Home მნიშვნელოვანი

დამთრგუნველია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით: განვითარებულ ათასწლეულში ჯერ კიდევ არსებობენ მოძალადე მამაკაცები და მსხვერპლი ქალები. ნიშანდობლივია, რომ ძალადობა ოჯახში ან სექსუალური ძალადობა ქალზე ტაბუირებული თემებია. ამაზე არ ლაპარაკობენ და ხშირ შემთხვევაში ითმენენ. ყველაზე ცუდი ისეთი შემთხვევებია, როდესაც ქალები ვერც აცნობიერებენ მათზე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთ სახეს. პირველი ეტაპი ძალადობისგან თავის დასაღწევად იმის გაცნობიერებაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ. ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ძალადობის სახეები, რათა იოლად შევძლოთ თავის დაცვა ან თავის დაღწევა სიტუაციიდან.

ძალადობის სახეები

არსებობს ქალებზე ძალადობის რამდენიმე სახე, რომელსაც სამართლებრივ ჭრილში შეგიძლია ამ სტატიაში გაეცნო.

სექსუალური

სექსუალურ ძალადობაში მოიაზრება სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით, ქალის სურვილის წინააღმდეგ. თუმცა სექსუალური ძალადობა მხოლოდ სქესობრივ კავშირს არ გულისხმობს. სექსუალური ძალადობაა ნებისმიერი ტიპის ძალადობა/შეურაცხყოფა, რომელიც სექსუალური ხასიათისაა. სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი სახეა გაუპატიურება ქორწინებაში, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულად.

ფსიქოლოგიური

ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობის ფარული, მაგრამ მნიშვნელოვანი ფორმაა. ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ იმის აღქმა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან და მძიმე წნეხის ქვეშ ექცევიან. ასეთი ძალადობის მიზანია მსხვერპლის თვითშეფასების დადაბლება და მისი დაეჭვება საკუთარ ინტელექტუალურ, ფიზიკურ თუ მორალურ შესაძლებლობებში, რეალობის ადექვატურ აღქმაში. ფსიქოლოგიური ძალადობა მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური განადგურების ერთგვარი ფაზაა, რომელმაც შემდეგში რთული ფორმები შეიძლება მიიღოს. თქვენ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხართ თუ თქვენ წინააღმდეგ ხორციელდება:

  • ყვირილი, ხმამაღალი ლაპარაკი, გინება, ბრაზიანი გამომეტყველების და ჟესტიკულაციის გამოყენება.
  • კნინობითი სახელების დარქმევა, დაცინვა, დამცირება, სასაცილოდ აგდება, ბრალდება, გრძნობების იგნორირება. (კრიტიციზმი)
  • მუქარა (სიტყვიერი, არასიტყვიერი, პირდაპირი ან ნაგულისხმევი)
  • დაშინება (გასასვლელის ჩაკეტვა, შესაშინებელი ჟესტიკულაცია, ძალის დემონსტრირება, დარღვევებით მანქანის მართვა, სახიფათო სიტუაციაში ჩაგდება, კედელზე ხელის დარტყმა, მაგიდაზე ბრახუნი, საგნების დახეთქება)
  • ჰარაზმი (დაუპატიჟებელი ვიზიტები და ზარები, კუდში დევნა, შემოწმება, საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება)
  • ზეწოლის ტაქტიკა (აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას, იყენებს ბრალდებებს, ცუდ განწყობილებას, ემუქრება სასიყვარულო კავშირებით, მანიპულირებს ბავშვებით, მეგობრებს მის წინააღმდეგ განაწყობს)
  • იზოლაცია (აკონტროლებს და ზღუდავს ქალის გადაადგილებას და შეხვედრებს, უკრძალავს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, უკრძალავს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლას, არ აძლევს ტელეფონის გამოყენების საშუალებას)
  • ეჭვიანობა, ღალატში დადანაშაულება.

