Home მნიშვნელოვანი

წერილი გამოგვიგზავნა დეშელისგან დაზარალებულმა მომხმარებელმა ირმა ც.-მ. Pink.ge პასუხს არ აგებს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.

ახლობლები მირჩევენ დავივიწყო „დეშელი“. მეც ვცდილობ, მაგრამ ვფიქრობ დუმილი არ იქნება სწორი ჩემგან, რადგან არიან ქალბატონები, ვისაც აქვთ „დეშელი“-სთან ურთიერთობის 1-3-4-6- და ა.შ. მძიმე ურთიერთობის თვეები…

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

დღე I – სატელეფონო ზარი: უფასო აქციაზე მიწვევა;

დღე II – უფასო აქციაზე წასვლა, სახლში დაბრუნება 1590 ლარიანი საკრედიტო ვალდებულებით;

დღე III

ბანკში მისვლა კრედიტის გასაუქმებლად – უშედეგო;

„დეშელ“-ში ბანკის წარმომადგენელთან მისვლა ტრანზაქციის შეჩერების მოთხოვნით – უშედეგო,

„დეშელი“-ს იურისტთან და ჩემს კონსულტანტთან საუბარი და განცხადების დაწერა ხელშეკრულების შეწყვეტის თხოვნით – მოცემული პირობა:  „პასუხი 10 დღეში გეცნობებათ“.

10 დღის შემდეგ: კომპანიაში მისვლა მეგობარ იურისტთან ერთად – ოფიციალური პირი არ შეგვხვდა, პასუხი ჩემს განცხადებაზე არავის არ აქვს.

4 დღის შემდეგ:  შეხვედრა იურისტთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან – უარი ჩემს განცხადებაზე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის არქონის გამო. მე-2 განცხადების დატოვება.

4 დღის შემდეგ:  შეხვედრა-საუბარი ჩემი და კიდევ  4 უკმაყოფილო კლიენტისა კომპანიის ოფიციალურ პირებთან – კაბინეტის კართან მოჰყავთ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები  – ჩემი მოთხოვნაა  მითხრან რა ვადაში გამეცემა პასუხი განცხადებაზე.

13 დღის შემდეგ: „დეშელი“-ში მისვლა. ჩემი მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტაზე დაკმაყოფილდა, რაც „დეშელი“-ს მხრიდან „კეთილი“ ნების შედეგია – ჯარიმა 350 ლარი – ღიმილი – რჩევა:  გამოვიდე იმ ინტერნეტ-საიტებიდან, სადაც დაზარალებულები ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ.

ჩემი მონათხრობი ემოციებით არ დავტვირთე,  არ აღვწერე კომპანიის შენობაში ჩემზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა (იხილეთ დანართი #1). ზოგადად ადამიანებისაგან კეთილგანწყობით ვარ განებივრებული, ადამიანური, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებითაა ჩემი ცხოვრება სავსე. სტრესები კი არაერთი მქონია ცხოვრებაში. მაგრამ ეს ერთი თვე და 3 დღე ჩემთვის განსხვავებულად  მძიმე იყო, რადგან ყოველი დღე და ყოველი წუთი ვცხოვრობდი იმ განცდით, რომ მე მომატყუეს, დამამცირეს, მაშინებენ: – ხელი მოაწერე? ვინ დაგაძალა? ვინ დაგიჯერებს? მოსამართლეს გაეცინება, საქმეს წარმოებაში არც მიიღებს,  ფული თუ არ გაქვს, სასამართლოს ფული გექნება? ბანკი მაინც გადაგახდევინებს, კომპანია ჯიბრში ჩაგიდგება…

desheli

როგორ მომატყუეს ? ამის შესახებ მე დავწერე ჩემი პრეტენზია, რომელიც ჩემი ადვოკატისათვის უნდა მეჩვენებინა და საჭიროებისამებრ წარმედგინა სასამართლოში. ამ წერილის ბოლოს თქვენ ნახავთ ამ პრეტენზია-საჩივარს (იხილეთ დანართი #2).  ახლა კი მინდა რჩევები მივცე და სურვილები გავუზიარო :

1. ქალბატონებს, ვისაც „დეშელისთან” ურთიერთობის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნებები აქვთ:

  • იყავით ლამაზები, ჯანმრთელები, გულისხმიერები;
  • იცოდეთ, რომ არიან ქალბატონები, ვინც “დეშელიმ” დააზარალა  ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, შეურყია ჯანმრთელობა, ხოლო “დეშელის” კოსმეტიკამ მისცა ალერგია, გაუფუჭა სახის კანი
  • პატივი ეცით ამ ქალბატონების პოზიციას „დეშელი“-სთან მიმართებაში.

