2011 წლის 30 ოქტომბერს ვაშინგტონში საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა. სამშობლოს, ქართულ ცეკვა-სიმღერას და კერძებს მონატრებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა არაჩვეულებრივი საღამო გაეტარებინა თანამემამულეებთან და საქართველოს მოყვარულ, დანათესავებულ უცხოელებთან ერთად.

მონატრებას რომ თავი დავანებოთ, ეს ღონისძიება კეთილ საქმეს ემსახურებოდა – გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ვაშინგტონში არსებულ  წმინდა თამარის ეკლესიის აღორძინება-განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ეს უკვე რიგით მეორე ფესტივალია ვაშინგტონში და სასიხარულოა, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

ქართულ შეკრებაზე როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი ხალხი მოვიდა. უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენებური შეკრება ნამდვილად გამოირჩევა ვაშინგტონში გამართულ სხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებს შორის, სადაც მე ვყოფილვარ. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს უმრავლესობა სადად არის ჩაცმული: ჯინსი და მაისური ამერიკაში ყველაზე საყვარელი ჩასაცმელია, ან უკეთეს შემთხვევაში,  სამსახურიდან გამოსულ, უინტერესო შარვალსა და ზედაში გამოწყობილ ქალბატონებს შეხვდებით.

ქართულ ღონისძიებაზე იგრძნობოდა ჩვენი ქალბატონების სილამაზე, სიკოხტავე, თავის მოვლის და სამოსის მოხდენის სიყვარული.

მე მოხალისეების რიგებში ვიყავი გაწევრიანებული,  სტუმრების დარეგისტრირება და ბილეთების გაყიდვა მქონდა დავალებული. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ვიყავი, მაინც მოვახერხე  სურათების გადაღება. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი იყვნენ ჩაცმულები ქართველი ქალბატონები  ქართულ ღონისძიებაზე ვაშინგტონში.

მოხერხებულად, მაგრამ გემოვნებიანად ჩაცმული ნინჩო. პრინტით გაფორმებული ყელიანი, ნაქსოვი ზედები და ჟაკეტები ამ შემოდგომაზე ძალიან მოდაშია.

ნინჩო და ასევე თამილაც სუვენირების სტენდს ხელმძღვანელობდნენ. თამილას თეთრის და შავის შეხამება ძალიან ეფექტური და მოდურია.

სოფო ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. მის შავ კაბას კრემისფერი სარჩული ეკვროდა ქვემოდან და კრემისფერი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტ ქალურობას, სინაზეს და დახვეწილობას მატებდა მთლიან გარეგნობას.

ნონას არჩევანი  ჯინსები გახლდათ, მაგრამ სწორად შერჩეული დეტალები და ფერები ჩაცმულობას მოდურს, თვალშისაცემს ხდის, სულ სხვა განწყობა იქმნება.  წელს ყველაფერი ფერადი, განსაკუთრებით ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი, ძალიან მოდაშია.

ნინოს ჩექმები, ლეგინგსი, თეთრი ზედა და ბეწვიანი მოსასხამი ერთობლიობაში ახალგაზრდულ, ჰაეროვან სტილს ჰქმნის. დამეთანხმებით რომ ნინოს ბეწვიანი ზედა ნამდვილად  თქვენი წლევანდელი შემოდგომის გარდერობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

წლევანდელი ზაფხული ყვავილებიანი პრინტით იყო გამორჩეული. ვარდისფერი-ყავისფერის, კაბა-ჩექმების კომბინაცა ძალიან ეფექტურია და ნუნუს შემოდგომის ეს  ჩაცმულობა “must-have”  გახლავთ.