Home მნიშვნელოვანი

ამ დღეებში მთელი ინტერნეტ-სივრცე მოიარა ვიდეომ, რომელიც ახალგაზრდა დედის წერილს ეძღვნება. მან ახლახანს აღმოაჩინა, რომ მისი მომავალი შვილი დაუნის სინდრომის მატარებელია და პასუხს ითხოვს კითხვაზე, როგორი ცხოვრება ელის მის პატარას, თუ ის დაიბადება. ესეც პასუხი ძვირფასი მომავალი დედისთვის:

21-ე ქრომოსომის ტრისომია, გენეტიკური ანომალია, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები, სტიგმა – დაუნის სინდრომს სწორედ ასეთი უცნაური სიტყვები მოჰყვება-ხოლმე თან. თუმცა ეს ბევრისთვის გაუგებარი და დამაბნეველი უფროა, ვიდრე რამე ინფორმაციის მატარებელი.

მარტივად რომ ავხსნათ ეს ამბავი, ცოტა გენეტიკაშიც უნდა გავერკვეთ. როდესაც განაყოფიერებისას სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმა ხდება, გარკვეულ ეტაპზე დედის ან მამის იდენტურ ქრომოსომებს შორის “ინფორმაცია იცვლება”. დაუნის შემთხვევაში ეს ქრომოსომები (როგორც წესი, 21-ე ქრომოსომა) სრულყოფილად დაცილებას ვერ ახერხებენ და შედეგად, ნორმალური, 46-ქრომოსომიანი კომპლექტის ნაცვლად კიდევ ერთ ზედმეტ ქრომოსომას ვიღებთ, რაც დაუნის სინდრომით გამოვლინდება.

რადგან ჩვენ მათ ხშირად ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ გვერდით არ ცხოვრობენ. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკა გეუბნება, რომ ყოველი 1 ახალშობილი 800-დან, ანუ 6 000 ბავშვი წელიწადში სწორედ დაუნის სინდრომით იბადება. და თან ეს იმის ფონზე, რომ ორსულობის დროს სკრინინგ ტესტებით და სხვა გამოკვლევებით დადასტურებული დაუნის სინდრომიანი ნაყოფების 70 %-ის მოცილება ხდება. მიმდინარე მონაცემებით მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე ამ სინდრომის მატარებელი 350 000 ადამიანი ცხოვრობს.

დედის მიზეზით ხდება ეს თუ მამის (დიახ, ყოველთვის დედა არ გახლავთ დამნაშავე!), ასეთი ბავშვები მაინც იბადებიან და არც თუ მარტივი ცხოვრება აქვთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, არ გვინდა დავინახოთ, ვინ არიან ისინი, რა შეუძლიათ, რა უყვართ, როგორ ცხოვრობენ…

დიახ, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ, იცხოვრონ და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც გახდნენ. მართალია, ეს მათთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩემთვის და შენთვის, თუმცა – არა შეუძლებელი. რა შეგიძლია გააკეთო მათთვის? აღარასდროს მოიხსენიო სიტყვა “დაუნი” არასწორ კონტექსტში, რადგანაც დაუნის სინდრომი სასირცხვილო არ გახლავთ! ეს ადამიანები შენ გვერდით ცხოვრობენ, მათსა და შენ შორის განსხვავება მხოლოდ ერთი ზედმეტი ქრომოსომაა!

21 მარტის სიმბოლო ჭრელი წინდებია. ამ დღეს ყველა მსურველს შეეძლება მათი შეძენა და ამ ჟესტით საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ დაუნის სინდრომის მქონეთა პრობლემები მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ დაუნის სინდრომის მატარებელთა 97%-ს მოსწონს საკუთარი თავი. შეიყვარე ისინი შენც!

down syndrome

8 კომენტარი to this post
  1. მყავს მეზობელი ხათუნა დაუნის სინდრომით,როცა პატარა იყო ვერ ვგრძნობდით მის არსებობას,ისეთი უწყინარი იყო,ახლა ის 25 წლისაა,მწუხაროდ უკვე აგრესიული, უხეში და დაუმორჩილებელი გახდა, ყველას გვიყვარს მაგრამ…….იქნებ გვირჩიოთ თუ გვიან არ არის როგორ დავეხმაროთ. მადლობთ.

    • დაუნის სინდრომის მატარებელნი, როგორც წესი, აგრესიულნი არ არიან. ეცადეთ დაანახოთ პოზიტიური ქცევის მაგალითი და იყოთ მომთმენნი.

შენ რას იტყვი?