2. ქალბატონებს, ვისაც ჯერ არ ჰქონიათ „დეშელი“-სთან შეხება:

  • ელოდეთ სატელეფონო ზარს, ყურთასმენა და მეხსიერება დაძაბეთ, როცა ამ ზარით კოსმეტიკური კომპანია („დეშელი“, „ლაქშერი კოსმეტიკს“, „დაიმონდ თრეჟერს“ და სხვ.) მიგიწვევთ უფასო აქციაზე, გაცნობებთ პრიზის მოგებას და ა.შ.
  • ნუ წახვალთ ამ აქციაზე , რადგან თქვენ შესაძლოა ისე შემოგთავაზონ კოსმეტიკისა და მომსახურების  შეძენა, რომ არ მოგცენ სრული ინფორმაცია ამ კოსმეტიკისა და მომსახურების საერთო ღირებულებაზე, არ გაგაფრთხილონ, რომ  შეძენის შემთხვევაში 2 წლიან განვადებას გიფორმებენ ბანკის მეშვეობით (1590 ლარიდან 3000 ლარამდე). და თქვენ შესაძლოა წინასწარ დაუგეგმავი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენდა საზიანოდ.
  • თქვენ შესაძლოა ალერგია მოგცეთ ამ კოსმეტიკამ, ხოლო კონსულტანტები შესაძლოა არც იყვნენ კომპეტენტურები ასეთი რეაქციების შეფასებაში სამედიცინო თვალსაზრისით და არ იყვნენ მზად თქვენს დასახმარებლად.
  • თქვენი სახის კანის მდგომარეობა ამ კოსმეტიკის მრავალჯერადი გამოყენებით შესაძლოა გაუარესდეს კიდეც.

3. რჩევები „დეშელი“-ში მომუშავე პერსონალს:

  • აიმაღლეთ თქვენი კვალიფიკაცია კოსმეტოლოგიაში.
  • აპარატურის ზედაპირები, რომელიც შეხებაშია მრავალი ქალბატონის სხეულის საფართან – კანთან,  კეთილსინდისიერად დაამუშავეთ შესაბამისი საშუალებებით.
  • იყავით მართალი საკუთარ სინდისთან და კანონის წინაშე: პროცედურებისა და კრემების ღირებულების შესახებ ინფორმაცია წინასწარ და სრულყოფილად მიაწოდეთ უფასო აქციაზე მოსულ კლიენტებს.
  • თქვენი საუბრის დროს ხშირად გააკეთეთ პაუზები, ამოისუნთქეთ, მიეცით საშუალება მომხმარებელს გაიაზროს თქვენი შემოთავაზება (ვიმეორებ ღირებულებაზე და გადახდის მეთოდზე მათი სრულყოფილად ინფორმირების შემდეგ).
  • მოთმინებით მოუსმინეთ და უპასუხეთ მომხმარებლის დასმულ კითხვებს.

4. რჩევები კოსმეტიკურ კომპანია „დეშელი“-ს, იგივე „ლაქშერი კოსმეტიკს“-ს:

  • შეცვალეთ თქვენი მარკეტინგად წოდებული შენიღბული აგრესია.
  • კადრების შერჩევისა და მომზადებისას  გაითვალისწინეთ პერსონალისათვის მიცემული ჩემი რჩევები.
  • თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, იურისტთა ჯგუფი აღარ დაგჭირდებათ, ერთიც გეყოფათ.
  • გაითვალისწინეთ, რომ ჩემი წერილი შეიცავს მხოლოდ რჩევებს, მასში არ არის მუქარა, ცილისწამება, რამე სახის ზეწოლა.

ეს წერილი დავწერე მე – ადამიანმა, რომელსაც თქვენთან ურთიერთობის ამ ერთი თვისა და სამი დღის განმავლობაში  მქონდა ცხოვრების არანორმალური რიტმი, დამჭირდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და დანიშნულება, და ცხოვრებაში პირველად – სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მე თვენგან რეალურად დაზარალებულად ვთვლი თავს: მორალურად, ფიზიკურად, ფინანსურად. ჩემს მსგავს მდგომარეობაში კი არაერთი ქალბატონია.

