ზაფხულის გასვლასთან ერთად ფერადი ტანისამოსი აქტუალურობას კარგავს და ზაფხულში ასე პოპულარული ფერადი ლაქებიც არააქტუალური ხდება.

2013 წლის შემოდგომა ზამთრის სეზონი არ გამოირჩევა ფერების სიმრავლით. ძალიან აქტუალურია შავი, მეტალიკი და მუქი შინდისფერი, რაც დომინირებს წამყვანი ბრენდების (OPI, Esse, Butter) კოლექციებში.

ასევე მოდურია 3D შტრიხები. სხვადასხვა ფერის კრისტალები ერთი ტონალობის ლაქზე, რაც აქტიურად შეინიშნებოდა ლონდონის ბოლო მოდის კვირეულზე.

მოკლე შავი კაბის (LBD) მსგავსად შავი ფერის ლაქი და შავი შტრიხები ყოველთვის აქტუალურია. შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შავი წერტილები გამოიყენა ოსკარ დე ლა რენტამ.

ოქრო ყველაზე ძვირფასი მეტალია, მაგრამ ამ სეზონზე ოქროსფერი ლაქი არ შეინიშნება არცერთ კოლექციაში. უფრო აქტუალურია მეტალიკი, ვერცხლისფერი ღია და მუქ ტონალობაში, მაგრამ არა ბრჭყვიალა შტრიხებით. ასევე სხვა მუქი ფერები მეტალისებრი ელვარებით.

მიუხედავად წითელი ფერის პოპულარობისა და მომხიბვლელობისა, ის ამ სეზონზე მუქმა შინდისფერმა ჩაანაცვლა. აქტუალურია შინდისფერი როგორც გლუვი, ასევე მეტალიკის შტრიხებით.

და ბოლოს, მისი აღმატებულება შავი ფერის ლაქი. პრაქტიკული და მდიდრული, როგორც გლუვი, ისევე პრიალა ეფექტით.

რაც შეეხება ფრჩხილის ფორმას, ამ სეზონზე მოდურია მოკლე, ბუნებრივი ფორმის ფრჩხილები, ყოველგვარი წამახული კუთხეების გარეშე.