავსი ფორმულირება სულაც არ ყოფილა უცხო საზოგადოების გარკვეული ფენისათვის. ისე კი, საქმე მხოლოდ ფორმულირებაში როდია…

რამდენიც არ უნდა გვიმტკიცოს სულმნათმა რუსთაველმა, ლეკვი ლომისა სწორიაო, ფაქტი ფაქტად რჩება: საზოგადოებრივი აზრი ისევე შორს არის ამ ჭეშმარიტების აღიარებისგან, როგორც თბილისი ამერიკის დედაქალაქისგან. არ გჯერათ? მაშინ სინჯეთ და რამდენიმე საათი სამშობიაროს მოსაცდელში გაატარეთ. ქართული საერთოდაც რომ არ გესმოდეთ, მაინც იგრძნობთ იმ განსხვავებას, ბიჭისა და გოგოს ამქვეყნად მოვლინებას რომ ახლავს ოჯახში.

ვის უნდა დარჩეს ჩემი ქონება?! სიძეს?! ან გვარი ვიღამ უნდა გამიგრძელოსო, ისე კითხულობს ერთი ვინმე სამჭკუაშვილი, თითქოს საქმე სამეფო დინასტიის მომავალს ან ფორდის იმპერიის სავარაუდო მფლობელს ეხებოდეს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, რაღაცნაირად გული მტკივა იმ პატარა ადამიანების მაგივრად, ცხოვრებას XX ქრომოსომული კომბინაციით რომ იწყებენ.

ჰო, მართლა… ქრომოსომებზე გამახსენდა.“ბიჭი ვერ გამიჩინა“, – მოგისმენიათ, ალბათ, როგორ ჩივიან ხოლმე მეუღლის მისამართით „გულდამწვარი“ მამაკაცები. არა, ქვეყანა მართლა ჩალით არის დახურული, თორემ ვის მოუვიდოდა აზრად, ქალი დაედანაშაულებინა იმაში, რაშიც 100%-ით თავად არის „დამნაშავე“. გენეტიკის ღრმა ცოდნა არ უნდა, სასკოლო განათლებაც საკმარისია იმისათვის, დარწმუნებული რომ იყო, ბიჭის ჩასახვას მხოლოდ მამაკაცის ბუნებრივ არსენალში მყოფი Y ქრომოსომა განაპირობებს და ქალი, როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს, მის გარეშე ვერაფერს გახდება.

ისე, სამართლიანობის ხათრით, უნდა ითქვას, ახალდაბადებული ქალიშვილის მამაც არ არის მთლად კარგ დღეში და, მართალია, ამ „საპატიო“ სტატუსის მისალოცად ყურს არავინ უწევს, უწევს მოუსმინოს და შეძლებისდაგვარად მოინელოს კიდეც ათასგვარი გადაკრული გამონათქვამ-გამონახტომი „შპარგალკებისა“ და სავალდებულო კონსულტაციების შესახებ. აი, ასე იწყება ქალის ცხოვრება ჩვენს მზიურ სამშობლოში.

მერე პატარა გოგონა გაიზრდება და აღმოაჩენს, რომ მისი ძამიკო არამარტო კუნთებით არის მასზე მაგარი, არამედ – მშობლების უპირობო მხარდაჭერითაც. მაგალითად, დედ-მამა მას ანიჭებს უპირატესობას, როცა საქმე სასურველი პროფესიის შეძენას ეხება – მთავარია, ბიჭმა ისწავლოს, თორემ გოგო გათხოვდება და პატრონს იშოვის. გოგონას მიმართ მეტ სიმკაცრეს იჩენენ – სანამ პატრონს ჩაბარდება, რამე “ისეთი” არ ჩაიდინოს და ა.შ.
მომავალ ქალში თანდათანობით ყალიბდება და ძლიერდება არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც პატრონზე (ჯერ მამასა და ძმაზე, ხოლო შემდეგ – ქმარზე) დამოკიდებულებაში ვლინდება.

გარდა ამისა, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ოჯახური მემკვიდრეობა, ყოველგვარი სამართლიანობისა და სამოქალაქო კოდექსის გვერდის ავლით, შთამომავლობაზე სქესობრივი ნიშნით გადადის. უფრო კონკრეტულად, ოჯახის ძირითადი ქონება მთლიანად ვაჟის საკუთრებად ითვლება და ქალი – ამასთან შედარებით, უმნიშვნელო მზითვით ან სულაც მის გარეშე – სამუდამოდ იდევნება ოჯახური კერიდან.

ვაზვიადებ? სულაც არა. მიმოიხედეთ გარშემო. რამდენ ქალს იცნობთ, ვინც აუტანელ ოჯახურ ყოფას მხოლოდ იმიტომ ეგუება, რომ, ქმართან გაყრის შემთხვევაში, წასასვლელი არსად აქვს და თუკი ასეთი რამ მაინც გაბედა, ბავშვებთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდება – აბა, ძმას და რძალს ხომ არ მიადგება სახლში და რომც მიადგეს, ვინ მიიღებს?

მოდი, თავს ნუ დავიმშვიდებთ იმით, რომ ყოველთვის ასე არ ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ ღირსეული გამონაკლისები, თუმცა, საზოგადოების უფრო აქტიური პოზიციის უქონლობის შემთხვევაში, ძალიან მეეჭვება, გამონაკლისი ნორმად იქცეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?