პატრიკ ზიუსკინდი, რომანში „სუნამო“, სურნელს სულთან აიგივებს. 1947 წელს კრისტიან დიორმა მის მიერ შემოსილი ქალისთვის სულის ძებნა დაიწყო. ასე შეიქმნა დიორის სახლის პირველი სუნამო Miss Dior.

კრისტიან დიორი ამბობდა, რომ ყველა კაბა ამ ფლაკონიდან იბადება.

მის დიორი წარმოადგენს არა უბრალოდ აქსესუარს, არამედ ქალის უკანასკნელ შტრიხს.

1947 წლის კოლექცია „New Look“-ზე თვალის გადავლებაც საკმარისია, დიორის ქალბატონის სულის ამოსაცნობად. ის ელეგანტურია, შარმიანი და იდუმალი, გამოცდილი და თავდაჯერებული.

Miss Dior შეიქმნა ეპოქაში, რომელიც გამოირჩეოდა გლამურის შიმშილით, ომის სისასტიკითა და მომავლის იმედით, ამიტომ მის დიორი ცხენზე ამხედრებულსა და სიგარეტის ნაზ კვამლში გახვეულს ჰგავდა.

სუნამოს ზედაპირულ ნოტს გარდენიის ყვავილის არომატი აქვს და სხეულს მხოლოდ 15 წუთი უნარჩუნდება; მეორე ნოტს, რომელიც სუნამოს ზედაპირული ნოტის აორთქლების შემდეგ 30-45 წუთი იგრძნობა,  აქვს გაცილებით მსუბუქი, ყვავილოვანი სურნელი; საბაზისო ნოტი კი სხეულზე სანდალოზის ხის არომატს ტოვებს.

1992 წელს დიორმა სუნამოს რედიზაინი გააკეთა, 2005 წელს კი ჯონ გალიანომ (იმ პერიოდში დიორის სახლის მთავარმა დიზაინერმა) გამოუშვა სურნელცვლილი Miss Dior Cherie.

Cherie-ს აქვს მანდარინის ყვავილის, მარწყვის ფოთოლის, ჟასმინის, იის, კარამელის, მუშკისა და პაჩულის არომატი. გალიანოს განცხადებით, Cherie არ წარმოადგენს Miss Dior-ის რედიზაინს, ის შეიქმნა თანამედროვე გოგონას სამყაროს გამოსახატად.

Miss Dior Cherie გაცილებით ლაღი და, შეიძლება ითქვას, ქარაფშუტა Pink გოგონაა, თუმცა ელეგანტური, სასურველი და იდუმალი.  Cherie-ის სურნელი ზამთარში შეყვარებულის ნაჩუქარი კაშნესავით შემოგეხვევა და გაზაფხულის საღამოებს მოგაგონებს.

Diorissimo, Christian! დღეს მე სრულყოფილი ვარ.