ონლაინ-შოპინგი საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში მას შემდეგ, რაც შეიქმნა გადამზიდი კომპანიები, რომლებსაც მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ შეძენილი ნივთები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოაქვთ.

მე უკვე რამდენიმე წელია ვირტუალურ მაღაზიებს მივმართავ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის თუ ტექნიკის შესაძენად და ბოლო ერთი წლის მანძილზე მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას ვსტუმრობ მაღაზიებს თბილისში. რატომ? არსებობს მრავალი სანდო მაღაზია, რომელიც მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს საქართველოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ჩვენს ვებ-გვერდზე შოპინგ სვეტის თვალიერებისას, ფასები ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენლად მაღალიც მეჩვენება, ხოლო თუ რომელიმე მეგობარს საყიდლებზე გავყვები, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი მეთოდის უპირატესობაში.

ვაღიარებ, რომ ყოველთვის იმაზე მეტს ვყიდულობ, ვიდრე მჭირდება, თუმცა როცა ფასები ძალიან დაბალია, ხარისხი კი კარგი, ყოველ ხელფასზე თავს უფლებას ვაძლევ რაღაც ახალი შევმატო ჩემს გარდერობს და უკვე აღარც საკიდები მყოფნის, ჩემი კარადა კი დიდი ხანია შევავსე და მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რომელი ოთახი შემიძლია გადავაქციო უზარმაზარ გარდერობად.

დღეიდან ვიწყებთ ონლაინ შოპინგის და ონლაინ მაღაზიების შესახებ სხვადასხვა რჩევების და რეკომენდაციების გამოქვეყნებას.

Forever21.com

Forever21 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ონლაინ-მაღაზიაა.

უპირატესობები:

  • პროდუქციის შეძენისას საკმარისია ფლობდე თუნდაც ჩვეულებრივ სადებეტო ვიზა ბარათს
  • ფასები დაბალია
  • ყოველთვის არის ფასდაკლება გარკვეულ ნივთებზე
  • ზომების არჩევანი საკმაოდ დიდია (აქვს სპეციალური Plus-size განყოფილება, რომელიც ისე მომწონს, ხანდახან წონაში მომატება მინდება)
  • პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანია (ფასთან შედარებით)
  • მომხმარებლების შეფასებები მაქსიმალურად ამცირებს რისკს
  • მომხმარებლის მომსახურების სერვისი გამართულია
  • $50-ის ზევით შეკვეთის ამერიკულ მისამართზე მიტანა უფასოა და ამ პროცესს სულ რაღაც 3-5 დღე სჭირდება
  • პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა სტილის ადამიანს შეუძლია იპოვოს სასურველი ნივთი

ნაკლოვანებები:

  • პროდუქცია სწრაფად იყიდება, ამიტომ თუ რამე მოგეწონა, მაშინვე უნდა შეიძინო
  • ფეხსაცმლის არჩევანი არცთუ ისე დიდია

ამ ფოტოზე წარმოდგენილი ყველა ნივთი ფორევერ21-ზე $106.60 დაგიჯდება:

Screen Shot 2013-03-07 at 3.17.32 PM
კაბა- $20; ფეხსაცმელი – $35; ჩანთა – $25; სამაჯური – $7.80; ყელსაბამი – $13; სათვალე – $5.80

ამ ფოტოზე კი $130.80 ღირებულების პროდუქციაა წარმოდგენილი:

პიჯაკი - $33; შარვალი - $28; ფეხსაცმელი - $35; ჩანთა - $28; ყელსაბამი - $6.80
პიჯაკი – $33; შარვალი – $28; ფეხსაცმელი – $35; ჩანთა – $28; ყელსაბამი – $6.80

Amiclubwear.com

კიდევ ერთი ონლაინ მაღაზია, რომელსაც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად ვსტუმრობ, არის Amiclubwear. აქ ტანსაცმელი სხვა კატეგორიაზეა გათვლილი, კერძოდ, გოგონებზე, რომლებიც ხშირად დადიან კლუბში და სურთ გამოიყურებოდნენ სექსუალურად. ვებ-გვერდზე ფეხსაცმელების განსაკუთრებულად დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ონლაინ მაღაზიას საკმაოდ ბევრი უარყოფითი შეფასება აქვს, მაინც გავრისკე და მცირე შეკვეთა განვათავსე რამდენიმე თვის წინ. მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ პროდუქცია მაინც ჩამოვიდა და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, ცოტათი უკეთესიც კი. მას შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ ვისარგებლე Ami-თ და საკმაოდ კმაყოფილიც ვარ.

უპირატესობები:

  • მიიღება ჩვეულებრივი ვიზა ბარათიც
  • ფასები საკმაოდ დაბალია
  • ყოველთვის მიმდინარეობს ფასდაკლება
  • ფეხსაცმელების არჩევანი ძალიან ფართოა (შეუძლებელია რამდენიმე საათში ყველა ფეხსაცმელი დაათვალიერო)
  • $50-ის ზევით შეკვეთის ამერიკულ მისამართზე მიტანა უფასოა

ნაკლოვანებები:

  • ხშირად დაბალფასიანი პროდუქცია ძალიან უხარისხოა (ამიტომ საუკეთესო გამოსავალია შეარჩიო საშუალოფასიანი ფასდაკლებული პროდუქცია და ხარისხითაც კმაყოფილი დარჩები)
  • ვებ-გვერდის ახალი დიზაინის გამო ფეხსაცმლის ფოტოებზე პროპორციებია დარღვეული, ამიტომ აუცილებლად დაათვალიერე ყველა ფოტო და ყურადღება მიაქციე ქუსლის სიმაღლეს, რომელიც აღწერაშია მითითებული
  • მომხმარებლის მომსახურების სერვისი გაუმართავია – რამდენჯერმე ვცადე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, თუმცა ლოდინი იმდენად ხანგრძლივია, სჯობს, კომუნიკაცია მიმოწერით დაამყარო. პასუხს აგვიანებენ, თუმცა ყოველთვის, როცა პრობლემა მქონდა, მიმოწერის საშუალებით შევძელი გადამეჭრა.
  • არ მოქმედებს ფასდაკლების რამდენიმე კოდი ერთდროულად
  • ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირია

ამ ულამაზესი კაბების ფასი $14.99-ია:

14.99.2 14.99

თითოეული ფეხსაცმლის ფასია $24.99:

24.99.2 24.99.3 24.99

ამ ფეხსაცმელებს კი $29.99-ად შეიძენთ:

29.99.2 29.99

გამოსადეგი ინფორმაცია:

ონლაინ მაღაზიები დარეგისტრირებულ მომხმარებლებს პერიოდულად სთავაზობენ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს. თუ ახლახან ჩაერთე ონლაინ შოპინგში, მაინც გაქვს შანსი მიიღო უახლესი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია. ვებ-გვერდი Dealspl.us აქვეყნებს სხვადასხვა ონლაინ-მაღაზიის ფასდაკლების კოდებს. საჭიროა უბრალოდ მოძებნო სასურველი მაღაზია და საიტი მოგაწვდის ინფორმაციას ყველა მოქმედი ფასდაკლების შესახებ.

მსგავსი საიტია RetailMeNot.com-იც, რომლის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით.

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!