დანართი #1

ამონარიდი ერთერთი სტატიიდან, სადაც „დეშელ“-ში გამოყენებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი:

ცხადია, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები, რომელსაც კომპანია „დეშელი“ იყენებს, საქართველოში არ გამოუგონიათ. ეს არის ფართოდ აპრობირებული მეთოდი, რომელიც “Hard Sell”-ის ტერმინით არის ცნობილი და ბიზნეს-ლექსიკონები მას შემდეგნაირად განმარტავენ: „ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ“. “Hard Sell”-ის პრაქტიკაში არალეგალური არაფერია. მას ხშირად ამართლებენ კიდეც იმით, რომ ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს ზედმეტი ყოყმანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას და ამის გამო ხშირად მომავლისთვის გადადებენ ხოლმე მათთვის სასარგებლო გარიგებას. „Hard Sell” განსაკუთრებით პოპულარულია ძვირადღირებული ნივთებით, მანქანებით და უძრავი ქონებით ვაჭრობაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის ევროპასა და ამერიკაშიც. თუმცა, არსებობს რისკი იმისა, რომ „Hard Sell” არაეთიკურ ბიზნეს პრაქტიკად იქცეს მაშინ, როცა მისი ერთადერთი მიზანია გამყიდველის მოგების მაქსიმიზაცია მომხმარებლის დაზარალების ხარჯზე. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც მომხმარებლის უფლებების არ არის სათანადოდ დაცული. საქართველოში მომხმარებლების უმეტესობა ნაკლებად არის ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ, გამყიდველები კი მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში იბრუნებენ უკან შეძენილ პროდუქციას. ამით ირღვევა ის მინიმალური უფლებებიც კი, რომელსაც ადგენს “საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და შედეგიც ბევრად სავალალოა. ასეთ პირობებში ბევრად მარტივია, კომპანიებმა არაეთიკურად გამოიყენონ “hard sell”-ის პრაქტიკა და, მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში მომხმარებელი.

(წყარო: ჩვენი მომავლის საიდუმლო)

დანართი #2

პრეტენზია

2015 წლის 23 აგვისტოს შპს „Luxury Cosmetics”-სა და ჩემს შორის RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ დადებული შეთანხმებისა და

2015 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ბანკის მიერ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ

მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 23 აგვისტოს ჩემსა და შპს “Luxury Cosmetics”-ს შორის დაიდო ხეთანხმება RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ, (საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ბანკის მიერ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით). აღნიშნული შეთანხმება დაიდო კომპანიის წარმომადგენლის – ლანა მამალაძის მხრიდან  ჩემი შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების ხარჯზე შემდეგი მიზეზების გამო:

1. მე ტელეფონით ჩემთვის უცნობმა პირმა მიმიწვია კოსმეტიკურ კომპანიაში და მითხრა, რომ თითქოსდა ჩემივე ახლობელმა ჩამწერა უფასო აქციაზე.

2. მე მიმიწვიეს აქციაზე უფასო კოსმეტიკური პროცედურის ჩასატარებლად და არა რაიმეს შესაძენად.

3. ტელეფონითვე ჩემგან მოითხოვეს, რომ თან უნდა მქონოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თითქოსდა მხოლოდ რეგისტრაციის გასავლელად (როგორც შემდგომში არმოჩნდა ეს საბანკო კრედიტის გაფორმებისათვის ყოფილა საჭირო, რისთვისაც მე წინასწარ არ ვყოფილვარ მზად).

4. კოსმეტიკურ კომპანიაში მისვლამდე მე კომპანიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, ასევე არ ვიცოდი თუ რა სახის მომსახურებას და რა ღირებულების მომსახურებას სთავაზობდა კომპანია თავის კლიენტებს.

5. ზემოთ ხსენებულმა ლანა მამალაძემ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებისას თავი წარმომიდგინა მხოლოდ ექიმად, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ის გაყიდვების მენეჯერია (რაც მე წინასწარ არ ვიცოდი).

