პარიზის მოდის კვირეული არის მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ნიუ-იორკის, ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ მოდის სამყარო თითქოს იღლება კოლექციების განხილვით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა ჟივენში, იოჯი იამამოტო, ვალენტინო, სელინი, კენზო, ბალენსიაგა, ბალმანი, შანელი, დიორი, ელი სააბი, მიუ მიუ, ლუი ვიტონი, სტელა მაკარტნი და მრავალი სხვა, დაღლილობის ნაცვლად წარმოუდგენლად მძაფრი ინტერესი ჩნდება.

პარიზის მოდის კვირეული მხოლოდ კოლექციები არაა, ეს არის სანახაობა, კრეატივის და ინოვაციის დღესასწაული. თითოეული ჩვენება სავსეა სიურპრიზებით და არნახული, განუმეორებელი შოუებით.

ძნელია გამოარჩიო საუკეთესო და მხოლოდ ერთზე დაწერო, რის გამოც სტატიაში თითქმის ყველა ბრენდს შევეხებით.

ჟივენში

გასული ორი სეზონისგან განსხვავებით, რიკარდო ტისკი თითქოს გაიზარდა. მისი 2014 წლის ზამთრის კოლექცია ელეგანტურობის, ქალურობის და დახვეწილობის დღესასწაულია გახდა. ჰაეროვანი, გამჭირვალე, მსუბუქი პრინტები, პეპლის ფორმის კაბები, ქალთევზას იმიტაცია, მაკიაჟი – ამ ყველაფრის ტანდემით ტისკიმ არაამქვეყნიურად მშვენიერი და დახვეწილი ქალი შემოგვთავაზა.

შანელი

მსგავსი მასშტაბების დეკორაცია მოდის სამყაროში არ ყოფილა. ლაგერფელდმა ბრენდის 2014 წლის კოლექციისთვის პოდიუმი დიდ ჰიპერმარკეტად აქცია, სადაც თითოეული პროდუქტი (სასმელი, საკვები პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული) შანელის ლოგოთი დაბრენდირდა.

სელინი

ფიბი ფილოს ჩანაფიქრი ქალური სილუეტებით შთაგონებული მაკაცური ტანისამოსის შექმნა იყო, ვფიქრობთ, მისი ჩანაფიქრი და სურვილი წარმატებულად იქნა რეალიზებული და მომდევნო სეზონი კვლავ ბრენდის სამოსით იქნება გაჯერებული.

ბალენსიაგა

ალექსანდრ ვონგის მესამე კოლექცია ბრენდისთვის გაცილებით შთამბეჭდავი და თავდაჯერებულია. ელვაშესაკრავები, შარვლები, პრინტიანი პალტოები, ბადიანი ფერადი კაბები, ბეწვით გაწყობილი პალტოები, სპორტული ზედები… მოდის მოყვარულებს ნამდვილი თავსატეხი ელით წინ, თუ რომელი მათგანი მოათავსონ საკუთარ გარდერობში.

Comme des Garçons

გიგანტური ზომის კოსტიუმებში გახვეული მოდელები უკვე აღარ არის შოკისმომღვრელი, რის გამოც რეი კავაკუბო კრიტიკის ობიექტი გახდა. თავად განსაჯეთ მისი 2014 წლის ზამთრის კოლექცია.

კრისტიან დიორი

რაფ სიმონსის დიორი არის ქალის და მამაკაცის თანასწორობა, რაც მის ბოლო კოლექციაში განსაკუთრებით მძაფრად გამოიხატა. ქალისთვის შექმნილი მამაკაცის ოფიციალური ჟაკეტები და ქურთუკები, ქალური სილუეტებით და საოცრად ნაზი ფერებით – ნიშა, რომლითაც აუცილებლად გამოარჩევთ დიორს ყველა სხვა ბრენდისგან.

ლუი ვიტონი

Nicolas Ghesquière-ს პირველ კოლექციას ბრენდისთვის ყველაზე მეტად ელოდნენ და ყველაზე მეტს მოითხოვდნენ მისგან. მარკ ჯეიკობსის 16 წლიანი ბატონობის შემდეგ ძნელია ხალხს შენეული ლუი ვიტონი შესთავაზო, მაგრამ როცა საქმე ნიკოლასს ეხება, ნერვიულობა არ ღირს. 60-იანი წლებით შთაგონებულმა დიზაინერმა აღფრთოვანების გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვა. კრიტიკოსები განსაკუთრებით მინი ჩანთებს გამოარჩევენ. შოუ ფრეჯა ბეჰამ გახსნა.

Iris Vane Herpen

ეს იყო შოუ, რომელსაც დიზაინერმა “კითხვების აღზევება” უწოდა. 3 მოდელი დიდ გამჭირვალე პარკში გახვეული პოზირებდა, როცა მოდელები პოდიუმს მიუყვებოდნენ. ხელნაკეთი საგნების და ტექნოლოგიების, რეალურის და ხელოვნურის მიქსი – ოთხი კომპონენტი, რისი საშუალებითაც ბრენდი არასდროს თმობს თავის პოზოციებს.

ალექსანდრ მაქქუინი

ველური სილამაზე – სარა ბარტონის ინსპირაცია 2014 წლის ზამთრის კოლექციისთვის.

ლანვინი

ექსპერიმენტული, ექსტრემისტული და ექსტრაორდინალური თეატრალური შოუ, ტერმინები, რითიც ალბერ ელბაზის მორიგი შედევრის შეფასება შეიძლება.

კენზო, ხლოე, ჯონ გალიანო, იოჯი იამამოტო, გარეტ პუგი, ვიონეტი, ვივიენ ვეტვუდი, ვიქტორ და როლფი, ვალენტინო, ჯამბატისტა ვალი, სტელა მაკარტნი, სონია რაკელი, როჩას, ჰერმესი, ეიჩ ენდ ემ სტუდო, ჰაიდერ აკერმანი, ელი სააბი, სენტ ლორენი, აკრის, მიუ მიუ – ბრენდები, რომელთა გარეშეც პარიზის მოდის კვირეული არ და ვერ იქნებოდა თავის სიმაღლეზე.