Home Events

5-9 ნოემბერს თბილისი მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015ს მასპინძლობს. კვირეულის დევიზია “ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”.

წელს თბილისს კვირეულის ფარგლებში რამოდენიმე ცნობილი სახე სტუმრობს. უპირველესად უნდა აღინიშნოს სახელგანთქმული ბლოგერი ბრაიან ბოი, რომელიც “ნიუ-იორკ პოსტმა” მსოფლიოს 9 ინტერნეტვარსკვლავს შორის დაასახელა. ასევე  მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი ქალი, სტილისტი, ბლოგერი ნატალი ჯუსი და რუსული ვოგის რედაქტორი ალიონა დოლეცკაია. ქართველი დიზაინერების ნამუშევრების შესაფასებლად ჩამოდიან ბაიერები კევინ მაკდერმოტი და მაიკლ რუდოლფი.

“ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება  სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები,  აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა  და დიზაინერებზე  გაკეთდება.  გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის  საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” – ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი  სოფო ჭყონია.

მოდის კვირეულს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.   ჩვენების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი კოლექციები ”თბილისი მოლში” , სპეციალურად ამ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ Showroom-ში გადაინაცვლებს. კვირეულის მთავარი პარტნიორია Mersedes-Benz. ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად “თბილისი მოლის” Showroom-ში წარმოდგენილი იქნება  Mercedes-Benz-ის ახალი მოდელები.

კვირეულის პირველი დღე Avtandil-ის ჩვენებით გაიხსნა. წელს მისი კოლექციის მთავარი ფერი – ნაცრისფერი შეხამებული იყო ხასხასა ლურჯით და წითლით.  გამჭვირვალე, ზოლებიანი ბოლოები და ჭრელი, ეფექტური ტრენჩები მომავალი სეზონის გარდერობის აუცილებელ ელემენტად იქცევა.

ფოტო: Chokheli Photographer

 

შენ რას იტყვი?