pajama party

ალბათ ყველას გვქონია ბავშვობაში ოცნება, რომ ოდესმე, როცა დიდი გაიზრდები, იცხოვრებ მარტო ან მეგობრებთან ერთად; ყოველდღიურობა გახდება ერთი დიდი დღესასწაული; შენს დაქალებთან ერთად მარტო სახლში, სადაც არავინ გეუბნება, როდის უნდა დაიძინო, რამდენი ხანი იჯდე კომპიუტერთან, როდის ჭამო, რომელ საათზე დაბრუნდე სახლში და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგ და ფაქტობრივად, არც მანამდე (თუ ჩემს უფროს ძმას არ ჩავთვლით) არავითარი პრობლემა არ მქონია არც სადმე გაშვებაზე, არც გვიან დაბრუნებაზე, მაინც ყოველთვის მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. მქონოდა ჩემი კუთხე, ჩემი შემოსავალი, რადგან სახლში ჩემი ოთახიც კი არ მქონდა.

მარტო ან რუმმეითებთან ცხოვრება რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, ესენია: სახლიდან წამოსვლა, მშობლების შემზადება, ბინის პოვნა, ახალ ბინასთან შეგუება და ყოფითი პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინაა აქტუალური თუ არავითარი კომუნალურების გადასახადი ან საჭმლის გაკეთება თქვენს კომპეტენციაში არ შედიოდა.

alone home

მშობლების შემზადება

დაახლოებით 10 თვის წინ მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მარტო გადავსულიყავით. არც კი მახსოვს საიდან წამოვიდა ეს იდეა. ალბათ, უბრალოდ მორიგი ლაპარაკის დროს, როცა მე ჩემი ოჯახის წევრებზე ვწუწუნებდი, ის კი თავისაზე. დავსვით საკითხი და ბინის ძებნას შევუდექით.

მართალი რომ გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამას შევძლებდით, რადგან მე არ მჯეროდა საკუთარი თავის და იმის რომ, ის სახლიდან წამოსვლას შეძლებდა. ჩემები სიხარულით შეხვდნენ ახალ ამბავს, რომ მე დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე, რომ მინდოდა საკუთარი თავის და ცხოვრების ბატონ-პატრონი გავმხდარიყავი. თუმცა, ეს ისედაც ასე იყო ყოველთვის, რასაც ალბათ, ჩემი თვითშეფასებიდან გამომდინარე, ვერასდროს ვაცნობიერებდი.

მე ჩემებთან პრობლემა არ მქონია. რასაც ვერ ვიტყვი ჩემს დაქალზე, რომელსაც ბევრი დავიდარაბის გადატანა მოუხდა. თუმცა ბევრი კამათის, ჩხუბის და ცრემლების შემდეგ, მან თავისი პოზიცია არ დათმო და სახლიდან წამოვიდა.

თუ თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, ნუ იფიქრებთ, რომ მშობლები თქვენზე უარს იტყვიან. ეს ყველაფერი დროებითია. ბოლოს ყველა მშობელი ეგუება იმ აზრს, რომ მათი შვილი გაიზარდა და დროა დამოუკიდებლად იცხოვროს.

ბინის მოძებნა

თუ ფიქრობთ, რომ სახლიდან წამოსვლა ყველაზე რთული რამ არის, ცდებით. შესაფერისი ბინის მოძებნა! აი, რა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დაახლოებით 6 თვე ვასრულებდით.

გვინდოდა ბინა, არა-ძვირი და რომელსაც ექნებოდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოთახი. ვინაიდან და რადგანაც ადამიანი, რაც არ უნდა გიყვარდეს, მაინც გჭირდება მისგან „დასვენება“ და განმარტოება. უამრავი ბინა ვნახეთ და ძალიან უცნაურ ადამიანებთან მოგვიწია ურთიერთობა. მაგალითად, ერთხელ, ვაჟა-ფშაველაზე მივედით ბინის სანახავად, რომელიც განცხადების მიხედვით ორ ოთახიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ორ ოთახში შუაში გაფარებული ფარდა იგულისხმებოდა. ერთმა ქალმა კი გვითხრა, რომ ბინაში ცხელი წყალი არ მოდიოდა, მაგრამ თვითონ მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და შეეძლო ჩამოეწოდებინა ხოლმე. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ მაშინვე არ წახვალთ ბინის სანახავად და ჯერ გაარკვევთ რა გჭირდებათ, რა არის ბინაში, როგორ მდგომარეობაშია და ა.შ.

ბინის საძიებელი საიტები საშინელ დღეშია. არ არის გამართული ძიების ფუნქცია და უმეტესად დევს განცხადებები დღიურად გასაქირავებელ ბინებზე, რომლებისთვისაც ცალკე გამოყოფილი კატეგორია ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ეს აზრი არავის მოსდის თავში. სასურველი ბინის შერჩევა გაზეთითაც შეიძლება, თუმცა ჩვენ გაზეთით არ გვისარგებლია, უმეტესად საიტებზე ვეძებდით და ბოლოს იდეა მოგვივიდა ჩვენი საიტი გაგვეკეთებინა, რომელშიც ათასი უაზრო განცხადება არ იქნებოდა გამოქვეყნებული.

brunette roommates

უმჯობესი იქნება, როცა დარეკავთ ყველაფერი დეტალურად გამოკითხოთ: არის თუ არა ცხელი წყალი და მაცივარი სახლში; ოთახების რაოდენობასაც უცილობლივ გაუსვით ხაზი; იკითხეთ სველი წერტილების მდგომარეობა და აუცილებლად(!) არის თუ არა მომავალი დიასახლისი თქვენი მეზობელი, რაც საკმაოდ არასახარბიელოა განსაკუთრებით მაშინ, თუ ის  უმუშევარია და საღამოს ყავაზე გამოსასვლელად მუდმივად სცალია.

მენტალური სახის პრობლემებიც შეგვეხო. თუ „ორი სტუდენტი გოგონა“ არ ხართ, თან თბილისში ცხოვრობთ, ძალიან საეჭვოა რატომ გინდა სახლიდან წამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ არავის საქმე არ არის, მაინც ყველა ამით ინტერესდება. ასევე, რამდენი გაქვს ხელფასი, რა პროფესიის ხარ, სად მუშაობ, ვინ არიან შენი მშობლები და ა.შ.

საბოლოოდ, როცა ნორმალური ბინის პოვნის იმედი თითქმის გადაგვეწურა, კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა და სამმა გოგომ ერთ კვირაში სრულიად შემთხვევით ვიპოვნეთ იდეალური ბინა, სადაც მეორე დღესვე გადავედით.

დანარჩენი ეტაპების შესახებ, როგორებიცაა ახალ ბინასთან თუ რუმეითებთან შეგუება და ა.შ., მომდევნო პოსტებში მოგითხრობთ.