სულ მინდოდა ჩემთვის დიასახლისი ეწოდებინათ, მაგრამ ამ ტიტულს ჩემი ოჯახის სამი თაობის დიასახლისებს ვერ შევეცილები. ამიტომ გადავწყვიტე თავად მეწოდებინა საკუთარი თავისთვის ასე. მე ხომ ჩემს სახლში დიასახლისიც ვარ და გადასახადებსაც ჩემი Ralph Lauren-ის საფულედან ვიხდი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა და მისი ღირებულების ოდენობის თანხა იშვიათად დევს მასში.

როგორც წინა პოსტში გიყვებოდით, მარტო ცხოვრება რომ სიამოვნებად გექცეს, ბევრი ყოფითი პრობლემა უნდა მოაგვარო. ყველაფერს დედა ვერ გასწავლის, სხვა დანარჩენისთვის პირადი გამოცდილება არსებობს.

სახლისთვის ყველა საჭირო ნივთის ერთდროულად შეძენა შეუძლებელია: ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ და შეუძლებელია ერთბაშად ყველაფრის შესაძენი თანხა აღმოგაჩნდეს.

ერთ საღამოს, როდესაც მეგობრებმა გადავწყვიტეთ ჩემი ახალი გაზქურა დაგვეტესტა და პიცის მოსამზადებლად ყველა ატრიბუტი შევიძინეთ, ხელები დავიკაპიწეთ, ცომი მოვზილეთ, ტაფა გავაცხელეთ და ვაი, სირცხვილო! ცომის საბრტყელებელი ჯოხი რომ არ მქონდა, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა. გამოსავალი მარტივად ვიპოვე – ღვინის ბოთლი.

იგივე ბოთლი თავის დროზე დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა – ახალმოსახლეობის აღსანიშნავად მოსულმა მეგობრებმა მომართვეს და მისი გახსნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო შტოპორის არქონის გამო. არადა ძალიან მარტივია, თუ საშუალო ქუსლის მქონე ფეხსაცმელი და მყარი კედელი გაქვთ :)

მეც წარმოუდგენლად მიმაჩნდა ამ ხერხით საცობის ამოძრობა. მენდეთ, მუშაობს!

“ჯადოსნურმა” ღვინის ბოთლმა მიმახვედრა, რომ არ არსებობს უსარგებლო ნივთები. მას შემდეგ თუ რამე არ მჭირდება, დაუყოვნებლივ არ ვაგდებ. აი, მაგალითად, რაში უნდა გამოიყენო ძველი გაზეთები? მე გეტყვი:

  • თუ მასში მწვანილს გაახვევ და გრილ, ბნელ ადგილზე შეინახავ, რამდენიმე დღის შემდეგაც კი მწვანილი მწვანე და ცოცხალი იქნება.
  • ძველი ჟურნალ-გაზეთებით სხვადასხვა სადგამის გაკეთებაა შესაძლებელი. სიმყარისთვის წებოს ან ძაფის გამოყენებას გირჩევ.

გამიზიარე შენი გამოცდილება ან უბრალოდ მომწერე თუ რამე გაინტერესებს. აი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა იატაკს მბზინვარება როგორ შევუნარჩუნო. იქნებ შენ დამეხმარო :)