15-20 წუთიანი კოსმეტიკური პროცედურის მსვლელობისას (სახის ნახევარზე) ლანა მამალაძე საუბრობდა მათი კოსმეტიკის უნიკალურობაზე და პარალელურად დამისვა უამრავი შეკითხვა, მათ შორის ჩემს ოჯახზე, სამსახურზე, თანამდებობაზე, ხელფასზე. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ძალიან დამღლელი, მე „ მოსწავლესავით“ ვპასუხობდი ყველა შეკითხვას და ვერ ვასწრებდი იმის გააზრებას, თუ რა მიზანს ისახავდა მსგავსი საუბარი- დაკითხვა. როდესაც ლანა მამალაძემ კოსმეტიკის შეძენა შემომთავაზა, მე უარი ვუთხარი, მაშინ მან სხვა ქალბატონი (მენეჯერი) შემოიყვანა, რომელმაც მკითხა ვიყავი თუ არა თანახმა, რომ დღეში მხოლოდ 2 ლარად მიმეღო მათგან მომსახურეობა, რაც თვეში 60 ლარს შეადგენდა. მე ვკითხე ლანა მამალაძეს, თუ რა შედიოდა ამ თანხაში. მან მითხრა, რომ თვეში 60 ლარად კომპანია 2-3 ჯერად მომსახურებას მთავაზობდა. რადგან ეს ნიშნავს, რომ 1 პროცედურა 20-30 ლარია, მე ვთქვი, რომ შესაძლებელი იყო ამაზე დავთანხმებულიყავი. ამ საუბრის შემდეგ მე გამიყვანეს სხვა კაბინეტში მოლაპარაკების გასაგრძელებლად, თითქოსდა უფროსი უნდა დაეთანხმებინათ აღნიშნულ დაბალფასიან პაკეტზე, სინამდვილეში კი საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან შემიყვანეს (როგორც მოგვიანებით მივხვდი).

„უფროსს“ (სინამდვილეში კი ბანკის წარმომადგენელს) ლანა მამალაძემ უთხრა, რომ მე გავხდი კომპანიის VIP- კლიენტი, რადგან ჩემი და უკვე არის კომპანიის მუდმივი კლიენტი (ეს სიცრუე იყო, ჩემი და არასოდეს არ ყოფილა ამ კომპანიაში). უხერხულობისა და იმის გამო, რომ ვიფიქრე ეს ტყუილი ჩემს „სასარგებლოდ“ იყო ნათქვამი (უფროსს უარი არ ეთქვა დაბალფასიან პაკეტზე) მე არაფერი მითქვამს ტყუილის უარსაყოფად.

შემდეგ „უფროსმა“ მომთხოვა პირადობის მოწმობა და დამისვა კითხვები ჩემს ხელფასზე და სამსახურზე, როდესაც მონაცემების შეყვანა დაიწყო კომპიუტერში, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის ბანკის წარმომადგენელი იყო. ბანკის წარმომადგენელმა (გიორგი ჯინჭარაძემ – Giorgi Jincharadze) ხელი მომაწერინა განაცხადზე (განაცხადის შინაარსს მე არ გავცნობილვარ, შესაბამისად არ ვიცოდი რა თანხა იყო მითითებული მასში). შემდეგ მომცა ხელის მოსაწერად ხელშეკრულება, სადაც მარკერით გამოყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კრედიტის თანხა – 1590 ლარი, გადახდის გრაფიკი – 2 წელი და ყოველთვიური შესატანი თანხის ოდენობა – 68.25ლარი. მე ხელი მოვაწერე ამ ხელშეკრულებას, რადგან ყოველთვიური გადასახდელი თანხა მიახლოებით ემთხვეოდა წინასწარ შეთანხმებულ 60 ლარს, რომელსაც თითქოსდა 2-3-ჯერად მომსახურებაში გადავიხდიდი. მე მინდოდა მეკითხა ლანა მამალაძისათვის თუ რატომ იყო აუცილებელი 2 წელი ამ მომსახურების მიღება და თუ კომპანია ადგილს შეიცვლიდა ან გაუქმდებოდა ამას როგორ შემატყობინებდნენ, მაგრამ ლანა მამალაძემ არ მაცალა ბოლომდე კითხვის დასმა, ბუნდოვანი პასუხი გამცა ნახევრად დასმულ შეკითხვაზე და დამიდო კომპანიის ხელშეკრულება, მაჩვენა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა მივსულიყავი კომპანიაში მომსახურების მისაღებად. მე ჩავეძიე რას ნიშნავდა ციფრები ამ გრაფიკში. მან განმიმარტა, რომ ხან 2-ჯერ მოხვალთ, ხან 3-ჯერ, ამას ნიშნავსო. მე ვენდე ლანა მამალაძის სიტყვიერად მოცემულ განმარტებას, რომ კომპანიისაგან 2-3 ჯერად მომსახურეობას მივიღებდი თვეში და ამის შემდეგ მოვაწერე ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. ლანა მამალაძემ სახის მეორე ნახევარზე პროცედურის ჩასატარებლად გამიყვანა და დაჩქარებულად დამიმთავრა პროცედურა, რადგან მე კიდევ ვცდილობდი ხელშეკრულების დეტალების გარკვევას. მან ლიფტამდე მიმაცილა და კომპანიიდან გამისტუმრა.

