ჩანთა ქალისთვის მნიშვნელოვანი აქსესუარი რომ არის, ამაში უთუოდ დამეთანხმები. ლამაზი, მოდური და კარგი ხარისხის ჩანთა კი ნებისმიერი ქალის ოცნებაა.

ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის და ლონდონის მოდის კვირეულებზე დიზაინერებმა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში არაერთი საინტერესო დიზაინის, ლამაზი და სასურველი ჩანთა წარმოადგინეს.

გთავაზობთ ჩანთებს რამდენიმე დიზაინერის კოლექციიდან:

Bottega Veneta

ელეგანტური, დახვეწილი, მდიდრული ოთხკუთხა ფორმის ჩანთები. კლაჩები გაფორმებული იყო ფერადი ქვებით. სისადავე და უნიკალურობა დიზაინერ თომას მაიერის ხელწერაა.

Chanel

კარლ ლაგერფელდის მიერ შექმნილი ჩანთები და ზოგადად შანელის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ძალიან წააგავდა ხელოვნების ფაკულტეტის თინეიჯერი გოგონების სტილს.

ფერადი ზერგჩანთები და პატარა ოთხკუთხედი ფორმის გვერდზე გადასაკიდი ჩანთები, ჯაჭვით გაფორმებული სალტეებით. მარგალიტებით გაწყობილი შანელის ლოგოიანი პატარა ჩანთა კი ნებისმიერი ქალისთვის სასურველია.

Chloé

დიზაინერი როგორც ყოველთვის, ნაზი და ქალური, ოქროსფერი მეტალის დეტალებით და ჯაჭვით გაფორმებული ჩანთებით გამოირჩევა. მასიურად დიდი ან მცირე ფორმის ჩანთებს საერთო მახასიათებელი – გრძელი სახელურები ჰქონდა.

Christian Dior

რაფ სიმონსმა, დიორის სახლის წამყვანმა დიზაინერმა, არ დაარღვია წინა კოლექციების სტილი და კვლავ შემოგვთავაზა მოკლე სახელურიანი, ოთხკუთხედი, ფერადი ჩანთები დიორის ლოგოთი.

DKNY

“ეს იყო DKNY-ის  და ზოგად ნიუ-იორკის დღესასწაული”. განაცხადა დონა კარანმა თავისი სამოდელო სახლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენების შემდეგ.

კოლექცია გამოირჩეოდა სპორტული, ყოველდღიური სტილის ჩანთებით. შანელის მსგავსად ამ კოლექციაშიც ვხვდებით ზურგჩანთებს.

Giorgio Armani

ლურჯ-იისფერი ოცნება. პატარა ზომის, ნაზი, პასტელური ფერის ჩანთები.

Gucci

“ამ კოლექციის მთავარი მახასიათებელი შტრიხი არის ის, თუ რამდენად შესაფერისია ეს სამოსი და აქსესუარები ღამის კლუბისთვის.” განაცხადა დიზაინერმა ფრიდა ჯანინიმ.

მხარზე გადასაკიდი დიდი ზომის, წვრილი, ფერადი დეტალებით გაწყობილი ჩანთები მართლაც თავისუფალი, ახალგაზრდა, მოდური ქალებისთვისაა შექმნილი.

Michael Kors

დიზაინერმა ტრადიციულად რომანტიკული სტილი აირჩია. კოლექციაში გვხვდება დიდი ზომის, ძირითადად მდოგვისფერი და ყავისფერი ჩანთები. როგორც თავად მაიკლ კორსმა განაცხადა, კოლექციის შექმნა 70-იანების სტილმა შთააგონა.

გაეცანი ზემოთ წარმოდგენილ ტენდენციებს და შეარჩიე შენთვის მისაღები აუცილებელი აქსესუარი მომავალი წლის სეზონებისთვის.