ეკონომიკური

ეკონომიკური ძალადობის მიზანი: ქალმა ვერ მოიპოვოს ფინანსური დამოუკიდებლობა, რადგან ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მის პიროვნულ თავისუფლებას. ფინანსური დამოუკიდებლობა მოძალადის პოზიციებს საგრძნობლად არყევს და ხშირად მსხვერპლი ხელიდანაც ეცლება. სწორედ ეს ფაქტორია ეკონომიკური ძალადობის ძირითადი მიზეზი. თქვენზე ეკონომიკური ძალადობა ხორციერლდება თუ გიკრძალავენ:

  • სამსახურში სიარულს
  • ოჯახის ბიუჯეტი და ფინანსური გადაწყვეტილებები თქვენს გარეშე ხორციელდება
  • გეზღუდებათ ფინანსური წყარო
  • გართმევენ საკუთარ ფულს
  • მოძალადე მთელს თანხას საკუთარ თავზე ხარჯავს

ფიზიკური

2009 წელს გაეროს მოსახლეობის კვლევის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით  ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია პარტნიორის მხრიდან. ქალების 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა  მხოლოდ ოჯახის საქმეა და მისი გარეთ გატანა ან სამართალდამცავების ჩარევა დაუშვებელია. ქალების 34,1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს. საგანგაშოა გამოკითხვის შედეგები ოჯახში ქალის როლის შესახებაც.

ფიზიკური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებილი ფორმაა, ასეთ შემთხვევაში მსხვერპლისთვის ცხადია, რომ მასზე ძალადობა ხორციელდება. ბოლოს ჩატარებული გამოკლვევების შედეგები და სტატისტიკა შემაშფოთებელია, თუმცა განგაშის ზარების შემოკვრის ნაცვლად, გამოკითხული ქალების 78% მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა!

გენდერული

გენდერულ ძალადობად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომლის გამოყენებითაც ქალს ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიადგება. როგორც ვხედავთ, ძალადობის ფორმები მრავალგვარია. ზედმეტია მტიცება თითქოს ოჯახებში ძალადობა არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ბოლო ხანებში ტაბუირებული თემები მაინც ხვდება საზოგადოების სამსჯავროზე. თითოეული მსგავსი ისტორია კი მართლაც შემზარავია და შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებშიც ფეხქვეშ ითელება. დამნაშავეები რიგ შემთხვევებში შესაბამისად არ ისჯებიან – ეს სახელმწიფოს დანაშაულია ქალთა მიმართ, რაც მოძალადეების საქციელის წახალისებაა. გასული ორი კვირის განმავლობაში  დაფიქსირებული შემთხვევების არასრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. თუ გახმაურებელი შემთხვევები და მსხვერპლი ასეთ კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება მალულად, ისეთ ოჯახებში სადაც თავად ქალების გადაწყვეტილებით ძალადობა მხოლოდ “ოჯახის საქმედ” რჩება?!

გვემუქრება თუ არა ძალადობა და როგორ დავიცვათ თავი

მონიშნე ყველა შესაბამისი პასუხი:

View Results

Loading ... Loading ...

რაც უფრო მეტი დადებითი პასუხია გამოკითხვაში მით მეტია ძალადობის ხარისხი. თუ კითხვების უმრავლესობას დადებითი პასუხი გაეცი, უკვე დროა გადადგა ნაბიჯი, რამე შეცვალო შენს ცხოვრებაში. თავის დაცვა და ძალადობისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივია, თუმცა არა – შეუძლებელი.

როდესაც თავად გავხდი ძალადობის მსხვერპლი პირველი, რაც აზრად მომივიდა საპატრულო პოლიციაში დარეკვა იყო. მოძალადე არ ელოდა, თუ ერთი “უბრალო” შეურაცხყოფის გამო ორდღიან პატიმრობას და ფულად ჯარიმას მიიღებდა. ეს გამოცდილება ალბათ ხშირად გაახსენდება, როდესაც ისევ დააპირებს ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

თუ დიდი ხანია ფიქრობთ შეცვალოთ და არ გაქვთ საჭირო ფინანსები ან თავშესაფარი დარეკეთ ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე  – 309 903, სადაც აუცილებლად აღმოგიჩენენ პირველად დახმარებას.

წარმატებებს გისურვებ და გირჩევ, არ აიტანო შენ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ბავშვების გამო აკეთებ, რადგან შეუძლებელია შენი შვილები თავს კარგად გრძნობდნენ არაჯანსაღ გარემოში. ითხოვე დახმარება! ამით საკუთარ თავსაც დაეხმარები და შენს შვილებსაც საშუალებას მისცემ, გაიზარდონ ჯანსაღ ოჯახში, სადაც ქალის როლი დაკნინებული არ არის და მათ დედას გააჩნია საკუთარი, ძლიერი ხმა და ნებისყოფა წინ აღუდგეს უსამართლობას! გახდი სიმამაცის საუკეთესო მაგალითი! ეს უკეთეს მშობლად გაქცევს.

შენ რას იტყვი?