ძვირფასი ლითონები სუფთა სახით საიუველირო საქმეში არ გამოიყენება. ამის მიზეზია მაღალი ღირებულება, არასაკმარისი სიმაგრე და მალცვეთადობა. როგორც წესი, მზადდება ორი ან მეტი ლითონის შენადნობი, ვინაიდან შენადნობში ლითონთა სიმტკიცე საგრძნობლად იზრდება. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს მივანიჭოთ ლითონს ჩვენთვის სასურველი თვისებები, მაგალითად შევუცვალოთ ფერი ან შევუცვალოთ ლღობის ტემპერატურა, მივცეთ ჩვენთვის სასურველი, დახვეწილი ფორმა, რაც აუცილებელია ლამაზი და ნატიფი სამკაულის დამზადებისას.

ოქრო

ოქრო კაშკაშა ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონია. ის მაღალი პლასტიურობით, სირბილითა და მბზინვარებით გამოირჩევა. სუფთა სახით ადვილად იჭრება დანით. საიუველირო საქმიანობაში პირველი ადგილი უკავია.

ოქროს ხარისხი

ოქროს სიწმინდე სინჯებში იზომება. სინჯი ესაა შენადნობში ძვირფასი ლითონის შემცველობა. სინჯების ორი ძირითადი სისტემა არსებობს:

კარატული (ბრიტანული) სისტემა

სუფთა ოქრო 24-კარატიანია, მაგრამ ის იმდენად რბილია, რომ სამკაულების დამზადება შეუძლებელია. ამიტომ ამზადებენ ოქროს შენადნობებს სხვადასხვა ლითონების მინარევებით, რაც მის სიმტკიცეს და გამძლეობას ზრდის. სტანდარტულად გამოიყენება 18-კარატიანი (75% ოქრო), 14-კარატიანი (58% ოქრო) და 10- კარატიანი (47.7% ოქრო) ოქრო. რაც უფრო მაღალია კარატი, მით უფრო უკეთესი ხარისხისაა ოქრო და მით უფრო ძვირფასია სამკაული.

სინჯების მეტრული სისტემა (ევროპული სტანდარტი)

ამ სისტემის მიხედვით სინჯი ვარირებს 0-დან 1000-მდე. 999,99 სინჯი სუფთა ოქროა. ოქრომჭედლობაში და საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება ოქრო შემდეგი სინჯებით: 375, 500, 585, 750, 900, 916 და 958. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით მეტია ოქროს შემცველობა ნაკეთობაში. ბაჯაღლოს 958 სინჯს უწოდებენ.

755GoldColors

შედარებისთვის

333 სინჯის ოქრო იგივე 8 კარატიანი ოქროს ეკვივალენტია,

375 სინჯი – 9 კარატის;

583/585 სინჯი 14 კარატის;

750 სინჯი – 18 კარატის;

900 სინჯის – 21 კარატის;

916 სინჯის – 22 კარატის;

958 სინჯი – 23 კარატის;

999 სინჯი – 24 კარატის.

ოქროს შეფერილობა

1815group

იმის მიხედვით, თუ რა მინარევებს შეიცავს, ოქროს შეფერილობა იცვლება. ოქროს შენადნობები ფერების მიხედვით შეიძლება იყოს – ყვითელი, წითელი, მომწვანო, თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი. ყველაზე გავრცელებულია ყვითელი შეფერილობის ოქრო – ვერცხლის და სპილენძის მინარევებით. თეთრი ოქრო ნიკელის, სპილენძის და თუთიის მინარევებს შეიცავს და ძალიან წააგავს პლატინას, თუმცა ფიზიკური თვისებებით მისგან ძალიან განსხვავდება. ვარდისფერი ოქრო სპლენძის მინარევს შეიცავს და ხშირად გამოიყენება თეთრი ან ყვითელი ოქროს სამკაულების გასაფორმებლად. ოქროს შეფერილობა მისი ხარისხის ინდიკატორი არაა, ერთი და იგივე სინჯის ან/და კარატის ოქრო შეიძლება იყოს როგორც ვარდისფერი, ისე თეთრი და ყვითელი შეფერილობის.

ოქროს მოვლა

ოქროს სამკაულების გაწმენდისთვის შეგიძლია გამოიყენო თბილი წყალი, თხევადი საპონი, და თუ აუცილებელია, რბილი ჯაგრისი. ოქროს ცხიმისგან გაწმენდა შესაძლებელია სპირტში ცოტა ხნით მოთავსებით, თუმცა ეს მხოლოდ იმ სამკაულისთვისაა რეკომენდებული, რომელშიც ძვირფასი ქვები არ არის ჩასმული. გარდა ამისა, არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც მაღაზიებში იყიდება, მაგალითად, მათი შეძენა შესაძლებელია “ზარაფხანაში“, სადაც ყიდვის გარდა, კონსულტაციებსაც გაგიწევენ, თუ როგორ მოუარო ამა თუ იმ სამკაულს.

