რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ქართველი დიზაინერი David Koma ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი, ფრანგული ბრენდის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა.

Thierry Mugler 1973 წელს დაარსდა და მას მერე მოდის მოყვარულთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ეს ბრენდი Thierry Mugler-მა დააარსა და მას 2010 წლამდე მართავდა. Thierry Mugler აქტიურად ქმნიდა კოსტუმებს ფილმების, თეატრების და მიუზიკლებისთვის. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაბა, რომელიც ყველასათვის კარგადაა ცნობილი, დემი მურისთვის შეიქმნა – ულამაზესი, საღამოს შავი კაბა ფილმისთვის “Indecent Proposal”, 1993. ამ ბრენდის კაბები ჰოლივუდის თითქმის ყველა ქალბატონს ამშვენებს. Thierry Mugler ქალისა და მამაკაცის სამოსს ქმნის და ასევე პარფიუმერულ ხაზს აწარმოებს. 2010 წელს Thierry Mugler-ის კრეატიულ დირექტორად  Nicolla Formichetti დაინიშნა.

David Koma ყველასათვის ცნობილია, როგორც მოდის ინდუსტრიის გამორჩეული დიზაინერი. ის  ლონდონის მოდის კვირეულის ყველა სეზონზე  აქტიურად იღებს მონაწილეობას David Koma-ს ბრენდის სახელით.

David Koma ულტრა-სხეულის კონტურის სილუეტის სინონიმია. სხვადასხვა გრაფიკები, მორთულობა… მისი თითოეული კოსტუმი ქალური ფორმებითაა შთაგონებული. კომას სამოსი Thierry Mugler  და Geoffrey Neene ინსპირაციით იქმნება. მისი კაბებით თავს იწონებენ კინოსა და მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: მადონა, ბიონსე, რიანა, ლედი გაგა, კაილი მინოუგი, მეგან ფოქსი, ჯენიფერ ლორენსი, შერილ კოული და მრავალი სხვა. 2011 წელს მადონამ ბრენდის კოლექცია მთლიანად შეიძინა. რამდენიმე კვირის წინ David Koma-ს ულამაზესი კაბით წითელ ხალიჩაზე მირანდა კერი იწონებდა თავს.

კომას მაღაზიებს შეხვდებით: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ჰონგ კონგში, ტაილანდში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, თურქეთში, ქუვეითში, რუსეთსა და უკრაინაში. David Koma-ს ბრენდი ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 25 მაღაზიას აერთიანებს. კომა კომპანიას მეუღლესთან ერთად მართავს. მისი მეუღლე, ალექსანდრა (საშა) წარმოშობით რუსია.

Pink.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი წარმატებებს უსურვებს David Koma-ს ახალ საქმიანობაში და თითოეულ მის ნაბიჯს, სიახლეს, კოლექციას და სარეკლამო კამპანიას დეტალურად გაგაცნობთ.