სახლში მისვლისას გავეცანი ხელშეკრულებებს და აღმოვაჩინე , რომ კომპანიის მომსახურება ითვალისწინებს   ხელშეკრულების დადებიდან მხოლოდ 10 ვიზიტს, რაც ნიშნავს, რომ წინასწარ შეთანხმებული საფასურის ნაცვლად მე თითო ვიზიტში უნდა გადავიხადო 159 ლარი (ნაცვლად 20- 30 ლარისა).

6. მოგახსენებთ, რომ მოტყუების გარეშე ეს შეთანხმება არ დაიდებოდა, რადგან მე ჩემი დაბალი ხელფასისის გამო არასოდეს არ ვყიდულობ ძვირადღირებულ კოსმეტიკას და არ ვსარგებლობ სალონების მომსახურეობით, მით უმეტეს ისეთი ძვირადღირებულისა, როგორიც აღნიშნული კოსმეტიკური კომპანიაა. ასევე ვერიდები რამეს განვადებით და სესხით შეძენას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო მე მეორე დღესვე (24 .08.2015წ. – ორშაბათი) მივმართე საქართველოს ბანკის 2 ფილიალს, მოთხოვნით, რათა შემიწყდეს საკრედიტო ხელშეკრულება, რაზეც უარი მეთქვა. ერთ შემთხვევაში ბანკის ოპერატორმა ს. წ.-მ, ხოლო მეორე შემთხვევაში №– სერვის ცენტრის მენეჯერის მოადგილემ – ი. მ.-მ მითხრეს, რომ კომპანია „დეშელის“ (იგივე „Luxury Cosmetics”-ის) შემთხვევაში ეს არ ხდება. თუმცა ქ-ნმა ი.-მ მირჩია მიმემართა ტრანზაქციის შეჩერების მოთხოვნით (და არა თხოვნით, ვინაიდან მისივე სიტყვებით ამის მოთხოვნის უფლება მქონდა)   ბანკის წარმომადგენლისათვის – გიორგი ჯინჭარაძესათვის (Giorgi Jincharadze) , რადგან იმ მომენტისათვის ტრანზაქცია არ იყო განხორცილებული („წითელი“ არ არის ჯერ ანთებული-ო) – მან ეს შეამოწმა ჩემი პირადი მონაცემების კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანით. მე ასეც მოვიქეცი, ხოლო გიორგი ჯინჭარაძემ უარით მიპასუხა და შემიყვანა კომპანიის წარმომადგენელთან – ქ-ნ ირმა ბაბუნაშვილთან (კომპანიის იურისტთან). ჩვენს შორის შედგა საუბარი, რომელსაც ლანა მამალაძეც დაესწრო. ლანა მამალაძის მიმართ ჩემი პრეტენზიები მე დავაფიქსირე, რაზეც ლანა მამალაძემ მითხრა, რომ მე არ ვამბობდი სიმართლეს და მას შეეძლო ამის დამტკიცება, რადგან ჩვენი საუბარი ვიდეოკამერაზე იყო ჩაწერილი (ვიდეო კონტროლის განხორციელებაზე არანაირი აღნიშვნა პროცედურის ჩასატარებელ კაბინეტზე არ არის და არც არავის გავუფრთხილებივარ ამასთან დაკავშირებით უფასო პროცედურაზე მისვლისას). იურისტმა დამატოვებინა განცხადება (24.08.2015წ) და პასუხისათვის 10 დღის ვადა მომცა.

 

26.08.2015წ მე საქართველოს ბანკსაც მივმართე განცხადებით საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

 

8.09.2015 შემხვდა ქ-ნი ირმა 2 სხვა პირთან ერთად და კომპნიის სახელით მაუწყა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარი მეთქვა. მაშინ მე განვაცხადე, რომ მე ჩემი მხრიდან ვწყვეტ ამ ხელშეკრულებას და ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე (ხეშეკრულების პ.4.2) უარს ვაცხადებ. ამის თაობაზე განცხადებაც დავუტოვე, ხოლო მეორე დღეს გავუგზავნე დაზღვეული ფოსტით.

ჩემი პრეტენზიების შესახებ მე ასევე მქონდა საუბარი კომპანიის იურისტთან ქ-ნ თამარ ჟუჟუნაძესთან  და კომპანიის ოფიციალურ პირთან ლაშა კუკულაძესთან 12 სექტემბერს (მე 4 ქალბატონთან ერთად, რომელთაც ასევე სურდათ ხელშეკრულებების შეწყვეტა, ვიყავი კომპანიაში და შედგა ეს საუბარი, საუბარს ქ-ნი ირმაც ესწრებოდა).

