ARMANI COUTURE

ჩვენებას ფონად ლედი გაგას ალბომი, “არტპოპი” ედო. თავად მომღერალი წინა რიგში იჯდა და შავი კაპიუშონიდან გადმოშლილი გრძელი ქერა თმით და ვერსაჩესეული გარეგნობით დონატელას ტყუპისცალს ჰგავდა.

კაპიუშონი ჩვენების წამყვანი დეტალი იყო. პოდიუმზე მოდელები რომაული ქალღმერთების გაცოცხლებულ ქანდაკებებს ჰგავდნენ. ტანზე მომდგარი მკაცრი კორსეტები შერბილებული იყო დრაპირებული ბოლოებით და ნახევრადმოშიშვლებული მკერდით. კაბების ბზინებით და ტყავის ელემენტებით გაფორმება ტატუს მოტივებს ჰგავდა. დონატელას თქმით, კოლექციის შექმნისას თვალწინ გრეის ჯონსის პორტრეტი ედგა მის სავიზიტო ბარათად ქცეული კაპიუშონიანი კაბით. გრეის ჯონსი 1980-იანი წლების ცნობილი მოდელი და მომღერალი იყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას აზედიდ ალაია ესწრებოდა – დიზაინერი, რომელმაც ჯონსს კაპიუშონი პირველმა მოარგო. ამის მიუხედავად, კოლექცია მთლიანად დონატელასეული იყო.

ELIE SAAB

ლიბანელ დიზაინერ ელი სააბს ერთფეროვნებას ვერ დააბრალებ. პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები კოლექცია ისევე, როგორც წინამორბედები, ქალურ სილამაზეს და ელეგანტურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ხოლო ხელსაქმეს ხელოვნების ცნობილ შედევრებს უთანაბრებს.

ელი სააბის შემოქმედება ყოველთვის ასოცირდება წითელ ხალიჩასთან. კანისფერი, თეთრი, წითელი, მდოგვისფერი, ცისფერი და ლურჯი, იასამნისფერი, ბოლოს კი კოლექციის შემკვრელი შავი – ასეთია სააბის ამ სეზონის ფერთა გამა, რაც წინა წლებთან შედარებით მეტად მრავალფეროვანია. კოლექციის შთაგონების წყაროა პრე-რაფაელისტი მხატვრის, ლოურენს ალმა-ტადემას შემოქმედება. ნაზი, უთხელესი ორგანზით, გიპიურით და შიფონით შესრულებული კაბები გაფორმებულია მბზინავი ქვებით, მძივებით, ხელით შესრულებული ყვავილების ორნამენტით. სააბის ჩვენებებზე აღსანიშნავია კაბის და მოდელი გოგონას იდეალური თანხვედრა, რაც კოლექციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

VALENTINO

ორმოცდახუთი კაბა ორმოცდახუთი ოპერისთვის. ვალენტინოს პირველი მუსიკალური განაცხადი ნოტებით მოხატული კაბა იყო, რომელიც ჯუზეპე ვერდის “ტრავიატას” მიუძღვნა. გიპიურით და ორგანზით შესრულებულ ნაქარგ კაბებს სადა მატერიით შესრულებული ენაცვლებოდა. ვალენტინოსგან უცნაურად და ცოტა უხეშად გამოიყურებოდა ანრი რუსოსეული ცხოველების აპლიკაციები. ლომების, ვეფხვების გამოსახულებები, ბიბლიური სცენები და პეპების გაფორმება ერთმანეთს ენაცვლებოდა და თეატრალურ გარემოს ქმნიდა.

CHANEL

შეხედეთ ფეხსაცმელს! შანელმა მაღალი მოდის კვირეულზე მოდელებს კედები მოარგო. კარამელისფერი დამოკლებული ჟაკეტები და ბოლოები, ბზინებით და ბუმბულებით გაფორმებული კაბები, ბრჭყვიალა ხაზები თვალს ქვემოთ და ვარცხნილობა, რომელიც ასევე ბუმბულებს მოგვაგონებს. შანელის გოგოები ანგელოზებს ჰგავდნენ. ყოველ ჯერზე თავიდან გვაოცებს შანელის ჩვენებების მასიურობა. “როგორც წყალი” – ასე დაახასიათა კოლექცია კარლ ლაგერფელდმა. თავად დიზაინერს რაფ სიმონსის ნამუშევარი პალტო და მასიური ფეხსაცმელი ეცვა. “ჩემთვის კედებს არ ვქმნი” – განაცხადა მან.

ARMANI PRIVE

არმანის ნამუშევრებს აღმოსავლური განწყობა მოაქვს. ის ტრადიციებს არ ღალატობს. ამ სეზონის კოლექცია შექმნილია მოგზაურობისთვის. თავისუფალი ზედები და ჟაკეტები, სწორი შარვლები, კოჭამდე ბოლოები, აღმოსავლური ონამენტების და მძივების მდიდრული გაფორმება, შარფები და თავსაბურავები, გიპიურის საღამოს კაბები და ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი – ასე ვახასიათებთ არმანის. მისი ტრადიციების სიყვარული და ცნობადობა უცვლელია. ამჯერად, მაესტრომ ლურჯის, იასამნისფრის და ვერცხლისფრის ტონალობები აირჩია.

CHRISTIAN DIOR

სადა და ლაკონური კოსტიუმები და საზაფხულო პალტოები, ასიმეტრიული კაბები და მაღალი წელი წარმოგვიდგინა დიორის სახლმა. სადღაც გაჰქრა დიორის სავიზიტე ბარათად ქცეული ბაფთები (რაც ერთადერთ კაბაზე შევნიშნეთ). ფერთა გამაც თავშეკავებულია, ძირითადი ფერებია შავი და თეთრი, დამატებითი – პიტნისფერი, მუქი ლურჯი, იისფერი, წითელი აქცენტები. გულგრილი ვერ დავრჩით ფეხსაცმლის მიმართ. სახლის წამყვანმა დიზაინერმა რაფ სიმონსმა მატერიაზე ექსპერიმენტით 3D-ეფექტის შექმნა სცადა, ვფიქრობთ, წარმატებულად.

JEAN PAUL GAULTIER

გოტიეს ჩვენებები თეატრალურობით გამოირჩევა და დამსწრე საზოგადოება ერთგვარ პარალელურ სამყაროში ეფლობა. წლევანდელი კოლექციის შთაგონება პეპლები იყო, რომლებიც გოტიეს გუნდმა მეტალიზირებულ მატერიებად, ფრთის ფორმიან მკლავებად, მდიდრულ ნაქარგებად, არტ-დეკოს სტილის აპლიკაციად და კაბების სხვა ნაწილებად გარდაქმნა. ჩვენების მთავარ მოვლენად გოტიეს ფავორიტი, დიტა ფონ ტიზის პეპლის კოსტიუმით გამოჩენა იქცა, რომელმაც კინაღამ ჩვენების დასასრულს წარმოდგენილი საქორწინო კაბა გადაფარა.