Home სახლი

ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულმა, სიხარულით აღვნიშნე, რომ ეზოში სკვერი გაუკეთებიათ. ოჯახის წევრებმა შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს და მორიდებულად მითხრეს, თუ სახლში ცოტა ადრე დავბრუნდები ხოლმე მეტ სიახლეს შევამჩნევდი და ეს სკვერი უკვე თითქმის ნახევარი წელია გააშენეს.

ჰო, მე იმ ახალგაზრდების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც სახლში გვიან დაბრუნება მიყვარდა. უფრო სწორად სახლში ადრე მოსვლა არ მიყვარდა, იმიტომ რომ იქ არ მხვდებოდა გარემო, რომელიც ჩემთვის კომფორტული იყო. ასე გადავედი ცალკე საცხოვრებლად, რის შესახებაც გიყვებოდით პოსტში მარტო სახლში, ანუ რა გავლენა მოახდინა ჩემზე ქერი ბრედშოუმ.

სირთულეები ბროლივით მარტივად იმსხვრევა, თუ გაქვს მოტივაცია და მკაფიო მიზანი.

ახალგაღვიძებულს საწოლის პირდაპირ კედელზე საიდანღაც გაჩენილი ლაქა რომ არ დამენახა, გადავწყვიტე amazon.com-დან კედლის სტიკერები გამომეწერა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია შერჩევისას. ხის ტოტი ჩიტებით და წარწერით “Happiness is being home again” (ბედნიერებაა კვლავ სახლში ყოფნა). მაინცდამაინც ამ სტიკერზე არჩევნის შეჩერება შემთხვევით არ მომხდარა. ჩემთვის სახლში ყოფნა ბედნიერება, სიამოვნება და კომფორტია.

მსგავსი სტიკერების შეძენა აქ შეგიძლიათ, მე კი იმის შესახებ მინდა მოგიყვეთ, როგორ ვაქციე სახლი კომფორტის ზონად, სადაც ყოველთვის მიმეჩქარება და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

ის, რასაც ჩვენ ოთხ კედელში მარტო დარჩენილები ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, პროდუქტიულობაზე და მსოფლხედვაზეც კი. შესაბამისად გვიწევს იმ მარტივი ჩვევების გამომუშავება, რომელიც ჩვენს ყოფას აუმჯობესებს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი ყოველდღიური რუტინა პოზიტიურადაც კი მექცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მარტივი ცვლილება შევიტანე მასში.

1. დაალაგე საწოლი – მე მკაცრად განსაზღვრული სამუშაო დრო მაქვს. რამდენიმე წამიანი დაგვიანებაც კი ჩემს არცთუ მაღალ ხელფასზე და ხელმძღვანელობის ჯმუხ სახეებზე ავტომატურად აისახება. შესაბამისად, დილით ძილი მუდამ მაკლია, მაგრამ ყოველთვის ვიტოვებ 2-3 წუთს საწოლის დასალაგებლად. სახლში მოსულს კი წესრიგი მხვდება და თავისუფლად შემიძლია დავისვენო.

2. მიუჩინე ყველა ნივთს თავისი ადგილი – რამდენიმე თვის წინ, როდესაც ფეხის აუტანელი ტკივილის გამო ექიმს მივაკითხე, მან სტანდარტული კითხვა დამისვა, მქონდა თუ არა სპორტული დატვირთვა. მე მხრებში გავსწორდი და ტრადიციული “ცელქობით”  მივუგე: – დიახ. დილაობით 30-40 წუთი დავრბივარ, თან გავიძახი “უთო გამოვრთე?”, “სათვალე სად წავიღე ნეტა?”, “ახლა საფულე უნდა მოვძებნო”, “აუ, გასაღებს ვერ ვპოულობ”, “ვაიმე, მაგვიანდება”. სინამდვილეში კი სწორედ ამ ფაქტების გამო შეიძლება მთელი დღის განწყობა გაგიფუჭდეს. ამიტომ სჯობს გასაღებისთვის სპეციალური საკიდი გააკეთო და ზოგადად ყველა ნივთს თავისი ადგილი განუსაზღვრო.

3. გააკარი კედელზე ფოტოები სასიამოვნო მომენტების გასახსენებლად – ჩვენს ბედნიერებას მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა არ განსაზღვრავს. სხვა დანარჩენისთვის სასიამოვნო მოგონებები არსებობს. მე პირადად სტამბულში გადაღებული ფოტოების გვერდით ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ჩემპიონი გუნდის “მილანის” ფოტოც კი მაქვს. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი და უზომოდ მიხაროდა საყვარელი გუნდის გამარჯვება. შესაბამისად ამ ფოტოს დანახვა ყოველთვის მსიამოვნებს.

საკუთარი ფოტოების გარდა, შეგიძლია შენი საოცნებო ადგილების, საყვარელი ადამიანების, ან უბრალოდ პოზიტიური ფოტოები გააკრა კედელზე, რომელთა დანახვაც განწყობას აგიმაღლებს.

თავად რას აკეთებ სახლში საკუთარი კომფორტისთვის?

პ.ს. ღამღამობით მაცივარში ქვაბიდანვე ჭამა მიყვარდა ძალიან. ვისაც ეს არ გაგიკეთებიათ, დიდი სიამოვნება დაგიკარგავთ. მას შემდეგ, რაც მისი გაწმენდაც ჩემი ფუნქცია გახდა, მივხვდი რომ აჯობებს თუნდაც ერთი ლუკმისთვის თეფში გავრეცხო, ვიდრე მაცივარში საკვების ერთი ნამცეცი დავაგდო. დამიჯერე, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურაა.

შენ რას იტყვი?