რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი სულაც არაა იმის საბაბი, რომ დიეტით და კვების შეზღუდვით  გავიფუჭოთ ხასიათი. ხანდახან უბრალოდ, ჩაცმულობაში რამდენიმე ახალი შტრიხიც საკმარისია. სულ ცოტა ფანტაზია,  ლამაზი პოზა და შედეგიც გარანტირებულია.

ითამაშე ფერებით


ჩაიცვი ფანქრის ფორმის შავი ქვედაბოლო და ღია ფერის ზედატანი, რომ განიერი თეძოები უფრო ვიწრო გამოჩნდეს. ან ფერები პირიქით შეცვალე, თუ თვლი რომ მკერდის დამალვა გინდა.

იყიდე ახალი ბიუსტჰალტერი


სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი მკერდს მაღლა აწევს, უფრო სწორად, კარგად დააფიქსირებს, ისე, რომ მანძილი მკერდს და წელს შორის მაქსიმალურად გაიზრდება და ტორსიც უფრო თხელი გამოჩნდება.

აირჩიე V-ფორმის საყელო

ასეთი საყელო ვიზუალურად აგრძელებს და ათხელებს ფიგურას. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ დეკოლტეს და ყელის კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.

ატარე სპეციალური მჭიდრო ბანდაჟი განსაკუთრებულ შემთხვევებში

ასეთი თეთრეული საერთოდ არ ჩანს ტანსაცმელში და შენც უფრო თავდაჯერებული ხდები. მაგალითად, SPANX-ის მაღალწელიანი შორტები ან კომბინიზონი, უფრო მეტი კომფორტისთვის.

გათავისუფლდი არასწორი სამოსისგან

გადაყარე ან გააჩუქე ტანსაცმელი, რომელიც დიდი გაქვს, უფორმო სვიტრები და მაისურები, სატინის მბზინავი კოფთები, ფეხსაცმელი, რომლის ყელიც შუა წვივზე მთავრდება. მოიშორე თავიდან ყველა ის აქსესუარი და ნივთი, რომელიც გგონია, რომ არ გიხდება, მაგრამ მაინც იცვამ პრინციპით: ტყუილად ხომ არ ეკიდება საკიდზე.

გააკეთე აქცენტი  წელზე

ახლა ქამრები მოდაშია. იყიდე რამდენიმე ფერად-ფერადი ქამარი და შეუხამე კაბებს, გრძელ სვიტრებს. ასე შენი სხეული უფრო ლამაზი და სექსუალური გამოჩნდება, აქცენტიც კილოგრამებზე კი არა, შენს ქალურ ფორმებზე გაკეთდება.

მეტი სიშიშვლე

ზედმეტი წონა არ ნიშნავს იმას, რომ საბურველში უნდა გაეხვიო და მაქსიმალურად დაიმალო. პიქირით, დაანახე ყველას შენი მადისაღმძვრელი მკერდი, ნაზი და კრიალა კანი.

შეარჩიე ჯინსი

არასწორად შერჩულ მოდელს და ზომას შეუძლია შენი სილუეტი სრულიად შეცვალოს, თანაც უარესისკენ. ჯინსი მთლიანად უნდა იმეორებდეს შენს ფორმებს, არ ქონდეს ნაოჭები ან იჩაჩებოდეს, მისი ჩაცმისას არ უნდა ჩნდებოდეს ე.წ. muffin top.  ცადე დაბალწელიანი ჯინსი და უფრო წელვადი ქსოვილის მოდელები. ან ერთი ზომით დიდი ჯინსი, წელვადი ქსოვილით, სადაც უფრო კომფორტულად იქნება შენი მუცელი და არც muffin top გექნება, რომელსაც უმეტესაც მუცელზე მოჭერილი ჯინსები იწვევს.

სწორი პოზა და სიარულის მანერა

სიარულის და დგომის მანერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმისათვის, რომ სწორი ხერხემალი და ლამაზი ზურგი გვქონდეს.  მაღლა აწეული ნიკაპი, გაშლილი მხრები, შეწეული მუცელი და სწორი ზურგი სიმაღლის ილუზიას ქმნის, მაღალი ადამიანი კი ყოველთვის იმაზე უფრო თხელი ჩანს, ვიდრე იგივე ზომების, მაგრამ დაბალი ადამიანი.

შეარჩიე სწორი პოზა

ფოტოკამერის წინ ხშირად არ იცი, ხელი და ფეხი სად წაიღო, ამ დროს თავი მაღლა აწიე და მხრებში გასწორდი, სხეული 3/4-ით შემოაბრუნე.  ეს პოზა უფრო ბუნებრივიცაა, შენც მაღალი და ტანწერწეტა გამოჩნდები. თუ შენი მკლავის სისქე არ მოგწონს, შეგიძლია წელზე დოინჯი გაიკეთო.