მე დიდი ოჯახის არც ისე პატარა წევრი ვარ, რომელსაც პატარაობიდანვე მაკოლაი კალკინის გმირივით, მინდოდა, როცა დიდი გავიზრდებოდი, ცალკე მეცხოვრა.

დიდიც გავიზარდე, უნივერსტეტშიც ჩავაბარე, თბილისშიც გადმოვედი საცხოვრებლად, მუშაობაც დავიწყე, მაგრამ მარტო ცხოვრება შორეულ ოცნებად რჩებოდა მატერიალური შესაძლებლობების (უფრო სწორად შეუძლებლობის) გამო.

ერთ საღამოს, როცა პირადი ნივთები ჩემი პატარა ბიძაშვილების მიერ არეულ-დარეული დამხვდა და მათი თამაშით გამოწვეული ხმაურის გამო სახლში მოტანილი ვერც ერთი საქმე ვერ გავაკეთე და ეს მდგომარეობა ჩემს ყოველდღიურობადაც გადაიქცა, გადავწყვიტე:

  • აღარ მეყიდა ყოველ თვე მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმელი – ისედაც თვეში ერთხელ ვიცვამ;
  • აღარ მეყიდა კიდევ ერთი ჩანთა – ისედაც იმდენი მაქვს, რომელი დავიჭირო აღარ ვიცი;
  • აღარ მეყიდა ფერად-ფერადი კაბები – სამსახურში სულ ფორმა მაცვია;
  • აღარ მეყიდა სამკაულები – რაც მაქვს, ჯერ იმის ნახევარიც არ გამიკეთებია;

შედეგად, გაჩნდა დანაზოგი, რომლითაც შევძლებდი ჩემი მაღალქუსლიანები ერთ უჯრაში შეტენვის ნაცვლად, თავისი ყუთებით კოხტად ჩამემწკრივებინა და აღარც ჩანთების ერთმანეთში ჩალაგება მომიწევდა. მუშაობას და ძილსაც მშვიდად შევძლებდი ისე, რომ არ შემეშინდებოდა თავში ბავშვის დაცემის.

დიახ, მე მარტო გადავედი საცხოვრებლად!

მარტო ცხოვრება მირაჟივითაა.

გინდა, ოცნებობ, მისკენ ისწრაფვი, ელი ხსნას, სიმშვიდეს, მოსვენებას, მაგრამ ერთბაშად დგები მკაცრი რეალობის წინაშე. უკვე ყველაფერი შენი გასაკეთებელია, გადასახადები –  გადასახდელი და საყოფაცხოვრებო წვრილმანები – შესაძენი.

მუდმივად მესმოდა სკეპტიკური კომენტარები ჩემს მარტო ცხოვრებასთან დაკავშირებით. არის რაღაც წვრილმანები, განსაკუთრებით პირველ თვეებში, რომლის გამოც შეიძლება მარტო ცხოვრებაზე უარი თქვა, მაგრამ ამ ყველაფერს ბევრი სასიამოვნო მომენტი ახლავს თან:

  • საწოლს, როცა გინდა მაშინ დაალაგებ და როცა გინდა მაშინ დაბრუნდები სახლში.
  • შინ მისული თუ მაშინვე დაწვები, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე გსიამოვნებს, არავინ გკითხავს, რამე ხომ არ გტკივა.
  • მანდარინის ნაფცქვენების ჭამის დამთავრებისთანავე გადაყრა არაა აუცილებელი და საერთოდ საკვებს რა ფორმაშიც გინდა ისე მიირთმევ.
  • კარადას, წიგნებს, ნივთებს ისე დაალაგებ, როგორც შენთვის მოსახერხებელია ან საერთოდ არ დაალაგებ.

ჩემი აზრით, ყველა ახალგაზრდამ ცოტა ხნით მაინც უნდა იცხოვროს მარტო. ეს არა მარტო თავისუფლების დიდი დოზით შეგრძნებაა, არამედ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავების იდეალური საშუალება, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის და პიროვნული ზრდისთვის აუცილებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის ყველაზე რთული ბიუჯეტის სწორად გადანაწილება აღმოჩნდა.

გადასახადები

ბენჯამინ ფრანკლინს ვეთანხმებით მთელი სამყარო, რომ ორი რამეა გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადები. სწორედ ამიტომ ბიუჯეტის განაწილება სჯობს, გადასახადების დაანგარიშებით დაიწყო. ბინის ქირა, კომუნალურები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, დასუფთავება), ინტერნეტი. ამ ყველაფერს ჩემს შემთხვევაში სწავლის გადასახადი და ლეპტოპის განვადებაც ემატება, რაც არც ისე მცირე თანხაა. ამიტომ თუ მარტო გადასვლას გადაწყვეტ, დეტალურად დათვალე თანხები, რისი გადახდაც მოგიწევს.

კვება

გადასახადების დაანგარიშებასთან ერთად, კვების რაციონის დაანგარიშებაც საჭიროა. მე მთელი თვის არამალფუჭებადი პროდუქტების მარაგს ერთად ვყიდულობ: შაქარი, ყავა, ჩაი, ზეთი, შვრიის ფანტელი, მაკარონი და ა.შ. ასე უფრო მოსახერხებელია და იაფიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის გააზრებაა, რა გჭირდება და რა – არა.

გამოცდილება: მაცივარში შენახულ გაუხსნელ მაწონს ვადა რომ გაუვიდა, იძულებული გავხდი გადამეგდო. ამის შემდეგ მაწონი თუ იმ მომენტში არ მინდა, აღარ ვყიდულობ.

თუ სამსახურშიც სახლში მომზადებულ საჭმელს ატარებ კონტეინერებით, ფინანსებსაც დაზოგავ და კუჭის პრობლემებსაც აიცილებ თავიდან.

სხვა ხარჯი

საცხოვრებლად მარტო გადასვლა არ ნიშნავს საზოგადოებისგან იზოლირებას, პირიქით ასე მეტი თავისუფლება გაქვს. რა დროსაც გინდა მაშინ დაბრუნდები სახლში, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, თუ ადრე მეტროს დახურვამდე გარბოდი სახლისკენ და ახლა ტაქსით წასვლას გადაწყვეტ, ეს უფრო დიდი ხარჯია. ისე კი, მარტო ცხოვრება იდეალური საშუალებაა მოაწყო წვეულებები იმავე თანხით, რაც 5-6 ადამიანს პაბში ან კაფეში გემრიელი ჭამა-სმისთვის არ გეყოფოდათ.

ამიტომ გადასახდებთან და საკვების ხარჯთან ერთად, ყოველდღიური ტრანსპორტირების ხარჯი უნდა დათვალო. მეგობრებთან ერთად გართობის საშუალო თანხა, სპორტდარბაზის აბონემენტი და ა.შ.

მე იმ თანხით, რაც სპორტდარბაზის ერთი თვის აბონემენტში უნდა გადამეხადა, მშვენიერი სარბენი ბოტასები შევიძინე და სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შევუთავსე.

გარდა ამისა, არსებობს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელსაც უბრალოდ ვერ განსაზღვრავ. შეიძლება დანაზოგი ვერ გააკეთო, მაგრამ აუცილებელი არ არის ზედმეტად დარჩენილი თანხა მაშინვე დახარჯო ონლაინ შოპინგში ან სხვა რამე გასართობში.

თუ მარტო გადასვლაზე ფიქრობ, ან ახალბედა ხარ, იმედი მაქვს, ჩემი სვეტი დაგეხმარება. მოუთმენლად ველი შენს გამოცდილებასაც, რომელიც, შეგიძლია, გამიზიარო.