თუ შენ 13-დან 17 წლამდე ხარ, თანაც თბილისში მცხოვრები, დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ შენს კარადაში მინიმუმ ერთი, მეტად გახუნებული „სკინი“ ჯინსი აუცილებლად მოიპოვება.  ჩვენს დედაქალქში – „სკინი“ ჯინსი თუ არა, ე.წ. ლეგინსი (ტენდენციურად შავი) მრავალჯერ მოგწყვეტს თვალს.

ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე – ხშირად ტანსაცმლის ფერი ადამიანის ხასიათს გამოხატავს, ხოლო სტილი – ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. მაგალითად, ჩემს ნაცნობებში ხშირია იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მუდმივად შავი ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, მათი ბუნება-განწყობილებაც შესამჩნევად  ჩაკეტილი და გაღიზიანებულია.

თბილისში ფერთა შუალედური ტენდენცია პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი ნაწილი თუ მთელს სტილს – ჩანთას, ფეხსაცმელს, მაისურსა და აქსესუარებს ერთ, მუქ ტონალობაში წყვეტს, მეორე ნაწილი, საკუთარ სტილს თამამად უხამებს ცისარტყელის ყველა ფერს  და არაჩვეულებრივი კონტრასტი გამოჰყავს.

მხცოვანი და დარბაისელი საზოგადოება, ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ცდილობს სპეციფიური სტილის მორგებას. მათ სამოსში არსებული ფერთა გამა ხაზს უსვამს მათ სტატუსსა თუ მდგომარეობას.

დიახ, მოდის ტენდენციები მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაგავიწყდეთ თქვენი სხეულის პარამეტრისა და თავისებურებების გათვალისწინება სტილის მორგებისას. არ დაივიწყოთ ისიც, რომ ადამიანი თქვენგან პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ვიზუალიდან იღებს.