“მე არ ვარ მხოლოდ დიზაინერი, მე მაქვს ბიზნესმენის ხედვაც” – განაცხადა ერთხელ ლიბანელმა დიზაინერმა ელი სააბმა. მართლაც, მოდის სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავის ყოველი ახალი სამოსი დაუყოვნებლივ ხდება მაღალი მოდის უნიკალური ნიმუში.

მიდასი თუ შეხებისთანავე ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ელი სააბის მიერ შექმნილი თითოეული კაბა ბრწყინვალე და ულამაზესია. ყოველი ახალი კოლექცია კი წინაზე უკეთესი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დამტკიცდა პარიზში მიმდინარე მაღალი მოდის კვირეულზე.

ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, წითელი, შავი და ამ ფერებს შორის გარდამავალი ტონები. ელი სააბმა არც ამჯერად უღალატა თავის ხელწერას და უნაზესი ფერის სამოსი შემოგვთავაზა. ტრადიციულად ფერადი მარგალიტებით გაფორმებული.

გრძელი ან მუხლამდე სიგრძის საღამოს და კოქტეილის კაბები, რომლებიც წინა კოლექციების მსგავსად გაფორმებული იყო წვრილი ფერადი ქამრებით და სამკუთხედი ღრმა დეკოლტეებით.

შიფონი და აბრეშუმი, რომელსაც ელი სააბი თავისი კოლექციების შესაქმნელად იყენებს, უნიკალურია და სპეციალურად მისთვის მზადდება.

მოდის სამყაროში 30 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 50 წლის ლიბანელი დიზაინერი შეუდარებლად ინარჩუნებს ყველა ასაკის და პროფესიის ქალის საყვარელი დიზაინერის ტიტულს.