Home სიახლეები

Chanel Shopping Centre (შანელის სავაჭრო ცენტრი) – წარწერა შანელის შემოდგომის კოლექციის მოსაწვევზე.

გრან პალასის პავილიონში შესვლისას სუპერმარკეტის სასურსათო განყოფილების ლაბირინთში ვხვდებით. მოცისფრო-რუხ უნიფორმაში ჩაცმული დამხმარე პერსონალი სტუმრებს მუყაოს შესაფუთი ყუთის ფორმის პუფებისკენ მიუძღვის. აკურატულად დალაგებულ თაროებზე ხუთასამდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი “გაშანელებული” სახელწოდებებით. მაგალითად, სიმინდის ბურბუშელა Coco Flakes, სპაგეტი N29, რეზინის ხელთათმანები SoChic, ხელსახოცები Les Chagris de Gabrielle.

ჩვენება ლაგერფელდის ამჟამინდელმა ფავორიტმა მოდელმა კარა დელევინმა გახსნა. მას ვარდისფერ-ნახვრეტებიანი ტრიკოტაჟის ტოპი და შარვალი, ბოტასები და  შანელის საფირმო ბუკლეს პალტო ეცვა. კარას სხვა მოდელები მოჰყვნენ ბუკლესავე მოცულობიან ჟაკეტებსა და ბოლოებში, ნაქსოვ ზედა-ქვედაში, როგორც ფართო, ასევე წელში გამოყანილი პალტოებით.

შემდეგ პოდიუმზე ხასხასა ფერის, ფართო, ფერადსარჩულიანი პალტოები და ჭრელი კაბები  გამოჩნდა. მათ კორსეტჩადგმული პალტოები და მეტალისფერი მოსაცმელები მოყვა. მოდელებს  ფეხზე მაღალყელიანი ბოტასები ეცვათ, ხოლო ხელში დიდი ზომის ჩანთები, ან  კლატჩებით სავსე საყიდლების კალათა ეჭირათ.


შანელის ყველა ჩვენებაში აქსესუარებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ახალ კოლექციაში გამორჩეულია უზარმაზარი გულსაკიდი კლიტეები, მარგალიტის მძივებიანი ყელსაბამები, ნაჭრისჩარჩოიანი სათვალეები. თმის ვარცხნილობა დრედებს მოგვაგონებს, ხოლო პატარა ზომის ჩანთები ბოსტნეულის მსგავსად ცელოფნებშია ვაკუუმირებული.


სანამ მოდელების ერთი ნაწილი კოლექციის ჩვენებით იყო დაკავებული, დანარჩენი ყურადღებით ათვალიერებდა პროდუქტებს. ჩვენების დასრულებისას სტუმრებმაც ვერ შეიკავეს თავი, ანა დელე რუსო სასმელების დახლს მიეპარა, ხოლო საყიდლების გორგოლაჭებიან კალათში მოკალთებულ კარა დელევინს რიანა დაასეირნებდა სურსათის რიგებს შორის.

შენ რას იტყვი?