აციებასა და ზამთრის დადგომასთან ერთად გარდერობიდან ყველამ სვიტერები, ჟაკეტები, პალტოები და სხვა მსგავსი ნივთები გადმოვიღეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ისეთ კარგ მდგომარეობაში აღარ არიან, როგორიც გვახსოვს, რომ დავტოვეთ.

ყველაზე ძვირადღირებულ და ხარისხიან სამოსსაც შესაძლოა გლუვი ზედაპირი ხაოიანად ექცეს ისე, რომ, ცოტაც და ხელსაწმენდებად გამოვიყენებთ.

წელს ერთ-ერთ საიტზე მოვკარი თვალი გამოსავალს და ვცადე.

ჰოი საოცრებავ, ამართლებს, ისე, როგორც სხვა არაფერი!

როგორც სურათიდან მიხვდით, საუბარია ჩვეულებრივი, იაფფასიანი საპარსის გამოყენებაზე. ის შენს საყვარელ ნივთებს ახალ სიცოცხლეს შესძენს!

ფრთხილად: ეს საქმიანობა იწვევს მიჩვევას. :)

აიღე ძველი ჯემპრი, მაისური (ნებისმიერი ნივთი, რაც აბურძგლულია – შესაძლებელია ავეჯის ზოგიერთი ნაწილის დამუშავებაც). ყურადღება მიაქციე, რომ საპარსი იყოს ახალი, “ჩლუნგი” არ გამოგადგება.

როგორ მოვაცილო ბურძგლი?

მოათავსე ექსპერიმენტის ობიექტი ბრტყელ ზედაპირზე და ერთი ხელით მყარად დააფიქსირე. მეორე ხელით კი დაუსვი საპარსის ბასრი პირი და მოაცილე ბურძგლი.

ჩემს შემთხვევაში, ყველაზე კარგად სწრაფმა და მოკლე ჩამოსმებმა გაამართლა, მაგრამ სიფრთხილე გმართებს, რათა ქსოვილში არ გაჩნდეს ნახვრეტები (უნებლიედ ზედმეტი არ მოგივიდეს).

დააკვირდი მეორე სურათს. ნაჭერი არამხოლოდ უკეთ გამოიყურება, არამედ, უფრო ნაზიც გახდა.

აი, ბავშვების სათამაშო ხალიჩა. მხოლოდ ერთ მხარესაა “გაპარსული”. კიდევ მცირე დრო და თავდაპირველ იერს დაიბრუნებს.

კიდევ ერთი იდეა: სათამაშოებსაც დაუარე და გაახარე შენი პატარები. პირადად მე ამ წამს მეგობრის ნაჩუქარი ტენისის ბურთი ამომიტივტივდა თავში, რომელიც, აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა, სხვენზე მიგდია მხოლოდ იმიტომ, რომ დაიძუნძგლა და თვალს ლამაზად აღარ ხვდებოდა.

ეჰ, რამდენიმე საყვარელი ნივთი მახსენდება, რომელიც აღნიშნული მიზეზით გადავაგდე. რამდენი მათგანის გადარჩენა შეიძლებოდა, ეს რომ ადრე მცოდნოდა?!

განახლება:

ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება ქსოვილის სპეციალური ელექტრო საპარსები, მაგალითად აქ: Amazon.com

ჩვენმა მკითხველებმა კი შეგვატყობინეს, რომ მსგავსი ელექტრო მოწყობილობა თბილისის ტექსნიკის მაღაზიებშიც მოიპოვება.