Home Events

თბილისის მოდის კვირეულმა სასიამოვნო სიახლეები და ბევრი ახალი სახე შემოგვთავაზა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალგაზრდა დიზაინერი დიანა ქვარიანი.

მისი სახელი არც ისე ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ამ ჩვენების შემდეგ დიანას თამამად შეუძლია საპატიო ადგილი დაიკავოს მოდის ინდუსტრიაში. მან განათლება იტალიაში მიიღო ფეშენ-დიზაინის განხრით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისში ბუტიკი გახსნა. თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია მის კარიერაში.

დიანა ქვარიანის ჩვენება, სხვა ჩვენებებისგან განსხვავებით სხვა ლოკაციაზე, კერძოდ, კონსერვატორიის ფოიეში გაიმართა. მოდელები ორ სართულზე დამსწრე საზოგადოებას შორის არსებულ სივრცეში მოძრაობდნენ, რაც დიზაინერის ნამუშევრების აღსაქმელად კარგი საშუალება აღმოჩნდა.

როგორც დიზაინერმა განაცხადა, კოლექციის თემა იყო მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მამაკაცი, დენდი. გამოყვანილი პიჯაკები, მოკლე საყელოები, მაღალი ცილინდრები და ეს ყველაფერი ზუსტად და კომფორტულად მორგებული ქალის სილუეტზე. ყველაფერი ის, რაც თანამედროვე საქმიანმა ქალმა შეითვისა. მოკლედ, ეს არის სამოსი “ქალი-დენდისთვის”.

ულამაზესი ქუდები სპეციალურად დიანასთვის დიზაინერმა ჯეი.ბიმ შექმნა. ამ ორი ხელოვანის კოლაბორაცია საკმაოდ წარმატებული და სანახაობრივი აღმოჩნდა. ფერების იდეალურად შეხამება კი დიანას ძლიერი მხარეა, რომელსაც ყველა სამოსში იდეალურად იყენებს.

ფოტო: MiHail Photography

შენ რას იტყვი?