პარიზის მიმდინარე მოდის კვირეულზე სენ ლორანის მოდის სახლმა გაოცებული დატოვა მოდის კრიტიკოსები და ჟურნალისტები. ჩვენების ადგილი საზოგადოების შეზღუდული წრისთვის 48 საათით ადრე გახდა ცნობილი.

სენ ლორანის მოდის სახლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას მხოლოდ რჩეული სტუმრები დაესწრნენ. მშვიდი გარემო ლენი კრავიცის და ჰეიდი კლუმის დარბაზში დაგვიანებით შემოსვლამ დაარღვია რამდენიმე წუთით, სანამ საპატიო სტუმრები წინა რიგებში კუთვნილ ადგილებს დაიკავებდნენ.

კოლექცია 80-იანი წლების დისკოს სტილშია გადაწყვეტილი: ტყავის მინი კაბები, პიჯაკები, წვრილი ჰალსტუხები, დიდი ზომის პერანგები.

კოკო შანელის მიერ დამკვიდრებულ ნიშას, პატარა შავ კაბას (LBD), დიზაინერების უმეტესობის მსგავსად, ვერც სენ ლორანმა აუარა გვერდი.

წინა სეზონების მსგავსად ტყავის დეტალები კვლავ აქტუალურია. ტყავის მინი კაბა აქტიურად დომინირებს ამ კოლექციაში.

80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ტყავის ქურთუკები და შარვლები, რაც კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ ეს კოლექცია ახალგაზრდულია.

დიდი ზომის და მამაკაცური სტილის პიჯაკები კვლავ აქტუალურია, ამჯერად გამჭირვალე, ფერად პერანგებთან და ვიწრო შარვლებთან ერთად.

მიუხედავად მამაკაცური შტრიხების სიმრავლისა, დიზაინერმა ქალურ სტილს მაინც ვერ აუარა გვერდი და რამდენიმე ფერადი კაბაც წარმოადგინა. მეტალიკის ფერებში გადაწყვეტილი კაბები კი დისკოს სტილის გავლენაა.

მუქი ფერებისა და ტყავის სამოსის გარდა დიზაინერმა კოლექციაში ტრენდული წვრილი ქამრები და მეტალის მასიური ყელსაბამები გამოიყენა, ისე რომ თავისებური დახვეწილი და გამორჩეული სტილი არ დაუკარგავს, რასაც თავადაც შენიშნავდი.