Home მიმოხილვები

ჩვენმა ქალაქმა მორიგ მოდის კვირეულს უმასპინძლა. თბილისმა საბოლოოდ დაიმკვიდრა მოდური და საკუთარი, განუმეორებელი სტილის მქონე ქალაქის სახელი, რასაც მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრის და მედიის წარმომადგენლის კომენტარები და პუბლიკაციები ადასტურებს.

2015-16 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ოცამდე ქართველმა და ერთმა უკრაინელმა დიზაინერმა წარმოადგინა. კვირეული გაიხსნა ნიკა სახანბერიძის გამოფენით, რომელიც პროექტ ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში იყო განთავსებული. ასევე კვირეულის ფარგლებში ფოტოგრაფ გრეგოარ ელოის გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა.

წელს მოდის სახლი Materiel დამოუკიდებელი კოლექციებით ორმა დიზაინერმა წარმოადგინა.

ალექსანდრე ახალკაციშვილმა ცივი სეზონისთვის ჯიბეებით გაფორმებული სწორი სილუეტის პალტოები და პერანგის ტიპის კაბები შემოგვთავაზა. დიზაინერის მიგნებაა მხრებთან ამოჭრილი გრძელსახელოიანი მოსაცმელები და ბისერით ნაქარგი დეტალები. კოლექციაში მუქი, ნაცრისფერი და შავი ფერები ჭარბობდა. წინა წლის მსგავსად, აღსანიშნავია ორიგინალური ფორმის საყურეები.

მოდის სახლ Materiel-ის კიდევ ერთმა დიზაინერმა ლიკა ჩიტაიამ კოლექცია მხოლოდ ორი ფერის, თეთრის და შავის გამოყენებით შექმნა, მკაცრი, სწორი ფორმის სამოსი გააფორმა იგივე მატერიისგან შესრულებული წრიული და ვერტიკალური ნაკეცებით.

ბრენდ Eloshi-ს ძირითადი კონცეფციაა “ხედი ჩემი ფანჯრიდან”. ახალი კოლექციის პირველი ნაწილი მუქ ტონებშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე ღია, ხასხასა პრინტებიანი ტანსაცმლისგან შედგება.

თაკო მექვაბიძემ თავდაპირველად შავის და თეთრის კონტრასტი გამოიყენა, შემდეგ წითელი და ბოლოს უნაზესი  ვარდისფერის და თეთრის ნაზავი. განსაკუთრებით მომხიბვლელია ფოჩის ფორმის საყურეები. დიზაინერი აქტიურად თანამშრომლობს კომპანია Flabour-თან.

უკრაინული ბრენდი Desserts კოქტეილის კაბებს ქმნის. თბილისის კვირეულზე დიზაინერმა ულია როგალსკაიამ მსუბუქი და ჰაეროვანი, ძალიან ფერადი კოლექცია გვაჩვენა.

“თავიდან იყო ბაბუაწვერა”, ასეთია Anouki-ს არაჩვეულებრივი კოლექციის ძირითადი იდეა, რომლის ჩვენებაც ნაციონალურ გალერეში შედგა. გალერეის თეთრი კედლები კიდევ მეტად ამძაფრებდნენ სიმსუბუქის და სიქათქათის შეგრძნებას, მიუხედავად იმისა რომ დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ნაცრისფერის და ლურჯის მუქი ტონები და ბადის ნახატიანი სხვადასხვა ფერის მატერიები გამოიყენა. დიზაინერმა პოდიუმზე გამოიტანა განსხვავებული მასალის და ფაქტურის ხალათის ტიპის პალტოები, კომბინიზონები და პრაქტიკული კაბები გაფორმებული პომპონებით და მრგვალი საყელოებით.

Dalood-მა პოდიუმზე ძალიან პრაქტიკული, ყოველდღიური სამოსი გამოიტანა: ტრენჩები, კომბინიზონები, ნაქსოვი სვიტრები და ყოველდღიური ბლუზები. ასევე ფერების ფართო არჩევანიც შემოგვათავაზა: ოქროს და ვერცხლისფერიდან დაწყებული, ხაკისფერით და შავით დამთავრებული.

დიანა ქვარიანის კოლექციები ყოველთვის გამოირჩევა პროფესიონალიზმით. ასევე გამორჩეულია დიზაინერის ფერთან და ფაქტურასთან დამოკიდებულება და საოცრად თანამედროვე და მოულოდნელი გადაწყვეტილებები. კოლექციაში გამოყენებულია ხასხასა ტერაკოტისფერი, ფუქსია, ლურჯი. მომდგარი სილუეტის კაბები, ჟაკეტები და ფარფლებიანი ზედები გაფორმებულია ბაფთის ფორმის ქამრებითა და ბროშებით.

ქართველ დიზაინერებს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ შავ ფერთან. ეს დამოკიდებულება აღმატებით ხარისხს გიორგი შაღაშვილის შემოქმედებაში იძენს. მისი კოლექცია Black is Black სახელწოდებიდან გამომდინარე მთლიანად შავ ფერშია შესრულებული.

გიორგი ქებურია ახალგაზრდა თვითნასწავლი დიზაინერია. თბილისის მოდის კვირეულის კონკურს Newcomer-ის და BeNext-ის გამარჯვებულმა საკუთარი ბრენდი 2010 წელს დააარსა და ცივი სეზონისთვის საკუთარი კოლექციით წარსდგა.

მარიამ გვასალია უკვე მეორედ იღებს კვირეულში მონაწილეობას. წინა სეზონის დასამახსოვრებელი კოლექციის შემდეგ დიზაინერი ფერადი სამოსით წარსდგა. ყვავილებიანი და ვარდისფერი პიჯაკის ტიპის მანტოები, პერანგები, მკერდზე გადაჯვარედინებული მოკლე სვიტრები და ჯიბეებით გაფორმებული შარვლები ეფექტურად გამოიყურება.

სალი ფანგანი შარშანდელი სიახლეა. ახალი კოლექციის შთაგონების ამოსავალი წერტილი სალვადორ დალი და მისი შემოქმედებაა. ძირითადი ფერებია: შავი, თეთრი, ცისფერი და ჟოლოსფერი, გასაფორმებლად კი პრინტები და მოცულობითი ორნამენტებია გამოყენებული.

რია ქებურიას კოლექციას სახელწოდებით ROBOSSANSE  ძლიერი კონცეფცია აქვს: “იყო დრო, როდესაც სამოსი სიმდიდრეს გამოხატავდა. დღეს სპორტულ-რობოტულმა  სილუეტებმა დაიპყრეს მოდა. ეს კოლექცია ამ ორი საპირისპირო თავისებურების ერთად წარმოჩენის მცდელობაა”. გატენილ, დალიანდაგებულ ქსოვილს შეხამებული აქვს რომანტიკული პრინტი. კოლექციის მთავარი დეტალებია რობოტის სახის მსგავსი ნიღბები და სოფო გონგლიაშვილის მიერ შესრულებული მინანქრის ბროშები.

თბილისის მოდის კვირეული Atelier Kikala-ს კოლექციის პრეზენტაციით დასრულდა. საკმაოდ ახალგაზრდა და პერსპექტიულმა დიზაინერმა ლადო ბოკუჩავამ გეომეტრიული ორნამენტებით და ორიგინალური ნაქარგით გაფორმებული თავისუფალი სილუეტის პალტოების კაფსულ-კოლექცია გვაჩვენა.

 ფოტოები:

MiHaiL Photography

Chokheli Photographer

Tbilisi Fashion Week

https://www.facebook.com/anoukibrand

შენ რას იტყვი?