“ერთხელ სიცილიაში” (Once Upon a Time in Sicily) – ასე უწოდეს იტალიელმა დიზაინერებმა სტეფანო დოლჩე და დომინიკო გაბანამ თავიანთ ახალ კოლექციას, რომლის ჩვენებაც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მიუხედავად კოლექციის სახელწოდებისა, მასში წარმოდგენილი სამოსი ინსპირირებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებით, მოტივებით, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ნაცნობი და საყვარელია: წითელქუდა, ჯადოსნური გასაღები, ნორმანდების ჩაცმულობის სტილი და ზღაპრულად გაფორმებული პოდიუმი შუასაუკუნეების ზღაპრებში გვახვედრებს.

ჩვენებას ზღაპრულ იერს სძენდა ტყის მცენარეების დეკორაციები და კლასიკური მუსიკა.

სამოსში გამოყენებული ყვავილების და ტყის ცხოველების გამოსახულებები სიჭარბის მიუხედავად, კოლექციის მთავარი მახასიათებელი იყო ჯადოსნური გასაღები – ნივთი, რომელიც ყველა საიდუმლო კარს აღებს ზღაპრებში, ხოლო იტალიელი დიზაინერები სტეფანო და დომენიკო ამ გასაღებით უმაღლესი მოდის კარს გვიღებენ.

სამოსი შექმნილია ყველა ასაკის ქალისთვის. ის იდეალურად შეესაბამება როგორ სკოლის გამოსაშვებ საღამოს, ისე ელიტარულ წვეულებას.

მოკლე მანტოებთან და პონჩოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო შიფონის ულამაზესი და ნაზი ფრიალა კაბებიც ყვავილების პრინტით.

ტრადიციულად ჩვენება მსგავ სამოსში გამოწყობილი რამდენიმე ათეული მოდელის პოდიუმზე ერთდროულად გამოსვლით დასრულდა. Dolce & Gabbana-ს ამ კოლექციამ მილანის მოდის კვირეულზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.