მოგახსენებთ, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრისას ხორციელდება მათი მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა – დაშინება: რომ კომპანია ჯიბრში ჩაგვიდგება, რომ სასამართლოსათვის მიმართვას აზრი არ აქვს (ქ- ირმას სიტყვები), რომ ბანკი მაინც გადაგვახდევინებს თანხას (ლანა მამალაძის სიტყვები).

16 სექტემბერს დამირეკა ბანკის წარმომადგენელმა და განმიმარტა თანხის ბანკისათვის დაბრუნების ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ კომპანიის მხრიდან არის შესაძლებელი. ასე, რომ საქართველოს ბანკიდან კიდევ ერთი უარი მივიღე ჩემი პრობლემის გადაჭრაში. ხოლო კომპანიაც და ბანკიც ერთად ცდილობენ მაიძულონ გადავიხადო თანხა ხელშეკრულებით მითითებულ დროს, რათა არ გავხდე ნეგატიური საკრედიტო ისტორიის მქონე და ბანკის შავ სიაში არ მოვხვდე.

ბოლოთქმა:

ჩვენ გადავწყვიტეთ წამოვიწყოთ პეტიცია, მომხმარებლების უფლებების დასაცავად და მივმართოთ ბანკებს, შეუწყვიტონ მხარდაჭერა კომპანია “დეშელის”. გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დაეხმაროთ სხვა ადამიანებსაც.

 

14 კომენტარი to this post
  1. ამ ყველაფერში განსაკუთრებით მაცოფებს უნებართვო ჩაწერა ვიდეოკამერაზე, რის შესახებაც არავის აფრთხილებენ. მათ შორისც, არც მე გავუფრთხილებივარ ვინმეს და ვიდეოჩაწერის შესახებ ამ სტატიებიდან და სხვების სტატუსებიდან გავიგე. საბედნიეროდ, მე წინასწარ მომზადებული მივედი, იმისთვის, რომ მენახა როგორ ‘აბამენ’ კლიენტებს, ამიტომ ვერაფერი ‘შემომასყიდეს’ ძალით, თუმცა სხვა სიტუაციაში, ცოტა ისეთ პროდუქტი რომ ყოფილიყო, რასაც უფრო ადვილად გავრისკავდი (გაურკვეველ კოსმეტიკას უბრალოდ ვერ გავსრისკავ საკუთარ თავზე, რაც იქ წამისვეს, ისიც სასწრაფოდ ჩამოვიბანე), დიდი შანსი იყო ამდენი ტვინის ბურღვის მერე დავთანხმებოდი.

    მე მგონი, გარდა სტანდარტული სამართლებრივი გზებისა (განცხადებები, ადვოკატი, სასამართლო), აუცილებლად უნდა მიმართონ ამ კლიენტებმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს, იმათი ჯარიმითაც მოიოხებენ გულს და იქნებ ამის მერე ეგ კამერები გამორთონ ან გააფრთხილონ მაინც კლიენტები.

    რაც შეეხება კანონს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, სამწუხაროდ ძველი რედაქცია კარგა ხანია ძალაში აღარ არის და ახალი ჯერაც არ მიუღიათ, 2 წელზე მეტია მუშავდება და ვერ დამუშავდა. თუმცა, სამოქალაქო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ მსჯელობის საშუალებას იძლევა.

    ვისაც ამ კუთხით დახმარება სჭირდება, შეუძლია მიმართოს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრს, უკვე რამდენიმე ანალოგიური საქმე მიიღეს წარმოებაში და დაასრულეს: http://www.newvision.ge/#!legalaidoffice/c1x6g

  2. Desheli
    Desheli მთელს მსოფლიოში არის აპრობირებული ასეთი ტიპის შეთავაზებები და თქვენ მართლა გონიათ რომ ამით ადამიანის უფლებები ირღვევა და აქამდე არავის პასუხი არ გაუცია ჩვენთვის? კომპანიაში 200 კამერაა დამონტაჟებული, ნებისმიერ დროს ვართ მზად იმისთვის რომ თითოეული შეთავაზება გავშიფროთ და ვანახოთ ყველას კამერების ჩანაწერები, თქვენ აქ ტყულ ბრალდებებს აჯობებს არ დაიმალოთ და საკუთარი სახელი და გვარი დააყენეთ თქვენს ექაუნთზე:)
    მომწონს · პასუხი · 1 · 27 სექტემბერი, 0:59-ზე – ეს უდევს deshelis თავის Facebook-გვერდზე

