“რა ჩავიცვა, როდესაც არაფერი მაქვს ჩასაცმელი?” – საკუთარ თავს ხომ არ გახსენებს ეს კითხვა? მაშინ პოსტი ბოლომდე წაიკითხე, შეიძლება კარგი იდეაც გაგიჩნდეს.

საძიებო სისტემაში იგივე კითხვის ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ამ პლანეტაზე მარტო არ ვარ და ბევრ მეტად საინტერესო იდეას წავაწყდი, მათ შორის, წითლის ეფექტსაც.

თუ გინდა, რომ დომინირებდე, თავდაჯერებული იყო და მათ შორის (თუ პირველ რიგში არა) სექსუალურად გამოიყურებოდე – ატარე წითელი სამოსი. სულაც არაა აუცილებელი, თავიდან ფეხებამდე წითლით შეიმოსო, რადგან ჩემგან პირველად არ გაიგებ, რომ ყველაფერში ზომიერება და ზომიერებაა საჭირო! საკმარისია, თუნდაც წითელი ტუჩსაცხი ან/და მაისური და საპირისპირო სქესის ყურადღება შენსკენაა მომართული.

წითელი ქალსა და მამაკაცში ემოციურ რეაქციებს აღვივებს, რასაც – წითლის ეფექტი (the Red Effect) ჰქვია. გასაოცარია, მაგრამ მეცნიერების მტკიცებით, არსებობს ბიოლოგიური ფაქტორები, რაც ქალებს უფრო მიმზიდველს, მამაკაცებს კი უფრო დომინანტურსა და აგრესიულს ხდის, როდესაც ისინი ატარებენ წითელ სამოსს.

ერთ-ერთ კვლევაში მამაკაცებს უჩვენებდნენ ფოტოებს, სადაც ქალებს ეცვათ სხვადასხვა ფერის სამოსი. უმეტესობისთვის, ქალები წითელი ჩაცმულობით უფრო მიმზიდველი იყვნენ, ვიდრე სხვა ფერში. ამასთან, აუცილებელი არაა, წითელი სამოსი ზესექსუალურობით გამოირჩეოდეს. საკმარისია ჩვეულებრივი მაისური, რომელიც უმალ იქცევს ყურადღებას.

მე, პირადად, წითელს წვეულებისთვის ვირჩევ, ნამდვილად ძალიან ეფექტურია, სცადე შენც.

მოგწონს წითელი ფერი? რომელია შენი საყვარელი წითელი ნივთი?