ვერცხლი

Fotor092814516

თეთრი ფერის ლითონია. სუფთა ვერცხლი ძალიან რბილია და იოლად ზიანდება. ძვირფას ლითონებს შორის ის ყველაზე მაღალი არეკვლის უნარით გამოირჩევა. სამკაულების შესაქმნელად ვერცხლის და სპილენძის შენადნობს იყენებენ, რომელსაც სტერლინგი ვერცხლი ეწოდება. ის 92.5% ვერცხლს და 7.5 % სპილენძს შეიცავს, თუმცა ეს ლითონის ღირებულებაზე არ აისახება.

ვერცხლის მოვლა

ჰაერში არსებულ გოგირდთან და გოგირდწყალბადთან რექციაში შესვლის გამო ვერცხლის სამკაული დროთა განმავლობაში მქრქალდება და ლაქავდება. ამის თავიდან ასაცილებლად სამკაული რეგულარულად უნდა ატარო და როგორც კი შეამჩნევ, რომ მბზინვარებას კარგავს, აუცილებად გაწმინდე სპეციალური ხსნარით.

პლატინა

Fotor0928145952

პლატინა ყველაზე გამძლე და მყარი ლითონია ძვირფას ლითონებს შორის და იდეალურია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების და ბრილიანტისთვის. შეფერილობა ნაცრისფერ-თეთრია. პლატინის სამკაულებში როგორც წესი, გამოიყენება 95% სუფთა პლატინის და 5% ირიდიუმის ან პალადიუმის შენადნობი. ასევე შესაძლებელია 90% პლატინის და 10% ირიდიუმის ან პალადიუმის შენადნობის გამოყენება. სამკაულების სინჯის დამღა აშშ-ს კანონმდებლობით უნდა იყოს: 900 Plat- რაც ნიშნავს 90% პლატინას ან 950 Plat ან Plat რაც მიანიშნებს, რომ ლითონი 95% პლატინას შეიცავს.

პლატინის სამკაულების მოვლა

პლატინის სამკაულების მოსავლელად თბილი საპნიანი წყალი სავსებით საკმარისია. თუ პლატინის სამკაული დაიკაწრება ან პატინა (ნადები) წარმოიქმნება, ასეთ შემთხვევაში იუველირს უნდა მიმართო.

სამკაულების მოვლის უნივერსალური წესები

Jewelry-box-princess-fashion-cosmetic-box-leather-with-lock-gift

იმის მიუხედავად, რომ ძვირფას ლითონებს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროებათ, არის უნივერსალური წესებიც, რომლის დაცვისას სამკაული დიდხანს შეინარჩუნებს თავდაპირველ მბზინვარებას და სილამაზეს.

  • სამკაული ინახება სპეციალურ, რბილი ნაჭრით ამოფენილ ყუთში ან ნაჭრის ტომსიკაში,სადაც ნაკეთობა განცალკევებით მოთავსდება. თუ აპირებ, რომ სამკაული ჩვეულებრივ ყუთში შეინახო, სასურველია, შენახვამდე ის რბილ ქაღალდში გაახვიო.
  • შენახვის წინ დარწმუნდი, რომ სამკაული მშრალია. სველ სამკაულს დროთა განმავლობაში,შესაძლოა, ლაქებიგაუჩნდეს.
  • არავითარ შემთხვევაში არ ჩაყარო სხვადასხვა სამკაული ერთად. ასე, შეიძლება, სამკაული დაზიანდეს.
  • მოარიდე ძლიერ ქიმიკატებთან ურთიერთობას, როგორიცაა მათეთრებელი, ქლორი და ა.შ.
  • მოიხსენი სამკაული უხეში სამუშაოს შესრულების წინ.
  • ქსოვილი, რომელსაც სამკაულის გასაწმენდად იყენებ, უნდა იყოს რბილი ზედაპირის მქონე, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული.

ძვირფასი ლითონები და ხარისხის გარანტია

ძვირფასი ლითონების ნაკეთობები, თუ ისინი გათვლილი იყო გასაყიდად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო დადამღული, თუმცა საქართველოში დღეს ეს კანონი გაუქმებულია. აშშ-ს კანონდებლობით დადამღვა აუცილებელია, ამიტომ აშშ-დან გამოწერილ ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ სამკაულს აუცილებლად უნდა ქონდეს დამღა.

როგორც წესი ნაკეთობაზე კეთდება ორი დამღა: 1. ეს არის სახელობითი ანუ დამამზადებლის დამღა 2. გარანტიის ანუ სინჯის დამღა.

იმედი მაქვს ჩემს მიერ მოწოდებული მცირე ინფორმაცია დაგეხმარება არამარტო სამკაულის არჩევაში, არამედ მოვლაშიც. გისურვებ წარმატებებს.