ჩვენ ფეხდაფეხ შემოვყევით მადმუაზელს ოთახში, სადაც ტუალეტის მაგიდაზე, უზარმაზარი სარკეების წინ, სურნელოვანი ფლაკონებია მოთავსებული, Valentino-სა და Givenchy-ს, YSL-ის,  Dior-ის,Versace-სა თუ Chanel-ის.

მადმუაზელი 20-დან 30-მდე წლის არის, დახვეწილი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, განებივრებული, მაგრამ არა ექსცენტრული.

აქ ყოველი ფლაკონი სხვადასხვა სიტუაციისთვის არის განკუთვნილი, Chanel N 5-ს რეგულარულად იპკურებს, Versace-ს Bright Cristal-ს – პაემანზე, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი განკუთვნილია Coco Mademoiselle.

Coco Mademoiselle არ არის სუნამო ყოველდღიურობისთვის. მისი მძაფრი სურნელი გაქცევს ყველასთვის მიმზიდველად, მამაკაცები აუცილებლად შეჩერდებიან და ხარბ მზერას დაგადევნებენ.

Coco Mademoiselle ჰგავს ვნებიან საყვარელს, იშვიათად რომ უნდა მოიხმო.

იგი შეიქმნა 2001 წელს. ვარაუდობდნენ, რომ ეს სუნამო გააორმაგებდა Chanel-ის შემოსავალს. მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა, 2008 წელს Coco Mademoiselle იყო მესამე აშშ-ში ყველაზე გაყიდვად სუნამოთა სიაში, როდესაც Chanel N5-მა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

Coco Mademoiselle-ს ზედაპირული ნოტები მოგვაგონებს კალაბრიული ბერგამოტის, სიცილიური ფორთოხლისა და გრეიფუტის სურნელს. შუა ნოტები მაისის ვარდებისა და ჟასმინის არომატისაა, საბაზისო ნოტები კი  – ინდონეზიური პატჩულის, ჰაიტური ვეტივერის, ბურბონული ვანილისა და თეთრი მუშკის.

სუნამო განკუთვნილი იყო ახალგაზრდა ქალისთვის (არა გოგონასთვის), რომელიც კლასიკურია და რომანტიკული. თუმცა, Coco Mademoiselle-ს დაეუფლნენ  21 წლამდე გოგონებიცა და მოწიფული ქალბატონებიც. ისინი აღნიშნავენ: „განსხვავებით Miss Dior Cherie-სგან (ამ სუნამოზე წინა სტატიაში მოგითხრეთ), რომელიც მხოლოდ თინეიჯერი გოგონასია, Coco Mademoiselle შეგვიძლია ნებისმიერ ასაკში ვატაროთ“.

მოდის სახლის განცხადებით, Coco Mademoiselle ეს არის ექსტრაორდინალური ისტორია. ეს არის სურნელი, რომელშიც კოკო შანელი 21 წლის ასაკში გაეხვეოდა.