ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით – განგვიმარტავს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.

თურმე ისეც ხდება, რომ ოჯახი, რომელიც მრავალ ჩვენგანს გარესამყაროს აგრესიისგან დამცავ ციხე-სიმაგრედ წარმოუდგენია, საპყრობილედ ექცევა ხოლმე ადამიანს. ქვემოთ ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს განვიხილავთ.

violence

ფიზიკური ძალადობა

ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება (მაგალითად, თამბაქოს მოწევა საერთო ოთახში მისი თანხმობის გარეშე).

ამ რანგის დანაშაულს მიეკუთვნება ასევე: ოჯახის წევრის სახლში ჩაკეტვა ამა თუ იმ მიზეზით; საკვების, წყლის, აუცილებელი მედიკამენტის გარეშე დატოვება.

ფსიქოლოგიური ძალადობა

ძალადობის საკმაოდ დახვეწილი, გარეგნულად ნაკლებად აგრესიული ფორმაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გაცილებით მძიმე და შეუქცევადი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის, ვიდრე ფიზიკურ ძალადობას.

სიტყვიერი შეურაცხყოფა, პიროვნების დამამცირებელი ეპითეტებით მოხსენიება, დაცინვა, აბუჩად აგდება ძალადობის ძალიან გავრცელებული დანაშაულებრივი ფორმებია. მასვე მიეკუთვნება ნებისმიერი ტიპის მუქარა, შანტაჟი და ა.შ.

ზოგჯერ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, განსაკუთრებით, უცხო თვალისთვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ გაუჭირდებადაასახელოს მაგალითი, როცა უსიტყვოდ, მხოლოდ მიმიკითაც კი (წარბის აწევა, დამცინავი გამომეტყველების მიღება, გამაღიზიანებელი ბგერების გამოცემა) შესაძლებელია ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა და მასზე დამანგრეველი ზემოქმედების მოხდენა, მით უფრო, თუ მსგავსი ტიპის წამებას (სხვა სახელს ვერ დაარქმევ) სისტემატური ხასიათი აქვს.

violence1

სექსუალური ძალადობა

მოცემული ტიპის ძალადობას იმაზე ხშირად აქვს ადგილი  ოჯახურ ურთიერთობებში, ვიდრე ნორმალურ ადამიანს ამის წარმოდგენა შეუძლია. რაც ყველაზე აუტანელია, იგი ხშირად დანაშაულის ფორმად არც კი მიიჩნევა – არც მოძალადის და არც მსხვერპლის მხრიდან.

აბა, რა არის იმაში განსაკუთრებული, თუ შეზარხოშებულმა ქმარმა თანამეცხედრესთან მისი სურვილის საწინააღმდგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა ან მის ფიზიკურ მდგომარეობას ანგარიში არ გაუწია (მენსტრუალური ციკლი, ორსულობა, რთულად მიმდინარე მენოპაუზა, მკურნალობის პროცესი), ვერ მოითმინა და იძლებით მოითხოვა ცუდად გაგებული ცოლქმრული მოვალეობის აღსრულება?

კიდევ უფრო საგანგაშოა, როცა სექსუალურ ძალადობას არა მხოლოდ ცოლ-ქმარს, არამედ მშობლებსა და შვილებს შორის აქვს ადგილი. ვიგონებ? ნეტავ, მართლა მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგალითად, ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის მონაყოლი იმის თაობაზე, თუ როგორ აიძულებდა ალკოჰოლის (უფრო სავარაუდოა, ნარკოტიკული საშუალების) ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამა მცირეწლოვან ქალიშვილს… ენასაც კი უჭირს ამისი თქმა… მინეტის გაკეთებას. ჰო, ხანდახან გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ!

ეკონომიკური ძალადობა

მშობელი ან მეუღლე მუშაობას გიკრძალავს, არ გაძლევს საერთო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლებას, იძულებით გართმევს ან დაუკითხავად იყენებს შენს ფულს თავისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? – ნებისმიერ აქ ჩამოთვლილ და კიდევ ბევრ მსგავს შემთხვევაში, კანონი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლად მიგიჩნევს და მზადაა, დაიცვას შენი უფლებები.

ეკონომიკურ ძალადობად ითვლება აგრეთვე, როცა, საერთო ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, არ მუშაობ (ბავშვების აღზრდა, ავადმყოფის მოვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობა) და ამის გამო ოჯახის დასაქმებული წევრი, ვთქვათ, მეუღლე ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებელ თანხას არ გაძლევს.

ოჯახური ძალადობისგან პიროვნების დაცვა, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს, თუმცა ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის არც საკუთარი უფლებების და არც იმ ღონისძიებების შესახებ, რაც მას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

ჩვენი საუბარი უფრო შედეგიანი რომ გავხადოთ, მოგაწვდი ოჯახური ძალადობის პრობლემებზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციის საკონტაქტო მონაცემებს. გამოიყენე ისინი, როგორც ზემოაღწერილ საკითხებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება. საჭიროების შემთხვევაში კი, დაეხმარე საკუთარ თავსაც და ძალადობის მსხვერპლად ქცეულ სხვა ადამიანებსაც.

violence2

გარდა უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა, ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ მსხვერპლისათვის დახმარების გაწევა, კანონით დადგენილი ვადით (3 თვე), ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში განთავსებასთან დაკავშირებით, რომლის ადგილმდებარეობაც, ბუნებრივია, გასაიდუმლოებულია.

1. გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM) მიერ შექმნილი ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი – ტელ. 2 309 903

2. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

მისამართი: თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის ქ. N9

ტელ/ფაქსი: 2 95 06 79

ცხელი ხაზი: (832) 2 72 67 17

ელ-ფოსტა: : antiviolence@avng.ge

საიტი: http://www.avng.ge

3.    ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“

მისამართი: თბილისი, ღამბაშიძის 3
ტელ.: 2 98 90 80
ცხელი ხაზი: 895 23 21 01
ელ.ფოსტა: sakhli13@hotmail.com

4.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

იურიდიული კონსულტაცია:

თბილისი, უზნაძის ქ. #101
ტელ.: (995 32) 299 50 76
ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge

5. სახალხო დამცველის ოფისი 

საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად მიჰყევი ბმულს.