პარიზის მოდის კვირეული დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი ცენტრალური ჩვენება, რომელსაც მოდის ჟურნალისტები, კრიტიკოსები და საზოგადოება ინტერესით ელოდა, იყო ვალენტინოს გაზაფხული-ზაფხული 2014.

ჩვენებას ბევრი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის ოლივია პალერმო, სიარა, მიროსლავა დუმა და ა.შ.


ვალენტინოს მოდის სახლის წამყვანმა დიზაინერებმა მარია გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიჩიოლიმ მართლაც არაჩვეულებრივი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს, რაც დიზაინერთა დუეტის წინა სეზონების ლოგიკური გაგრძელებაა.

Maria+Grazia+Chiuri+PFW+Valentino+Runway+Show+rBM0pXoqgicl

ვალენტინოს ბოლო რამდენიმე ჩვენების მსგავსად, მოდელები ძალიან წააგავდნენ ძველ პორტრეტებზე გამოსახულ სახეებს. მარია გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიჩიოლიმ აღნიშნეს, რომ ამ კოლექციის შთაგონების წყარო გახდა რომის ოპერა. კრიტიკოსები აღნიშნავენ რამდენიმე მოდელის მსგავსებას მარია კალასის „მედეასთან“ პაზოლინის 1969 წლის ფილმში.


ტრადიცია და ტენდენციების ხაზი არც ამჯერად დარღვეულა და ვალენტინომ ქალური და რთული ორნამენტებით დატვირთული სამოსი წარმოადგინა. გრძელი სახელო, გრძელი კაბები, განიერი შარვლები და არავითარი დეკოლტე. წინა კოლექციის მნიშვნელოვანი დეტალი – თეთრი საყელო, კვლავ ფიგურირებდა.


აქსესუარები ყოველთვის მნიშვნელოვანი შტრიხია ვალენტინოსთვის. ამჯერადაც აქტიურად იყო გამოყენებული ყვითელი ოქროს ყელსაბამები და სამაჯურები, ხოლო ტყავის თმისსამაგრი („აბადოკი“) მეტალის დეტალებით, რომელიც ძალიან წააგავს უკრაინულ ნაწნავს, ამ კოლექციის მთავარი შტრიხი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ძალიან კონსერვატიულია, ის მაინც შეუდარებლად უსვამს ხაზს ქალურ სილუეტს და ყველა ასაკის ქალისთვის სასურველია, რაშიც უთუოდ დაგვეთანხმები.