ქალის გარდერობის ამ აუცილებელ ატრიბუტს, რომლის ფართო არჩევანია დღეს ფორმების, ზომების, ფერების მიხედვით, განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე სახით და სახელით სულ რაღაც ერთი საუკუნეა რაც არსებობს.

ლიფის წინაპრების გამოსახულება ჯერ კიდევ ძველი რომის მოზაიკებზეა ნანახი, ეს არის უბრალო ნაჭერი, რომელსაც მკერდზე იკრავდნენ ქალები.

ლიფის წინაპარი უძველეს მოზაიკაზე

ლიფის წინაპარს შუასაუკუნეებში წარმოადგენდა კორსეტი, რომელსაც რკინის ან ხის ჩონჩხი ჰქონდა, მისი ტარება სავალდებულო იყო წარჩინებული ქალბატონებისათვის, ის ხშირად გულის წასვლასაც იწვევდა, რადგან კორსეტი წამების იარაღს ჰგავდა: იყო მჭიდრო და მაგარი, ესპანური კორსეტი მთლიანად ლითონისგან მზადდებოდა და ქალის სხეულში იზრდებოდა, შედეგად მაღალი საზოგადოების ერთი წვეულება ხანგრძლივი მკურნალობის მიზეზი ხდებოდა, მაგრამ ეს მოდის მოთხოვნა იყო.

ესპანური კორსეტი

მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19-ს დასაწყისში კორსეტი ტუნიკამ ჩაანაცვლა, ეს იყო მკერდის ქვეშ მჭიდროდ შემორტყმული ნაჭრის აქსესუარი, რომლის ტარება კორსეტზე მეტად ზოგავდა ქალის სხეულს, თუმცა რამდენიმე ათწლეულში კორსეტი დაბრუნდა.

ტუნიკი

მე-19 საუკუნეში მას ლითონის, ცხენის ძუის ან ვეშაპის ძვლის ჩონჩხი ჰქონდა. ამ პერიოდში კორსეტი ექიმებისა და მოდის კანონმდებლების დავის საგანი გახდა და რადგან აშკარა იყო მისი მავნებლობა, დიზაინერებს პოზიციების დათმობა მოუხდათ.

1903 წელს ქალმა ექიმმა გოშ სარომ პარიზის სამედიცინო აკადემიას სიახლე შესთავაზა: მან შუაზე გაყო კორსეტი, მისი ზედა ნაწილი მკერდს იჭერდა, ქვედა_მუცელს და ის უფრო კომფორტული სატარებელი იყო, ვიდრე მანამდე არსებული კორსეტები.

ორად გაყოფილი კორსეტი, გოშ სარო 1903წ.

1907 წელს ჟურნალ ვოგში გამოქვეყნდა პირველი „თანამედროვე“ ბიუსტჰალტერის ფოტოები, დასახელებით brassière ამერიკელებმა შემოკლეს მისი სახელი და bra უწოდეს. თუმცა ჯერ კიდევ 1889 წელს მდიდარმა ფრანგმა ქალბატონმა, თავდაჯერებულმა ფემინისტმა ერმინი კადოლმა პარიზში, მსოფლიო მასშტაბის გამოფენაზე წარმოადგინა მისი შემოქმედება, ლიფი, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავდა 1907-ში ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოს. ეს იყო ორი ბამბის „ფინჯანი“, ბრეტელებით და შუაზე გაყოფილი_ნამდვილი გადატრიალება მაშინდელ მოდაში.

პირველი ლიფი ჟურნალ ვოგში, 1907წ.

ბიუსტჰალტერის წარმოების პირველი პატენტი გაცემულ იქნა 1914 წელს_მდიდარმა ნიუ იორკელმა ქალბატონმა, მერი ფელპს ჯეიკობსმა დაარეგისტრირა მისი მარკა Caresse Crosby და კომპანია Warner -ს დაუთმო 1500 დოლარად: ეს იყო ლიფი ჩონჩხის გარეშე.

მერი ფელპსის გამოგონება, 1914წ.

1917 წელს სემხედრო ინდუსტრიამ ამერიკელ ქალებს მოუწოდა, რომ ხმარებიდან ამოეღოთ ისეთი ლიფები, რომელთაც ლითონის დეტალები ექნებოდათ, საბოლოოდ ამან დაზოგა 28 ათასი ტონა ლითონი, რომელიც საომარი იარაღის წარმოებაში იქნა გამოყენებული.

1920-იანი წლებიდან მოდაში მკერდის დამაპატარავებელი ბიუსტჰალტერები შემოდის, მოდაშია ბიჭური სტილი, მოკლედ შეჭრილი თმა და მამაკაცური სილუეტი.

1930-იან წლებში იდა როზენტალმა თავის ქმართან ერთად დააარსა კოპრორაცია Maidenform რომელმაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბიუსტჰალტერების წარმოებით ძალიან დიდი მოგება ნახა.

Maidenform

1938 წელს ნეილონის გამოგონებამ წარმოებაში ნატურალური ქსოვილები სინთეტიკურით ჩაანაცვლა.

1950-იანი წლებიდან მოდაშია ქალური სილუეტი, დიდი მკერდი და შემოდის ლიფები სქელი ღრუბლით, რომელიც დიდი მკერდის იმიტაციას ქმნის.

50იანებში დიდი მკერდი ისევ მოდაშია

1960-იან წლებში ფემინისტთა გააქტიურებას ლიფების „გენოციდი“ მოჰყვა, მათ კოცონზეც კი წვავდენ საჯაროდ. მაგრამ მან  ამ პერიოდს გაუძლო და მალე კვლავ აქტუალური გახდა.

1994 წელს შემოდის Wonderbra, ყველანაირი ზომისა და ფორმის მკერდის მქონე ქალთა ნამდვილი ოცნება.

wonderbra

ასეთი ისტორია ჰქონდა ქალთა საყვარელ აქსესუარს დღემდე და ის არ დასრულებულა, ისტორია გრძელდება.