18 წლის ლიბანელი ბიჭი, რომელმაც 1982 წელს სამკერვალო ფაბრიკა დაარსა ბეირუთში ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ქალისთვის სასურველი დიზაინერი გახდებოდა.

ელი სააბი იყო პირველი არაიტალიელი დიზაინერი, რომელიც იტალიის მოდის აკადემიის (Camera Nazionale della Moda) წევრი გახდა 1997 წელს.

პარიზის, მილანის, ლონდონის მოდის კვირეულები მისი კოლექციების გარეშე წარმოუდგენელია. მისი ნატიფი, ქალური სამოსი ყოველთვის ყურადღებას და ინტერესს იპყრობს.

20 – 23 იანვარს გამართულ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, Elie Saab-ის ჩვენებამ უსაზღვრო ინტერესი, მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია.

თავად დიზაინერი ამბობს, რომ ამ კოლექციის იდეა მეცხრამეტე საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის – სერ ლოურენს ალმა-ტადემას ნამუშევრების ნახვის შემდეგ გაუჩნდა. მსგავსება მართლაც თვალნათელია. ნახატების უმრავლესობას ფონად ხმელთაშუა ზღვის პეიზაჟი აქვს, ხოლო პოდიუმი ზღვისფერ, უნაზეს ფერში იყო განათებული.

უნაზესი პასტელური ფერები: ატმისფერი, ლიმნისფერი, თეთრი, წითელი, ცისფერი, იისფერი და შავი. თავად ფერების ჩამოთვლა სრულყოფილ წარმოდგენას ვერ შეგიქმნის კოლექციაზე. ეს უნდა ნახო, უნდა დატკბე.

დახვეწილობის და სინაზის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ის ბუნებრივი მასალაა, რომელსაც ელი სააბი იყენებს: ბუნებრივი აბრეშუმი და შიფონი გაწყობილი კრისტალების და ყვავილების პრინტით; აყვავებული ვარდები, ლილიები, ყაყაჩოები – ხშირად გვხვდება დიზაინერის სამოსში.

თავდაპირველად, სააბის მოდელი, რომლისთვისაც სამოსს ქმნიდა, მისი და იყო. საკუთარ ატელიეში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რომელმაც მისი დიზაინით შექმნილი რამდენიმე კაბა შეიძინა.

წარმოუდგენელია წითელი ხალიჩა ან ცნობილი ადამიანების ქორწილები Elie Saab-ის ულამაზესი კაბების გარეშე.

ჩვენ მიერ შემოთავზებული Elie Saab გაზაფხული 2014-ის კოლექციიდან რომელიმე კაბას უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ წითელ ხალიჩაზე.

რომელ კაბას ისურვებდი შენს გარდერობში?