მაშინ, როდესაც პატარა ბიჭები ომობანას თამაშობენ და ერთმანეთს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებაში ეჯიბრებიან, გოგონები სახლობანას თამაშს ირჩევენ. არასოდეს ვიღლები იმის ყურებით, როგორ იწყობენ პაწაწა ხელებით თავიანთი ოცნების სამყაროს და ყველაფერი რა ძალიან კარგად არის მანამ, სანამ ბიჭების მიერ დანთებული “ომის ხანძარი“ არ შეეხებათ.

შედეგად კი, ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში სასოებით თავს ევლებოდნენ, რამდენიმე წუთში ნადგურდება. „მეომრები“ ყიჟინით ტოვებენ ბრძოლის ასპარეზად ქცეულ მათ „ნასახლარს“. ისინი კი… წყენისაგან მობრეცილი ტუჩებითა და ცრემლით აბრჭყვიალებული თვალებით, მხოლოდ ერთ შეკითხვას იძლევიან: „რატომ?!“

არ ვიცი, რატომ… მაგრამ თვალწინ სულ ასეთი სურათი მიდგას, როცა 8 აგვისტოს ომის ამსახველ კადრებს თვალს ვადევნებ ხოლმე. რატომ? მაინც რატომ ხდება, რომ ის, რაც ჩვენთვის, ქალებისთვის, ასე ძვირფასია, რასაც ამდენ სიყვარულს, მზრუნველობას, დროს, ძალასა და ენერგიას ვახმართ, ყოველთვის ჩვენი ნების უკითხავად ნადგურდება? მაინც რა არის სიყვარულზე, სილამაზეზე, სიცოცხლესა და თანაგრძნობაზე მნიშვნელოვანი?

არა, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ნამდვილად ვერასდროს გავცემთ!

მგონია, ამას ვერც მამაკაცები მოახერხებენ, თუმცა საომარ გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებენ ხოლმე. სისხლით და მახვილით სამართლიანობის აღდგენის იდეისაც მხოლოდ მათ თუ სჯერათ. დედა კი, ვინც ამქვეყნად სიცოცხლის მოვლინების იდეას ემსახურება, ვერასოდეს წავა მისივე კანონების წინააღმდეგ.

ქალმა კარგად იცის, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება და თუ გინდა სიკეთის თესლი აღმოაცენო, დიდი შრომა და მოთმინებაა საჭირო. კეთილ განზრახვას ჩვილი ბავშვივით უნდა მოუარო, ელოლიავო, ღამეები უთენო. მხოლოდ ამის შემდეგ მოიკრებს ძალას და გამართულად სიარულს შეძლებს.

ნამდვილი ქალი არასოდესაა გულგრილი სხვისი ტკივილის და მწუხარების მიმართ. მას მოსისხლე მტრის სიყვარული და თანაგრძნობაც კი შეუძლია. გახსოვს მშობლიური, ხალხური – „იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა…“ ყოველგვარი პოზიორობისა და ყალბი პათოსის გარეშე ვამბობ: როცა ამ გასაოცარ ქმნილებას ვკითხულობ, ბედის გაუგონარ წყალობად მიმაჩნია, რომ საქართველოში, ქართველ ქალად დავიბადე, იმ ხალხის ნაწილი ვარ, ვისაც ამგვარად აზროვნება შეუძლია.

balaxi

სკეპტიკოსებს კი, ვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ მხატვრული ფანტაზიის ნაყოფი ჰგონიათ, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ვაჩვენებ გორელ დედას, შვილი ომში რომ ჰყავდა და ასე ლოცულობდა: „ღმერთო დაიფარე ჩემი შვილი, დედას დაუბრუნე ყველა ქართველი… და ოსი… და რუსი!“ ჩამოვიდნენ და ვაჩვენებ ქალებს, ოჯახს რომ აკლებდნენ და მათ სოფლებში ჩამდგარ მოწინააღმდეგის მშიერ ჯარისკაცებს აწვდიდნენ საზრდოს – ჯერ მთლად უწვერული ბავშვები არიან, მაგათ ომისა რა იციან, ვინ იცის, ვისი ბრძანებით უკრეს თავი ამ ჯოჯოხეთში, ვაი მათ დედასო!

მასკულინურმა პოლიტიკამ სადამდე მიგვიყვანა, კარგად ვნახეთ და თუ კაცობრიობამ მომავალშიც იგნორირება გაუკეთა ქალურ პოტენციალს, მალე გამოუვალ ჩიხში აღმოვჩნდებით.

კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ოცნება უტოპიად რომ არ გადაიქცეს: მამაკაცებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდას ქალებიც უნდა შემოვუსხდეთ; შურისძიების ტვირთით დამძიმებული არსებობის ნაცვლად, რწმენითა და სიყვარულით ცხოვრება კიდევ მეტი გულმოდგინებით ვასწავლოთ შვილებს; სანამ მამაკაცები პატივმოყვარეობისა და დამნაშავის ძიების ჟინით არიან შეპყრობილნი, ქალური შეუპოვრობითა და თავდადებით მოვკიდოთ ხელი მშვიდობის მშენებლობის საქმეს.

როგორც ბალახის სუსტი ღერი იკაფავს გზას სინათლისკენ, ისე ამგვარი ძალისხმევა, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოიღებს სასურველ ნაყოფს და აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან არ არსებობს ქვეყნად ძალა, სიცოცხლის სიყვარულს წინ რომ დაუდგება.