განწყობის ბეჭდები მოდაში 1970-იან წლებში შემოვიდა. ეს არის ბეჭედი, რომელში მოთავსებულია კრისტალი, რომელიც იცვლის ფერს. ფერის შეცვლა თხევადკრისტალური თერმომეტრის მეშვეობით ხდება. კვარცისგან გაკეთებული მინიკონტეინერი შევსებულია თხევადკრისტალური თერმოქრომული მასით, ან მხოლოდ თხელი ფენით, რომელიც სხეულის ტემპერატურის მიხედვით იცვლის ფერს. იმის მიხედვით, რა ფერისაა კრისტალი, შეიძლება ბეჭდის მფლობელის განწყობაზე ვილაპარაკოთ.

შავი, თეთრი და ნაცრისფერი

როგორც წესი, ბეჭედი, რომელსაც არ ატარებენ, შავია. იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი ხელზე ტარებისას გაშავდა, ითვლება, რომ ეს მფლობელის ძლიერ სტრესზე, გადაღლაზე ან ავადმყოფობაზე მიანიშნებს.

ნაცრისფერი ნიშნავს რომ ბეჭდის მფლობელი  სევდიანი, განერვიულებული, შეშინებული ან დაღლილია.

თეთრი ფერი დაბნეულობასთან, მოწყენილობასთან ან უხერხულობასთან ასოცირდება.

მწვანე

ყველაზე “ნატურალური” ფერია და იდეალურ, “ნორმალურ” ფერად ითვლება. ბეჭდის გამწვანება მიანიშნებს, რომ მფლობელი მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს.

მუქი მწვანე (ზურმუხტისფერი ან ჭაობისფერი) შეშფოთებასთან ასოცირდება, ღია მწვანე “ამბობს” რომ ადამიანი  ცნობისმოყვარე ტალღაზეა. მოლურჯო-მომწვანო ტონი  კი მოტივირებულ, ღრმად ჩაფიქრებულ ან/და საკუთარ ფიქრებში გართულ ადამიანთან ასოცირდება.

ლურჯი

განწყობის ბეჭდის გალურჯება ნიშნავს, რომ მისი მფლობელი მოდუნებულია, ბედნიერად და დასვენებულად გრძნობს თავს.

მუქი ლურჯი ტონები რომანტიკულ ან ვნებიან განწყობას ახასიათებს, იასამნისფერში გარდამავალი ან ინდიგოსფერი ლურჯი კი შინაგან ჰარმონიასთან, სიმშვიდესთან და კმაყოფილებასთან ასოცირდება. ღია ცისფერი ტონები ფლირტის განწყობაზე მიანიშნებს. კობალტიფერი ლურჯი ნიშნავს რომ ამ ბეჭდის მფლობელი გახსნილია ახალი ურთიერთობებისთვის.

წითელი და ნარინჯისფერი

მუქი წითელი ვნებას და სიყვარულს ნიშნავს. წითელის ღია ტონები “ამბობს”, რომ მფლობელი აფორიაქებული, შეშფოთებული ან გაბრაზებული შეიძლება იყოს, ან თავგადასავლების წყურვილი კლავდეს.

მუქი ნარინჯისფერი ტონები მიანიშნებს, რომ მფლობელს მოთმინება გამოელია, ნევროზული, შეწუხებული და აგრესიულიც კი შეიძლება იყოს.  მოყვითალო-ნარინჯისფერი იგივეს ნიშნავს, ოღონდ განცდის და ემოციის ინტენსივობა ამ დროს ურო დაბალია.

ყვითელი და ყავისფერი

ყვითელი ინტელექტუალურ პროცესებთან ასოცირებული ფერია და ყვითელი ბეჭდის მფლობელის ცნობისმოყვარე ან ფანტაზიებში გართულ ნატურას უსვამს ხაზს. კაშკაშა ყვითელი  ფერი ძირითადად გამოცდების, მეცადინეობის ან რაიმეს შექმნის დროს იჩენს ხოლმე თავს.

მუქი ყავისფერი შიშს, წუხილს, პრობლემებს ნიშნავს, მოყვითალო ფერი თუ დაკრავს, ეს იმას მიანიშნებს რომ მფლობელი ერთდროულად რამდენიმე ერთმანეთის საპირისპირო ემოციას განიცდის. თუ ყავისფერს ნაცრისფერიც შეერია, ეს უკვე არაპროგნოზირებად ხასიათზე მიანიშნებს

ვარდისფერი და იასამნისფერი

ვარდისფერი ფერის ბეჭედი, როგორც წესი, მიანიშნებს იმაზე, რომ ბეჭდის მფლობელი თავს მშვიდად გრძნობს. თუმცა ხასხასა ვარდისფერი (მაგალითად ფუქსია) მფლობელის სასიყვარულო და ბედნიერ განწყობაზე მიანიშნებს. ღია ვარდისფერი გაურკვევლობა და შიშია.

 მუქი იასამნისფერი რომანტიკულ, ვნებიან განწყობას ნიშნავს, მოწითალო იასამნისფერი კი შეფიქრიანებულ, გაბრაზებულ ან სასოწარკვეთილ ადამიანს ახასიათებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბეჭდების პოპულარობის პიკი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში იყო, ისინი დღესაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა მაღაზიაბში, მათ შორის ონლაინ.

მაგალითად, ეს საიტი მხოლოდ ამ ბეჭდების გაყიდვითაა დაკავებული.