რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდში რიგით მეორმოცე People’s Choice Awards 2014-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ჯილდოს ლაურეატების გამოვლენა ინტერნეტის საშუალებით ხდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს თავის ფავორიტს. დაჯილდოების მთავარი გმირი 5 ნომინაციაში გამარჯვებული სანდრა ბულოკი გახდა, ხოლო წითელი ხალიჩა ვარსკვლავთა სიმრავლით გამოირჩეოდა. როგორც ყოველთვის, მათი ჩაცმულობა დიდ ყურადღებას იქცევს და კრიტიკოსთა განხილვის საგანი ხდება, თუმცა წელს მათი აზრი ორად გაიყო.

უდავო ფავორიტად აქაც სანდრა ბულოკი იქცა Peter Pilottо-ს მცენარეული ორნამენტით გაფორმებული კაბით,  Jimmy Choo-ს შავი ლაქის კლატჩითა და Kurt Geiger-ის ფეხსაცმლით.

სანდრა ბულოკი
როგორც ყოველთვის, ელეგანტურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა Jason Wu-ს თეთრ კაბაში გამოწყობილი ჯესიკა ალბა. ასევე გამორჩეული იყო “მისს ამერიკა 2011” ალისა კამპანელა Lauren Elaine-ის ცისფერი კაბით.

ალისა კამპანელა

ჯესიკა ალბა

ჰაიდი კლუმმა კი განსხვავებული შეფასებები მიიღო. მისი სამოსი Giorgio Armani-სგან, ღრმა დეკოლტეთი და ბზინებით უხვად გაფორმებული, კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ზედმეტად გადაპრანჭული და ზომიერების გრძნობას მოკლებული იყო. ზოგადად, მისი ჩაცმულობის ადეკვატურობა და გემოვნება ხშირად ეჭვქვეშ დგება.

ჰაიდი კლუმი

“ვამპირის დღიურების” ნინა დობრევმა სასწაულებრივად მოახერხა Elie Saab-ის კაბის “გაფუჭება” და ამ ყველაფერს გაუგებარი ვარცხნილობაც დაუმატა.

ნინა დობრევი

People’s Choice-ისთვის იდეალურად ჩაცმული ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, სერიალების ახალგაზრდა მსახიობი ბეთ ბერნსი აღმოჩნდა. მან სადა და ლაკონური Giulietta-ს შავ-თეთრი კაბით “ათიანში გაარტყა”.

ბეთ ბერნსი

დაჯილდოებას ასევე ესწრებოდა ჯენიფერ ჰადსონი Kaufman Franco-ს თეთრი კაბის საშიში სიგრძით, ხოლო საღამოს წამყვანი მსახიობი კეტ დენინგსი თავს  მშვენივრად გრძნობდა David Meister-ის ვარდებიან შავ კაბაში.

კეტ დენინგსი

ქეით ჰადსონი

მიმოხილვას დავასრულებთ ჩვენი თანამემამულე David Koma-ს ნამუშევარში გამოწყობილი ელისონ უილიამსით. მან თეთრი ტყავით გაფორმებული ხასხასა ლურჯი კაბა იდეალურად მოირგო და ამით საშინელი ფეხსაცმელიც კი შეუმჩნეველი გახადა.

ელისონ უილიამსი

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა დაჯილდოებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა და წითელი ხალიჩა ვარსკვლავთა სიმცირეს არც წელს უჩიოდა.