  3. გუშინ ვიყავი კომპანია დეშელში მიმიწვიეს ინკოგნიტო მეგობრის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი ვინაობა რა თქმა უნდა არ გამიმხილეს. საკმაოდ თბილად მესაუბრნენ და რამდენჯერმე გამაფრთხილეს რომ 5 თეთრიც კი არ წამეღო თან, რადგან მათ მიერ ჩემი მომსახურება სრულიად უსასყიდლო იქნებოდა. მიღება საკმაოდ თბილი და სასიამოვნო იყო ჩემთვის. ძალიან კარგი გოგონა მაო მესაუბრა, ჩამიტარეს კანის დიაგნოსტიკა, სახის ნახევარი დამიმუშავეს რაღაც კრემებით და ტონიკით, თან გამომკითხეს რა შესაძლებლობები მქონდა ფინანსურად. ვ დამაეჭვა იმ ფაქტმა რომ გამომიცხადეს თურმე ჩემი ასაკისათვის სამჯერ მეტი ნაოჭი მქონია, როცა ვიკითხე ტუ რატომ არ მემჩნეოდა ერთი მაინც ვითომ ექიმმა კომპეტენტური სახით ამიხსნა რომ ნაოჭი კანის შიდა ფენებიდან მოდის და ზედაპირზე ჯერ არ გამოჩენილაო. მოგეხსენებათ კანი ჭკნობას ზედაპირიდან იწყებს. დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემგან მათი პროდუქციის ყიდვას, როცა ვუთხარი რომ ყველა შენაძენზე ჯერ ვფიქრობ და მერე ვყიდულობ არ მოეწონათ, საქმეში ჩაერთო მათი მენეჯერი რომელიც უფრო დაჟინებით მოითხოვდა პროდუქციის შეძენას ჩემგან. კიდევ ერთი ეჭვი გაჩნდა იმაზეც რომ პროდუქციასთან ერთად ასევე მთავაზობდნენ ორი წლის განმავლობაში მუდმივ სალონურ მომსახურებასაც. დავიანგარიშე და აღმოჩნდა რომ ეს თანხა 0,20თეთრია დღეში. ესეიგი დეშელი საკმაოდ იაფასიანი კოსმეტიკა ყოფილა. იაფასიანი კოსმეტიკა კი ნამდვილად არ მსურდა. დღეს აღმოვაჩინე, თურმე მე საკმაოდ მდიდრად ჩამთვალეს რადგან მოითხოვდნენ 3640 ლარს ამდენი თანხა ჯერ არავის გადაუხდია მგონი. საერთოდ კი გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ სანამ რომელიმე შენაძენს გააკეთებთ და კიდევ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. პ.ს. საერთოდ კი მაო ძალიან მომეწონე. ნასიამოვნებიც წამოვედი დეშელიდან. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც არ მსურს ვინმემ გამასულელოს.

  4. დღეს დამირეკეს. პროცედურები გამაცნეს. თანაც გამომკითხეს ვმუშაობდი თუ არა და სად. რაზეც ვუთხარი რომ თვითდასაქმებული ვარ. როგორი კანი მაქვს, ამაზე ვუთხარი რომ ცხიმიანი და საშინლად პრობლემური, და იფიქრა ქალმა ჩავავლეო. შემდეგ რაღაც დაავადებები ჩამომითვალეს ეს უნდა გამოვრიცხოთო, ონკოლოგია ეპილეფსია და ა.შ. რაზეც მოვახსენე იცით აი ეპილეფსია არ ვიცი, შეიძლება გამორიცხული არ იყოსთქო. აი აქ დაიბნა, როგორ არ იცით ეპილეფსია გაქვთ თუ არაო. და ბნედა მემართება ხშირად და რა ვიცი აბათქო და აი აქ უკვე გადავბჟირდი :))))) რამე სასაცილოს ვლაპარაკობ ქალბატონო თეონაო, ისევ დაბნეული ხმით მკითხა და გინდათ ჩვენი პროცედურა თუ არაო. ამაზე ვაჯახე საშინლად ძვირიან კოსმეტიკას ვხმარობ 3000 ლარი მიჯდება დაახლოებით წელიწადში და მეტის შეტენვა აღარ მინდათქო. აქ მგონი ისევ იმედი მიეცა, მაგრამ შანსი არ დავუტოვე არ მინდათქო :))) მოკლედ მეც კარგად ვიხალისე თანამშრომელიც ვახალისე. და დარწმუნებული ვარ დავაბნიე საშინლად :)))

