როდესაც დავინახავდი ლამაზ საქმიან ქალს სათვალით გულში გამკრავდა: მეც მინდა, ნეტავ მეც ვატარებდე სათვალეს? ყველა ნატვრა ისე ამიხდეს, როგორც ეს სულელური ფიქრები სათვალესთან დაკავშირებით. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ იმ სამარშრუტო ტაქსში ვზივარ, რომლის მიმართულებასაც ჩემი სახლის მისამართთან საერთო არაფერი აქვს.

მიზეზი? მიზეზი მარტივია ნომრები ამერია ერთმანეთში .ესეც პირველი სიგნალი  იმის მისახვედრად, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა ყურადღება არ მივაქციე, სანამ სერიოზულ პრობლემად არ მექცა: ქუჩაში ადამიანებს ვერ ვცნობდი (შორიდან), ხოლო ტელევიზორში ტიტრების გასარჩევად თვალების სერიოზული დაძაბვა მჭირდებოდა. ადამიანთან პირისპირ საუბრის დროს კი თვალების ჭუტვა სასაცილო ჩვევად გადამექცა.

ამ ყველაფრის მერე ექიმთან არ მისვლა ნამდვილად უგუნურება იქნებოდა, კაბინეტიდან კი სათვალის რეცეპტით ხელ დამშვენებული გამოვედი. დიაგნოზი – ასტიგმატიზმი. ანუ სათვალის არჩევანშიც ვიზღუდები. ყველა ჩარჩოში არ ჯდება ჩემთვის საჭირო მინები.

ამ დღის შემდეგ დაიწყო ოპტიკურ მაღაზიებში სიარული, თითო მაღაზიაში მინიმუმ ათი სათვალის მოსინჯვა. ვისაც გამოუცდია, ეცოდინება, რომ ნამდვილად არ არის იოლი საქმე სათვალის მორგება. პირიქით ძალიან მომაბეზრებელი და დამთრგუნავი პროცესია. თუმცა, რადგან გჭირდება აუცილებლად უნდა ატარო, რათა თავიდან აიცილო პროცესის განვითარება და დაავადების გამწვავება.

ასე რომ, რახან მეტი გზა არ მქონდა, დიდი მოთმინებით აღვიჭურვე და ჩემი სარგო, მოხდენილი და მოდური სათვალის ძებნა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო და ნერვები (თანხაც) შევალიე, ახლა სათვალეებით უფრო მოხდენლად გამოვიყურები, ვიდრე უსათვალოდ.

ასე რომ თქვენ ყველას, ვისაც მხედველობის პრობლემა გაქვთ! არ გადადოთ შეიძინეთ ლამაზი და მოდური სათვალე. ის არასოდს არ შეგიქმნით დისკომფორტს. მთავარია, სწორად აარჩიოთ და მოდურ აქსესუარად აქციოთ (და არა თქვენი სახის დამამახინჯებელ ნაწილად).

ფოტოებზე ნატალი გიორგაძე