  5. დღეს მეც დამირეკეს ამ კომპანიიდან და ერთი ამოსუნთქვით მომაყარეს გაზეპირებული ინფორმაცია მათი კოსმეტიკის უნიკალურობის შესახებ (ისე ჩქარა ლაპარაკობდა ნახევარი ვერც გავიგე) და სრულიად უფასოდ შემომთავაზეს ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურები. მიწვწვას დავთანხმდი. მერე სხვათაშორის მკითხა სამსახურის შესახებ და კერძო ბიზნესი ხომ არ გაქვთ ან კერძო მფლობელობაში მქონერაიმე ფართიო. აი აქ კი მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძიებინა ინფორმაცია ამ ჩემთვის აქამდე უცნობი კოსმეტიკური კომპანიის შესახებ და ეს აღმოვაჩინე. გმადლობთ, რომ არ გაჩუმდით და საზოგადოებას გააცანით თქვენი “თავგადასავალი”.

    • ეს “თავგადასავალი” ნამდვილად არ გადამხდებოდა თავს ყურმოკვრით მაინც რომ გამეგო მსგავსი ამბავი ვინმესაგან. თითქოს მთელმა თბილისმა იცისო, მაგრამ ისევ ებმევიან ქალბატონები ამ კომპანიის “დახმარებით” ბანკის ვალებში.

  6. მე რომ დამირეკეს, ეგრევე მივხვდი ვინც იყვნენ და შესაბამისად უარი ვუთხარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ქმედებები გამართლებულია. დაახლოვებით იგივეა ბაზარში გამყიდველი რომ გატყუებს. საქართველოს ამმხრივ კანონი ჭირდება შესაბამისი სიმკაცრით, მარტივად რომ ვთქვათ, თაღლითობა საკმაოდ მკაცრად უნდა დაისაჯოს და მსგავსი ქმედებები თაღლითობად უნდა შეირაცხოს

  7. viyavi momxibles viyide ver vxmarob midevs jer verc gamagebines ra ros shemdeg unda wavisva ragacas vmaimunob xan vismev xan ara vatyob naochi romelic aqamde ar metyoboda ufro grma gaxda ar vici ras davabralo erti sityvit ar momwons tanadafinanseba gamiketes ar vixdi ase rom vinc dazaralda imat magivrad viyare javri tumca mec dazaralebuli var

  8. მეც დამირეკეს შარშან. გამაოცა ჯერ კიდევ ტელეფონით ლაპარაკისას იმ ფაქტმა რომ იცოდნენ ჩემი ვინაობა და სახელით მომმართეს გარდა ამისა არ დამისახელეს მეგობრის ვინაობა რომელმაც თითქოსდა ასეთი კარგი საჩუქარი გამიკეთა. ბოლოსდაბოლოს მადლობა ხომ უნდა მომეხადა მის წინაშე. მეორე იმანაც გამაკვირვა რომ პირადობის მოწმობის თან ქონა დამავალეს. სილამაზის სალონებში როგორც წესი პასპორტს არ თხოვენ – ამანაც დამაეჭვა და თავი შევიკავე ამის გამო. ამასობაში დავგუგლე და გავიგე ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ. გამოხმაურება იყო რბილად რომ ვთქვა ძალიან ცუდი. მეორედაც რომ დამირეკეს ვუთხარი რომ თავს ნუღარ შეიწუხებდნენ რადგან ეს პროცედურები არ მაინტერესებდა. მიუხედავად ამისა რამდენჯერმე კიდევ დამირეკეს, სანამ ბოლოსდაბოლოს ჩემი ოჯახის წევრისაგან არ გაილანძღნენ. ამის მერე როგორც იქნა შეწყდა მსგავსი ზარები. ფაქტია რომ ვიღაც ძალიან გავლენიანი სახელმწიფო დონეზე მფარველობს ამ კომპანიას და თაღლითობაში ხელს უწყობს, რატომ უნდა მოხვდეს ჩემი ტელეფონი და ჩემი პირადი მონაცემები უცნობის ხელში. ამ ქვეყანაში არ არის ადამიანის უფლება და მისი პირადი მონაცემები დაცული. სხვა ქვეყნებში ეს სამართლებრივად დანაშაულად ითვლება და დამრღვევი კანონით ისჯება. ძალიან გამიხარდება თუ ეს კომპანიაც შესაბამისად ოდესმე სათანადოდ დაისჯება და დიდი თანხით დაჯარიმდება მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და თაღლითობის გამო.

შენ რას იტყვი?